ჯანსულ ჩარკვიანი – ხომალდი

October 26, 2014 § Leave a comment

ამხელა წყალში,
ამხელა წყალში,
როგორ გაბედე,
თეთრო ხომალდო…
დაგეჯახება გრიგალი,
დაგშლის,
გრიგალი დაგშლის
და გამოგაგდებს…
ტალღაზე უფრო მაინც იჩქარე,
რომ არ ჩაგძიროს თეთრმა ქარებმა…
უნდა გაგაქროს,
უნდა მიგჩქმალოს,
მოდის გრიგალი და გეზმანება.

Jansul Charkviani – Xomaldi
ჯანსულ ჩარკვიანი – ხომალდი

ჯანსულ ჩარკვიანი – ვაჟას ხმა

October 26, 2014 § Leave a comment

რას იღრინები, სამყაროვ,
რა ელვა შემომიქნიე,
რად მეუბნები, სხვა ხარო, –
რა უკრძალებლად მირქინე.

წყაროსთან ნუკრი დამიჭერ,
თავს დამანგრიე ტაძარი.
ზურგში ხანჯალი გამირჭე,
სახლს გამიჩინე ხანძარი.

დგას დედაბოძი ნაფუძარს,
ისე, ვით ჯვარი საფლავზე
წუთისოფელმა ჩაჰფურცლა,
რაც ჩემში ჩამოაფასე

დოქები სისხლით ამივსე,
ენა წამგლიჯე მართლისა,
დამკარ, დამსეტყვე, დამნისლე,
ჭირი მაჭირვე ქართვლისა.

წინაპრის ცრემლი მაწვიმე,
შთამომავლობა მატკინე,
ერთბაშად კი არ გამწირე –
სულს გამყარე და დამტკვირე.

მაინც შენით ვარ აქამდი,
შენი სიმკაცრით ხელთვქმნილვარ,
ქვა დამეც, უფრო გავქვავდი,
უფრო ვიქეცი ბეთქილად.

თვალი დამთხარე, უთვალო
ვაჟას ხმა მესმა ბებრული: –
ნუ დამამშვიდებ, უფალო,
მამყოფე შეწუხებული.

Jansul Charkviani – Vajas Xma
ჯანსულ ჩარკვიანი – ვაჟას ხმა

ჯანსულ ჩარკვიანი – შეხვედრა გაზაფხულის მგოსანთან

October 26, 2014 § Leave a comment

კორჩიოტებს ხისძირი
მოუჩუქურთმებიათ,
ბალახები სიცილით
მზის სხივებზე თბებიან.

გაზაფხულის ტიტინით
აყვავილდა ბუნება,
ხიდან ხეზე ჩიტივით
მიფრინ-მიიხტუნება.

ნაკადული რაკრაკით
შროშანობს და სოსანობს,
გამარჯობათ, აკაკი,
გაზაფხულის მგოსანო.

Jansul Charkviani – Shexvedra Gazafxulis Mgosantan
ჯანსულ ჩარკვიანი – შეხვედრა გაზაფხულის მგოსანთან

ჯანსულ ჩარკვიანი – მე

October 26, 2014 § Leave a comment

სინგურისფერი დაჰკრავს
მზისგან დალეწილ სახეს,
რწევით ვუმღერი სამკალს –
ქართველის შნოს და სახელს.

ჰა, შემომხედე, ვინ მგავს –
წესით, კანონით, რიგით,
მე რომ სხეულში მიდგას,
ღმერთის სისხლია იგი.

სუყველა მიცნობს კაცად
ყველგან, იქაც და აქაც,
მე კი, ხელების ნაცვლად
მტევნებით ვუხმობ ძმაკაცს.


ჩემი სიმღერა მკაცრი
მიეფიცხება მზის გულს,
მე ვარ ვენახი – კაცი,
მე ღმერთის სისხლი მიდუღს.

მივალ, ცხოვრების გზაწვრილს
მივყვები ფხიზელ-მთვრალი,
როგორც შეშვენის ყმაწვილს –
თარი თარალოო, თარიი…

Jansul Charkviani – Me
ჯანსულ ჩარკვიანი – მე

ჯანსულ ჩარკვიანი – პოეტი

October 26, 2014 § Leave a comment

გესმის?! ყივილი
სისხლისფერი –
დაჭრილ მამლისა,
ჩაჩეხილ ხევში
გელოდება
ხროვა ძაღლების,
მაგრამ, მგოსანო,
მჯდომარე ხარ
მარჯვნივ მამისა,
და ვიცი, ზეცით
რომ ამაღლდები.

Jansul Charkviani – Poeti
ჯანსულ ჩარკვიანი – პოეტი

ჯანსულ ჩარკვიანი – გაუგებრობა

October 8, 2014 § Leave a comment

შენ რომ გგონია ზეცის ბოდვები,
ის ქარი მთისკენ ანაქროლია,
შენს ბედისწერას ვერ გაშორდები,
არცა თქვა, ბედი არა მქონია.

დიდი იმედის ნუ გაქვს იმედი,
უდავოდ ენდე, თუ ის გენდობა,
გწამდეს იმედის, თუნდაც მცირედის,
მკრეხელობაა უიმედობაც.

გაოგნებული მიმზერ ვით ხარი,
ვაჰ თუ გგონივარ ღმერთი გამრიგე,
ხომ ვერ გაიგე, რაც მე გითხარი,
და შენ გგონია,
რომ მე გავიგე?

Jansul Charkviani – Gaugebroba
ჯანსულ ჩარკვიანი – გაუგებრობა 

ჯანსულ ჩარკვიანი – ლამაზი სიკვდილი

June 8, 2013 § Leave a comment

როცა დაიწყებს წყარო საუბარს,
მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,
შემოასკდება როცა ალუბალს
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.

როცა კვირტები აფეთქდებიან,
როცა სიმღერას იტყვი სასურველს,
როცა ირმები დაფეთდებიან,
მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს.

როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,
როცა მიწაზე მზე და დარი დგას,
ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს
და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.

როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის
საგვირილოდ და საენძელოდა,
ირემი ირემს ბალახს გაუწვდის
და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.

როცა ძეწნები ატირდებიან
და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,
შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,
ავტირდები და ავხარხარდები.

მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,
აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,
გავდიადდები, გავსულდიდდები
და ავენთები მამულს კელაპტრად.

დავდგები ცერზე, როგორც ავაზა,
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,
მერე მოვკვდები ისე ლამაზად,
ვით დაიბადა ეს ყველაფერი.

Jansul Charkviani – Lamazi Sikvdili

ჯანსულ ჩარკვიანი – თოვლი

May 16, 2013 § Leave a comment

თოვლი მოსულა,
თოვლი მოსულა,
ქათქათა, შენი თეთრი მკერდივით…
მე, უსასრულო სივრცის მოსურნე-
ვარ მაღალ მთებში გამოკეტილი.
და მაღლდებიან მთები ზეცამდე
და მზისკენ იწევს სვეტი სიცივის,
გარეთ სიჩუმე დგას უეცარი
და თოვლზე ხტუნავს შენი სიცილი.

მშვიდობით, ჩემო ლურჯო სიზმარო,
ნახვამდის, ჩემო თეთრო გვირილავ,
მთელი სიცოცხლე უნდა ვიწვალო,
რომ მოგაწვდინო მთიდან ყვირილი.
თოვლი მოსულა,
თოვლი მოსულა,
ქათქათა, შენი თეთრი მკერდივით…
მე, უსასრულო სივრცის მოსურნე-
ვარ მაღალ მთებში გამოკეტილი.

Jansul Charkviani – Tovli

ჯანსულ ჩარკვიანი – ანანურიდან

May 16, 2013 § Leave a comment

ანანურიდან მოგდევ ნისლივით,
რომ აგიბნიო გზები სავალი,
ხარ გავარდნილი, როგორც ისარი,
და დაკარგული უცხო სამარე.

ანანურიდან მოგდევ ვეფხვივით,
საცაა კლდეთა კარებს შევანგრევ,
მწყერი მეგონე ფრთამოტეხილი
და ასე უცებ სად დამეკარგე.

ყანა და ყანა დაგედევნები,
გიპოვი სადმე დაღლილს, დაწურვილს,
ვარ შორი თვალი შენი მტევნების
და ვაზი შენი თმებით ჩაწნული.

სად დამეკარგე ასე ფიფქივით,
საკუთარ სისხლით ვავსებ საწნახელს,
მე ვიყავ შენი ციხე ქვითკირის,
როგორ გამექეც, როგორ გამტეხე.

მე ვიკარგები მთებში ნისლივით,
აღარ ჩანს ჩემი გზები სავალი,
ხარ გავარდნილი, როგორც ისარი
და დაკარგული უცხო სამარე.

Jansul Charkviani – Ananuridan

ჯანსულ ჩარკვიანი – მომწყურდი

May 16, 2013 § Leave a comment

მომწყურდი, წყაროვ, ანკარა,
მომწყურდა შენი წარსული,
გნახე და გამაკანკალა,
უბეში გეჯდა ავსული.
თვალებში შუქი ჩამქრალა,
ღიმილი გენთო მასხრული,
თავს შეგპარვოდა ჭაღარა,
ვაზიც არ გქონდა გასხლული,
რა გიხაროდა,
გულ-მკერდი
მძივივით გქონდა ასხმული.

Jansul Charkviani – Momckurdi

Where Am I?

You are currently browsing the ჯანსულ ჩარკვიანი category at leqsebi.