რეზო გეთიაშვილი – დასასრული

September 14, 2014 § Leave a comment

მორჩა მეგობარო, უკვე ყველაფერი მორჩა,

ესეც საქართველო, შენი სიკვდილი და სიცოცხლე
და ღვთის გულისათვის ნუღარ დამამადლი ორ ჩაფ
ღვინოს, დავთვრები და მინდა არაფერი ვიცოდე
ამ ჩვენს სამშობლოზე, მორჩა მეგობარო, ესეც
სრული აბსურდია, ფერი გადასულა დამღაზე,
გახსოვს, – გიკითხავდი ხშირად აფხაზეთზე ლექსებს,
მაგრამ რა აზრი აქვს ლექსში დაბრუნებულ აფხაზეთს? –
როცა თამაშია, როცა ტყუილია, როცა 
ცხოვრობ ქვეყანაში სადაც მძიმე ბედი გარგუნეს,
გახსოვს, მუხლმოყრილი ხშირად ვკითხულობდით ლოცვებს,
დღეს კი ჩვევაა და მხოლოდ ინსტინქტია – ფსალმუნი.
ხედავ სტრიქონებსაც როგორ გაუვიდა ყავლი,
მუხტი, ამბიცია, სისხლი, სიკვდილისფრად შეფერილს,
ვეღარ მოაბრუნებ წარსულს ტიტრებივით ჩავლილს,
აღარც ურდოა და არსად აღარ ჩანან მეფენი
და ღვთის გულისათვის ნუღარ დამამადლი ორ ჩაფ
ღვინოს, დავთვერი და ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცოდით,
მორჩა მეგობარო, უკვე ყველაფერი მორჩა,
ესეც საქართველო, მისი სიკვდილით და სიცოცხლით!…
Rezo Getiashvili – Dasasruli
რეზო გეთიაშვილი – დასასრული

რეზო გეთიაშვილი – ზამთრის დივერსია

November 11, 2013 § Leave a comment

სხივებმა ფოთლების ბოლო ნაპულსარი
ნისლებს შეაწმინდეს, სქელსა და მიწიანს,
მოკვდე შეიძლება, მზე ისე შორს არის
და სველი ხეები სველ ხელებს იწვდიან

ქალაქში, მთებიდან, როგორც დივერსია,
ეწყობა ნისლები, აქ, როგორც სარჩევში,
სიკვდილის მოძებნა უმარტივესია
(ბევრიც რომ ეცადო, მაინც გადარჩები).

ლონდონში ნისლები უფრო სქელ-სქელია,
ვენაში გავუშვი ყველა თადარიგი
და ფლამინგოები სანგრებს შესცქერიან,
ეს კი საშველია, შენი ბადალი კი

არ არის, არ არის, არ არის, არ არის
და კიდევ არ არის, დილავ, საზიზღარო,
რადგან სამარიდან ასე მისავალი,
სუსხი ჩემს ოთახში უნდა ასისხამო.

ჩვენ კი, საქართველო, ერთმანეთს ყოველთვის
ასე ვექცეოდით, რადგან მოგვისაჯეს
სქელი ჯაჭვების და ტანჯვის ეგზოტიკა,
ჯვრების ეგზოტიკა კიდევ ზოგისათვის.

ახლა სისრულეში მოდის განაჩენი,
რამდენ სისაძაგლეს კიდევ შევეგუეთ,
ბევრიც რომ ვეცადოთ, მაინც გადავრჩებით,
ზამთრის პროლოგია ახლა შენებური

და შენს სიბნელეში სველი ხეებიდან
სიკვდილის დანახვა უმარტივესია
და სქელი ნისლები, ცუდი დღეებივით,
ეწყობა ზედიზედ, როგორც დივერსია.

Rezo Getiashvili – Zamtris Diversia

რეზო გეთიაშვილი – თერაპია

June 21, 2013 § Leave a comment

ბაღში გავიარე, მინდოდა საღამო
მომეწყო თავისთვის, დღეს, როგორც ქავილი
მოჭრილი ხელიდან, სიმშვიდე ვიგრძენი
და ფოთლებგამოცვლილ ბაღში გავიარე, ვიფიქრე,
ხეების მშობლიურ ენაში ძველ კურსებს გავივილი…
ფერფლი მაცვიოდა,
უფრო მშობლიური მეჩვენა სამი ხე
გვერდიგვერდ, ხეების ინტერნაციონალს
ვუსმენდი, არ იყო თუნდაც წამიერი
სიმშვიდე, ჩვეულმა ფიქრებმა წამიღეს.
ბოლოს დასასრული ჰპოვა ამ ფიქრებში
ერთმა დღემ, როდესაც მე, როგორც ქავილი
მოჭრილი ხელიდან, სიმშვიდე ვიგრძენი
და უღვთოდ გამოცვლილ ბაღში გავიარე,
ალბათ, იმ უცნაურ გრძნობას რომ გაევლო.

Rezo Getiashvili – Terapia

რეზო გეთიაშვილი – მეკუბოვე

June 21, 2013 § Leave a comment

ვენახი ვნახე და ვთქვი და დავწერე,
ზუსტად ის ვენახი, მე რომ ვნახე,
რაც კი შევისრუტე და ტანზე შემაშრა, დავწერე.
ვნახე, რომ სამყარო წვენით სავსეა და
იმ ერთი ნანახის მევენახემ
ვიფიქრე, კარგია და წვენით სავსეა.

ხანდახან გქონდა სიჩუმის მწველი ხმა,
ყველა სხვასიტყვა რომ შეასახლეს,
მერე სიჩუმესაც ვუპოვე ის შენი მწველი ხმა.
ვნახე, რომ ჩემი სამყაროს წვენი ხარ და
მე კი ამ ყველაფრის მეარაფრე,
ვიფიქრე, კარგია, შენ მისი წვენი ხარ.

საკუთარ თავს ვუვლი გარშემო, წლებია,
მაგრამ მისასვლელი ვერ ვუპოვე,
ათასუცნობიანს, უცნაურს, ათასათმცნებიანს.
სიტყვები უკვე ზედიზედ ჭკნებიან და
ყველა იმ ნანახის მეკუბოვე
ვფიქრობ რომ ასეა, სიტყვებიც ჭკნებიან.

Rezo Getiashvili – Mekubove

Where Am I?

You are currently browsing the რეზო გეთიაშვილი category at leqsebi.