იოსებ გრიშაშვილი – მანოლა

March 9, 2014 § Leave a comment

შენ აბანოდან გამოდიოდი,
მარტო კი არა, ქმართან – ხელკავით,
და ბოტანიკურ ბაღის სიოთი
გეგრილებოდა ხუჭუჭი თავი.

მე შეგამჩნიე! და მკერდის ტალღით
გავაპე ხალხი და შენ წინ შევდეგ,
აწითლდი, როგორც წითლდება ბალღი
საკუთარ დედის დატუქსვის შემდეგ.

არც კი გრცხვენიან! ვით ალამდარი,
აფენ შენს სხეულს ვაჟის მახლობლად.
აბანოს ბოხჩით მოგდევდა ქმარი
და ზედ ეწერა: “ჩემი სახლობა!”

როგორ მიყვარდი! ასჯერ, ათასჯერ,
მითქვამს ეს სიტყვა ჩემს გულში წინდად:
ახ, ვიკისრებდი ყოველგვარ სასჯელს,
ოღონდ მის თითებს შევეხო წმინდად.

ეხლა? რა მეთქმის? ვნების ონავარს
გეტყვი, რომ უკვე დაეშვი ტაფობს.
გიცქერ საჯაროდ ნააბანოვარს.
და ეგ სიწითლე ყველაფერს ამბობს.

მითხარ, რად იყავ შენ ალეწილი?
მითხარ, რად შეკრთი აგრე ძალიან?
შენს სიწითლეში მე მიდევს წილი?
თუ ეს აბანოს ორთქლის ბრალია?

Ioseb Grishashvili – Manola

იოსებ გრიშაშვილი – მანოლა

იოსებ გრიშაშვილი – დავბერდი? – არა

September 18, 2013 § Leave a comment

ცხოვრებისაგან წყალწაღებული
მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!

ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?
ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,
გულში – სიყვარულს.

და თუ ხანდახან ფშატის ხესავით
ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, –
გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი
ვერ შეველევი.

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!

Ioseb Grishashvili – Davberdi? – Ara

Where Am I?

You are currently browsing the იოსებ გრიშაშვილი category at leqsebi.