ვასილ გულეური – ვის რა აჩუქა თოვლის პაპამ

November 11, 2012 § Leave a comment

ზეიმია უღრან ტყეში,
ცეკვავენ და მღერიან –
შეიკრიბნენ ცხოველები,
თოვლის პაპას ელიან.

ნაძვი მორთეს, ათასფერად
ციმციმებს და ანათებს.
ნაძვის ძირში ალაგებენ
საახალწლო ბარათებს.

უხარიათ ხეზე ჩიტებს,
სოროში კი თაგუნებს:
– მალე მოვა თოვლის პაპა
და ჩვენც რამეს გვარგუნებს.

სწორედ მაშინ, ტყის საათმა
თორმეტჯერ რომ ჩამოჰკრა,
ატყდა ერთი ჟრიამული,
რა გგონიათ, რა მოხდა?

რისი სანტა, რა კლაუსი,
წამოვიდა თოვლი და
თეთრი წვერით, შავი ნაბდით
თოვლის პაპა მოვიდა.

მის გარშემო შეიკრიბა
ყველა, ტყეში ვინც არის.
ვის რა ერგო საჩუქარი,
აბა, გამოიცანით!

დათუნიას – განა თაფლი?
მისცა ჭრელი ბალიში.
მაინც სძინავს მთელ ზამთარს და
თათის ლოკვას არ იშლის.

მგელს აჩუქა რადიოლა,
– დამიფასებ ამაგსო,
ღამღამობით რომ ყმუიხარ,
მოუსმინე ამასო.

ჩამოაცვა გრძელ ყურებზე
კურდღელს დიდი სათვალე
– ბაჭიები არ დაკარგო,
გაიკეთე, დათვალე!

კალათბურთის სათამაშოდ
ჟირაფს ერგო ბურთი და
ზღარბს – ძაფები ათასფერი,
ჯადოსნური ყუთიდან.

წიგნი მისცა ზღაპრებისა
მელაკუდა-მელიას
– წაიკითხე არაკები,
შენ თუ გამოგელია.

ლომს აჩუქა მაკრატელი,
– არ გამიწყრე ამაზე,
მეფე ხარ და დაგჭირდება,
ფაფარს გაილამაზებ.

სარკე მისცა მაიმუნს და
ტურას – დიდი საყვირი,
სავარცხელი – ოფოფს, ზებრას _
ზოლიანი აღვირი.

სპილოს აძლევს კბილის ჯაგრისს
– დაიხეხე ეშვები!
ჩიტებს – ლამაზ პარაშუტებს
– ძირს ამით დაეშვებით!

საჩუქარი ჭრელ ხურჯინში
ყველასათვის აღმოჩნდა.
მერე ისევ ჩაყო ხელი,
მგონი, რაღაც გამორჩა…

ჰო, ახალ წელს, გაგონილა,
ტკბილეული არ იყოს?
რა თქმა უნდა, კანფეტებიც
უნდა ჩამოარიგოს.

მთელი ღამე ლხინი ჰქონდათ
უღრანი ტყის ბინადართ…
მაგრამ დილით, თოვლის პაპა
ისევ გაუჩინარდა..

Vasil guleuri – vis ra achuqa tovlis papam

ლელა ცუცქირიძე – წერილი თოვლის ბაბუას

November 11, 2012 § Leave a comment

ჩემო თოვლის ბაბუა,
მენატრები ძალიან,
გავიგე, რომ ბავშვებთან
გულით მოგიხარია.

ისიც ვიცი, ხურჯინი
საჩუქრებით სავსე გაქვს,
ალბათ როგორ დაგღალა
მძიმე ტვირთის ტარებამ!

ჰოდა, თოვლის ბაბუა,
იცი, მე რას ვნატრულობ?
საახალწლოდ ეგ სავსე
ხურჯინი რომ მაჩუქო!

Lela cucqiridze – werili tovlis babuas

ვასილ გულეური – ციკოს თოვლის პაპა

November 11, 2012 § Leave a comment

ახლა წლამდე ცოტა დარჩა,
მოადგება აგერ, მთებს.
მუხის ძირას ციყვი ციკო
თოვლის პაპას აკეთებს.

 მოაგროვა სამი გუნდა,
არ დასჭირდა წვალება.
ორ ცალ კერკეტ კაკალს უდებს
თოვლის პაპას თვალებად.

ტანზე კოხტად ჩაურიგა
ყავისფერი ღილები.
განა მართლა ღილებია –
გაკროლილი თხილები.

სტაფილო აქვს ცხვირის ნაცვლად –
ციკო მართლა არ ხუმრობს.
მხოლოდ ქუდი ვერ იშოვა,
თავზე რომ დაახუროს.

 ფუღუროსკენ გაეშურა,
იქნებ, რამე მოძებნოს…
თოვლის პაპა მარტო დარჩა
და თავისთვის ოცნებობს:

 “მალე ქუდსაც დავიხურავ,
ხელში ჯოხსაც დავიჭერ.
სულ პირველი მე გავიგებ
ახალი წლის ნაბიჯებს!..”

 უცებ, მართლა ნაბიჯების
ხმა მოისმა შორიდან.
გაუკვირდა თოვლის პაპას –
ნუთუ, უკვე მოვიდა?

 მაგრამ, არა, ახალი წლის
ნაბიჯები როდია,
ეს კურდღელი ამბაკო და
თაგვი თენგო მოდიან.

დაინახეს თოვლის პაპა…
რა გგონიათ, რა მოხდა?
ცოტა ხანში, როცა ციკო
ხიდან დაბლა ჩამოხტა,

 იქ რაც დახვდა, დამშვიდებით
აბა, როგორ უცქიროს –
თოვლის პაპა უღილებოდ,
უთვალებოდ, უცხვიროდ!

Vasil guleuri – cikos tovlis papa

ვასილ გულეური – საახალწლო სიზმარი

November 11, 2012 § Leave a comment

ახალი წლის ღამეა
და სასწაულს ველი,
მალე დაჰკრავს თორმეტჯერ –
მიდის წელი ძველი.

ნაძვის ხესთან ვზივარ და
არ ჩამთვლიმოს, ვცდილობ.
თოვლის პაპას რომ დავხვდე,
არ მსურს, დავიძინო.

გარეთ ცივა, სახლში კი
საამურად თბილა…
ჰოდა, შუაღამემდე
ჩამეძინა ტკბილად.

თოვლის პაპა მესიზმრა
და სიზმარი ახდა –
როცა გამომეღვიძა,
საჩუქრები დამხვდა.

ასე ჩუმად რად მოდის
თოვლის პაპა, ნეტავ?
შუაღამეს რად უცდის,
დღე რატომ ვერ ვხედავ?

ნატვრადა მაქვს ქცეული
თოვლის პაპის ნახვა…
კიდევ ერთ წელს მის მოსვლას
სად ვუცადო ახლა?..

Vasil guleuri – saaxalwlo sizmari

ვასილ გულეური – თოვლის შვილიშვილი

November 11, 2012 § Leave a comment

გაუჭირდა თოვლის პაპას,
ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს.

დავბერდიო, – ასე ამბობს, –
მხნედ ვიყავი შარშან ამ დროს!

საჩუქრების დიდი გუდა
ძლივს ასწია, შველა უნდა.

შუბლზე ცვარი მოიწმინდა:
– თოვლის შვილიშვილი მინდა!
Vasil guleuri – tovlis shvilishvili

Where Am I?

You are currently browsing the საახალწლო ლექსები category at leqsebi.