მუხრან მაჭავარიანი – გავიარეთ არგვეთი

December 7, 2014 § Leave a comment

გავიარეთ არგვეთი.
გავიარეთ გორისა.
– ჰაუ, ჰაუს! – ძახილი –
გაბრუნება ქორისა.
გავიარეთ არგვეთი.
გავიარეთ გორისა.

გაფრენილი მწყერივით
მიდიოდა შარაგზა.
მე ვამბობდი გზადაგზა
სულხან – საბას არაკსა.
გაფრენილი მწყერივით
მიდიოდა შარაგზა.

Muxran Machavariani – Gaviaret Argveti
მუხრან მაჭავარიანი – გავიარეთ არგვეთი

მუხრან მაჭავარიანი – ნეტა იმ დღეს

December 7, 2014 § Leave a comment

– ამ ორ-სამ დღეში
თბილისიდან ჩამოვა მამა! –
ვწვები, –
მამიდა მისწორებს საბანს…

– ამ ორ-სამ დღეში
თბილისიდან ჩამოვა მამა!
რას ჩამომიტანს?! –
ყველაფერს, ალბათ!

ეჰ!
ნეტა, იმ დღეს…
მაშინ ყველა ცოცხალი იყო! –
მამიდაც,
მამაც…

Muxran Machavariani – Neta Im Dges
მუხრან მაჭავარიანი – ნეტა იმ დღეს

მუხრან მაჭავარიანი – მაგონდება სიყმაწვილე

December 7, 2014 § Leave a comment

მაგონდება სიყმაწვილე, –
ტკბილი, როგორც გოლეული.

კორბოული, ბორიული,
კაცი – ღვინომორეული.

ღამეული მატარებლის
დაკივლება შორეული.

ჩვენი დიდი კაკლის ჩერო, –
პაპაჩემი, – ცხონებული…

მაგონდება სიყმაწვილე, –
ტკბილი, როგორც გოლეული…

Muxran Machavariani – Magondeba Siymawvile
მუხრან მაჭავარიანი – მაგონდება სიყმაწვილე

მუხრან მაჭავარიანი – მამიდა

December 7, 2014 § Leave a comment

კაკლის ჩეროში –
მახლობლად ღობის –
ნაფოტები რომ დაყრილა შეშის –
დგას
ქვის მაგიდა.
მაგიდაზეა პატარა გობი.
გობზე
ფრიალია თეფშებით ხელში
(ეს ხდება ხოლმე ივლისის თვეში) –
პარკილობის კეპავს მამიდა.

ჩვენს აივანზე
ღამე რომ ქრება –
მზე რომ ამოვა –
დილა რომ დგება –
ტყიდან რომ მოდის მეზობლის გოგო –
მამიდა ვაშლის ჩეროში ჯდება
(არ მახსენდება, ეს როდის ხდება)
და არჩევს ხოლმე სოკოს.

თუ გაწყრა ღმერთი
და ჩვენი ყანა
მოაკალოვა მეზობლის ღორმა
(რაც არა ერთხელ ხდება),
მამიდა ვინმეს დაზოგავს განა?
ფილთაქვასავით იფეთქებს ხოლმე,
„მიწას აყრის“ და
„მარხავს“ მთელ სოფელს
(განსაკუთრებით ახლო მეზობლებს),
მაგრამ არავინ კვდება.

Muxran Machavariani – Mamida
მუხრან მაჭავარიანი – მამიდა

მუხრან მაჭავარიანი – წისქვილის ღამე

December 7, 2014 § Leave a comment

სიბნელეს ებრძვის პატარა ჭრაქი.
ჭრაქით ებრძვის ღამეს ყვინჩილა.
აყუდებია ბუხარს ნაჯახი
და იმჭვარტლება ღორის ვიჩინა.

ტკბილად ღუღუნებს წისქვილი ღელის,
ღელეს ტირიფი შრიალით ბანს აძლევს.
გადმოკიდულან ღრუბლები თხელი,
ვითარცა სარეცხი სარეცხის ბაწარზე.

მთვარე ყარაულობს ურემს დერეფანში.
დოლაბს არ გადურჩა სიმინდი გაკვნეტა.
– წიქარამ ჩალის კონით ამოიძღო ფაშვი, –
რაღა აბღავლებს იმ სამგლეს ნეტა?!

ცაცხვებიდან გამოჩანს თეთრი საყდარი;
არ ჰგავს საფლავის ქვა წისქვილის ქვას –
არც მოყვანილობით, არც ბრუნვის სისწრაფით;
მაინც, ეს სიმინდს ფქვავს,
ის ადამიანს ფქვავს.

სიბნელეს ებრძვის პატარა ჭრაქი.
ჭრაქივით ებრძვის ღამეს ყვინჩილა.
აყუდებია ბუხარს ნაჯახი
და იმჭვარტლება ღორის ვიჩინა.

Muxran Machavariani – Wisqvilis Game
მუხრან მაჭავარიანი – წისქვილის ღამე

მუხრან მაჭავარიანი – მინადორა

December 7, 2014 § Leave a comment

ქალი ტრიალებს დერეფანში
თავსაფრიანი…
თვეა ღვინობის –
დათვლილია ფოთლის დღეები…
ქარი
თანდათან ახლოვდება
შრიალ – შრიალით –
უკანასკნელად შრიალებენ
ალვის ხეები.

მზეს
ქუდის მოხდით ეთხოვება
ჭასთან გვირილა,
გაუსაპნავი
მიჭრიალებს გზაზე ურემი…
ჭიათურაში –
როგორც შავნი ზვირთნი ყვირილის –
ქალის ფეხებთან
ირევიან ინდაურები.

ინდაურების დაპურებას
დასჭირდა წუთი,
მერე
სასრაფოდ გადივანა
ქალმა ხელები…
კაბა ჩაიცვა საგარეო,
წაისვა პუდრი…
და
იღლიაში ამოიდო
ფეხსაცმელები.

მან ბილიკ-ბილიკ
ფეხშიშველა იარა დიდხანს…
გაჩერდა –
უკან გაიხედა –
არავინ ჩანდა! –
ჩამოჯდა –
ხელით გაიცილა ფეხებზე თიხა –
და
ფეხსაცმელი
მხოლოდ ახლა ჩაიცვა, რადგან
იქვე,
მახლობლად,
უკვე ჩანდა
სახლი მასპინძლის…

Muxran Machavariani – Minadora
მუხრან მაჭავარიანი – მინადორა

მუხრან მაჭავარიანი – "ვიცი: შენ, ალბათ, ახლა მჭადის ცხობაში ხარ და…"

November 15, 2014 § Leave a comment

ვიცი: შენ, ალბათ, ახლა მჭადის ცხობაში ხარ და
გესმის წყვეტილი ყმული მგლის, ზუზუნი ქართა.
ძვლებამდე ჰყინავს,- არის ზამთრის ღამე ქათქათა.
კრუტუნებს ცეცხლთან წამომჯდარი მცივანა კატა
და ოხრავს,
ოხრავს
შეჭირხლული ვერხვი ჭიშკართან.

ნედლი საკეცით უტრიალებ მხურვალე კეცებს.
საკეცე ხელში გიჭირავს და საკეცეს ეძებ.

ღონდები, რადგან თქვა ვიღაცა დროულმა გლეხმა:-
მოსალოდნელი არიო ლეღმა!

მთელი ქალაქი მისცემია აქ ჩემს ძაგებას,
გამაბოროტეს, როგორც სოფლის მთვარე ძაღლებმა.

შენც ყოველ თვეში გიზიდავენ მარღნი ცხელ ჭორებს,
თითქოს მე, შენი ვაჟიშვილი, უზომოდ ვლოთობ…
არ დამიღონდე,- ყოველივეს გამოვასწორებ,-
ვინც ვეტრფი ქვეყნად
მზეს წითელსა
და მწვანე ფოთოლს.

Muxran Machavariani – Vici: Shen, Albat, Axla Mchadis Cxobashi Xar Da
მუხრან მაჭავარიანი – ვიცი: შენ, ალბათ, ახლა მჭადის ცხოვაში ხარ და

მუხრან მაჭავარიანი – არა!

November 15, 2014 § Leave a comment

ტყუილა კი არ ატყორცნილან ამხელა ხენი!
თავ-პირს ტყუილა კი არ იმტვრევს ქვებზე ყვირილა!
ანდა, საწნახელს უტკბილესი ქვიშხურის წვენი.
ტყუილა კი არ წასკდომია სისხლად ცხვირიდან!

არა!
მე ამან საუკუნოდ აღმაფრთოვანა…
არგვეთის სივრცემ ჩამაწურა სულში ფირუზი…
გული სოფლიდან წამოვიღე სწორუპოვარი
და ძმაკაცივით გადავკოცნე დილა თბილისის.

არა!
ტყუილა არ ჰყიოდა მამალი თურმე!
ვაშლებში თურმე თენდებოდა ტყუილა როდი!
ჭრიალ-ჭრიალიც არ გაჰქონდა ტყუილა ურმებს!
არც ყვირილაზე ქანაობდა ტყუილა ბონდი!

არა!
მე ამან საუკუნოდ აღმაფრთოვანა…
არგვეთის სივრცემ ჩამაწურა სულში ფირუზი…
გული სოფლიდან წამოვიღე სწორუპოვარი
და ძმაკაცივით გადავკოცნე დილა თბილისის.

Muxran Machavariani – Ara!
მუხრან მაჭავარიანი – არა!

მუხრან მაჭავარიანი – სიხარული

November 15, 2014 § Leave a comment

დილის ცვარი ქალაკოდას
შერჩენია ქარვასავით.
სიმინდების გასაფარსად
მოშრიალებს ქარ-ვარსამი.

ჩინებულად შეუნახავს
მოკურდღლავე ყანა გლედიჩს,
ქარქვეტებში გარბის ქარი
ულვაშების წინაგლეჯით…

სიხარულმა აღმიტაცა,
მომანდომა თამაშობა,
სიხარულმა გამაბრუა
და ეს ლექსიც ამან შობა…

ზღვას გავაპობ, როგორც მოსე,
არ მჭირდება მისი კვერთხი,
მარგალიტი ჰყრია მოლზე, –
ზღვის არა ჰგავს, მე შენ გეტყვი?!

ჩუ! მაცვალმა სიმინდისამ
დაიძახა უცებ: – ჭიტა!
დაიძახა და ამოძვრა
მოყვითალო ფუჩეჩიდან…

სიხარულმა აღმიტაცა,
მომანდომა თამაშობა,
სიხარულმა გამაბრუა
და ეს ლექსიც ამან შობა!

Muxran Machavariani – Sixaruli
მუხრან მაჭავარიანი – სიხარული

მუხრან მაჭავარიანი – ნაცნობი მთვარე

November 15, 2014 § Leave a comment

იგი სახლიდან გამოდის ახლა.
ამხანაგები უცდიან გარეთ.
კვლავინდებურად ელვარებს მაღლა
დედაქალაქის ქათქათა მთვარე.

სიცოცხლით სავსე გუგუნებს ქუჩა.
გოგონას სახეს უმშვენებს კდემა.
ტურფად უბრწყინავს თვალები ლურჯი,
მოდის ტრამვაი – ნომერი – 5.
ადის ტრამვაის კიბეზე მარდად.
ისწორებს ხელით ქათიბის კალთას
და
ფანჯარასთან ჯდება.

ტრამვაი მიდის…
განიერ გზაზე
ერთმანეთს სცვლიან ჭადრები, ხალხი.
მარტოდენ მთვარე,
თეთრონი მთვარე –
მისდევს ტრამვაი უცვლელი სახით.

ქუჩაში სუფევს დუმილი ხეთა.

. . . . . . . . . .

ყველაფერი ამას სოფლიდან ვხედავ.

. . . . . . . . . .

გულს ახალისებს ჰაერი სოფლის.
დგას საწნახელში ჭაბუკი ერთი.
შუბლზე წვეთები ასხედან ოფლის, –
ძალუმად სუნთქავს პიტალო მკერდით.

გაწითლებია მტრედივით წვივნი.
თმის წამდაუწუმ ისწორებს ხელით.
მარანს თანდათან ერევა ძილი, –
წითელი ტკბილით ივსება ქვევრი.

გარეთ ფერები დაღვრიან კირის.
სივრცეში თეთრად მოძრაობს მთვარე.
იპირებიან ქვევრები ტკბილით, –
ხუჭავს მარანი მეწამულ თვალებს.

კომშის ტოტებზე ქათმები სხედან.

. . . . . . . . . .

ორთავეს გვხედავს მთვარე კეთილი –
რძის დიდი წვეთი,
თეთრი წერტილი,
და აგონდებ:
ვარაზის ხევთან
შარშან
მე და შენ
რომ გვნახა ერთად.

Muxran Machavariani – Nacnobi Mtvare
მუხრან მაჭავარიანი – ნაცნობი მთვარე

Where Am I?

You are currently browsing the მუხრან მაჭავარიანი category at leqsebi.