გენრი დოლიძე – "ერთი ქალი შემიყვარდა"

September 18, 2013 § Leave a comment

ერთი ქალი შემიყვარდა,
ქალი, ხოხბისკისერა.
როცა ვკითხე, თუ ვუყვარდი,
მიპასუხა:
– ისე, რა!
გული წალკოტს დაემგვანა,
ნარწყავსა და ნაბარავს.
გულს ჩავძახე: – შემიყვარებს?
ამომძახა:
-აბა რა!.
ერთი ქალის სიყვარულმა
გული გადამისერა,
მთვარეს ვკითხე: – შემიყვარებს?
მიპასუხა:
-ისე, რა!..
მთვარემ გული გამიტეხა,
დავრჩი ბედის ამარა,
ცისკარს ვკითხე: – შემიყვარებს?
მიპასუხა:
– აბა რა?!
მე მიყვარდა, იმან კიდევ
გული არ მომაბარა…
მკითხა – ჩემთვის თავს გაწირავ?
ვუპასუხე:
– დავფიქრდები… ან გავწირავ, ან არა!..

Genri Dolidze – Erti Qali Shemiyvarda
გენრი დოლიძე – ერთი ქალი შემიყვარდა

გენრი დოლიძე – "ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს"

September 18, 2013 § Leave a comment

ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს
და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს,
ამ ქვეყნად რაც კი გვირილებია,
დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე…

მერე მიდი და, თითო ფურცელი
ცაში აპნიე ვარსკვლავცვენებად…
შენს გამოხედვას თუ გავუძელი
მწველი თვალების უხმო ჩვენებას

დაგკითხავ მერე, ვისი ბრალია,
(ცის გუმბათზე რომ ავა მზე-მაშინ)
ღიმილს რომ მიცვლი თორმეტბალიან
თორმეტბალიან გულისცემაში….

ამინდი შენი ხასიათია,
მზეს შენთან ერთად უყვარს ანთება
შენი ბრალია, ყოველ განთიადს
მთვარეს ჩასვლა რომ აგვიანდება.

ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს
და ცეცხლს უკიდებს შენს ბავშვურ თვალებს,
ამ ქვეყნად რაც კი ოცნებებია,
დაგიკრეფ, მერე მიდი და თვალე…

Genri Dolidze – Zgvam Mzes Mobana Piri-Vnebians
გენრი დოლიძე  – ზღვამ მზეს მობანა პირი-ვნებიანს

Where Am I?

You are currently browsing the გენრი დოლიძე category at leqsebi.