გიორგი ლეონიძე – "მოგეპარება ვეფხვივით ლექსი"

October 8, 2014 § Leave a comment

მოგეპარება ვეფხვივით ლექსი,
გულზე დაგადებს ალმასის ტორებს,
გაავლებს კლანჭით სისხლიან ნაღარს,
თმაში – ჭაღარის ყინულებს სტოვებს.

ჩალმადადგმული იანიჩარი, –
მოქშუის მთვარე, გული გააპოს.
წარსული ტყვეა – მხოლოდ ანჩარის,
ყველა ფურცელზე შხამი ლაპლაპობს.

ვინ გაექცევა ლექსების ხმალსა,
ლექსის ჯვარიდან ვინ აგხსნის მკლავებს,
რაღაც ატირებს მდინარის ხმასაც
და ჩარიგებულ ცაში ვარსკვლავებს,

რაღაც ატირებს თვით დედამიწას,
რომ მომავალში ნახოს ოცნება,
ამოითხრება ტირილში სული
და ფესვიანად გაიტყორცნება!

Giorgi Leonidze – Mogepareba Vefxvivit Leqsi
გიორგი ლეონიძე – მოგეპარება ვეფხვივით ლექსი

გიორგი ლეონიძე – "მე შენს სიყვარულს, ძვირფასო"

October 2, 2014 § Leave a comment

მე შენს სიყვარულს, ძვირფასო,
რამდენი ხანი ვეცადე;
მე მინდა შენი სიწმინდით
ჩემს ქართულ სიტყვას ვვერცხლავდე.
მოდი, იმ პირველ ღიმილით
გამომეცხადე
მერცხლადვე…

Giorgi Leonidze – Me Shens Siyvaruls, Dzvirfaso
გიორგი ლეონიძე – მე შენს სიყვარულს, ძვირფასო

გიორგი ლეონიძე – ოლე

September 18, 2014 § Leave a comment

შენ ლიახვის კლდეზე დგახარ,
ძველი მოსასხამით, ―
ოლე, ოლე, მარტოხეო,
დღისითა და ღამით;

შიგნიდანვე გამომწვარო
მარტოობის შხამით,
შიგნიდანვე გაბზარულო,
დახეთქილო კეცად;

ხე ბრუნდევ და ხე მართალო,
ხეო, ერთო ბეწვა.
დგახარ, როგორც სახრჩობელა ―
თვით გახრჩობენ მთები;

დაკიდებულ არწივს ჰგევხარ
მომსხვრეული ფრთებით.
რაშო, მიწას მიჭედილო,
ვეღარ აიქროლე;

პარტახო და ნამეხარო,
მარტოხეო ოლე!

გელანდება ნაჯახები
და გრიგალი დამჯახები
მწარედ აგათრთოლებს.

ცას ჯანღების აჯანყებით,
სეტყვას, მბრწყინავ თოვლებს
დამდნარ ძვლებით ეგებები,
მარტოხეო ოლე!

ზღვიდან ქარი წამოვიდა
და ღრუბელი ბუნდრად,
ცაში ელვა შეიკლაკნა,
შენკენ შემობრუნდა.

ქარის ეშვებს, მეხი ბრეშას,
შენი მოთხრა უნდათ!

ყინვის კარჩხი თვალს გიკაწრავს,
ლაჟვარდს ვეღარ უმზერ,
წვიმის შუბი გალესილი
გიკაკუნებს გულზე;

მზე შემწველი, ცოფიანი,
ხრჩოლად აგაბოლებს,
ტყავდამსკდარო,
ნაოხარო, მარტოხეო ოლე!

მარტო ხარ და მარტო დგახარ,
ძმა არა გყავს, დედა,
მარტი ჩოხას შეგიკერავს
ზანზალებით ზედა,

წვიმით ქოჩორს დაივარცხნი,
ღამის წვეთს სვამ რძედა…
მხიარული საკრავებით
გაზაფხულის ვარსკვლავები
შენს ტოტებზე სხედან;

ოქროსხმიან სიმღერაში
თვალს ჰხუჭავ და ჰხედავ, ―
შენზედ მარტო არვინ არი,
შენზე უფრო მეტად;

ბალღამის და ცრემლის სვეტო,
შენ, ქცეულო ხედა!

ვის გასცქერი, ვის მოელი,
გული ვისთვის გტკივა?
ვის მიაღწევს შენი ხმები,
ვის კერამდე მივა?

ვაჲ, თუ გზაში დაიღალა,
ვერ იარა სწრაფად;
ვაჲ, თუ კვირას ვერ მოვიდეს,
ვერც გამოჩნდეს შაბათს!

თუ მოწამლეს საყვარელი
შავი დარიშხანით,
და მის პერანგს აფრიალებს
გზაზედ ქარიშხალი!

წადი, ძებნე მეგობარი,
ვინმე წაიყოლე;
სხვა რომელი დაგიძახებს
მცირე სახელს, ― ოლე!

ტყე გეძახის მწვანე მხრიდან,
თავქოჩორა ღელე;
ტყეს უნდიხარ დიდიხნიდან,
გიქნევს ათას ხელებს,

ტყე გეძახის ახვეტილი
ფალავნების ჯარით,
როგორც ვაჟი არხვატელი,
შავს რკინაში მჯდარი!

― გეყო, მარტო ერხეოდე,
გამიღია კარი!
გეყო, მხრებზე გეხვეოდეს
ეხოების ქარი!

მოდი ჩემთან, დაგაპურო,
არ გინახავს ხემსი,
მე აგიყვან ხელში,
როგორც ნაპოვნ ბატკანს მწყემსი!

მოდი, მოგცე, გაგახარო,
ცოლი ― მესაწოლე;
ოხერო და ნამეხარო,
მარტოხეო ოლე!

მაგრამ ცისკენ იყურება
შენი ოქროს თავი,
კოშკებად და ჯიხურებად
მოჰქრის ღრუბლის შვავი.

მოჰქრის ცაში წასაყვანად
აკიბული კიბე,
დაგაყრიან ტოროლები
ატლასებს და დიბებს.

მზე, მარჯანზე უწითლესი,
მოგეგება წინა,
დაგიკოცნა ყველა ფესვი,
გულზე მიგიწვინა.

დაგესივნენ ვარსკვლავები,
დაირით და დოლით,
გაკვრევინეს სალამური,
გათამაშეს გოლი,

სთქვეს:
ნურც გტკივა, ნურცა გცივა,
ნუღარც აგათრთოლებს, ―
ტოტზე ტოტით გადამხვეო,
მარტოხეო ოლე!

ოლე, ოლე, მე ლიახვზე
დაგინახე წამით;
შიგნიდანვე გამომწვარი
მარტოობის შხამით,

შიგნი-შიგან დახლეჩილი
შრეებად და კეცად;
ყორანისგან ჩაყეფილო,
ხეო, ერთო ბეწვა!

მაღლა ზეცა პრიალებდა,
ძირს კავკასის მთები.
დაკიდებულ არწივს ჰგავდი
გაწყვეტილი ფრთებით…

რაშო, მიწას მიჭედილო,
გასჭერ, აიქროლე,
მარტოობის არტახები
გადახიე, ოლე!

რომ სთქვა:
გული თუ მტკიოდა,
ახლა აღარ მტკივა,
რომ ლიახვის რძიან ქაფში
შემოცურდე ტივად,

რომ გაგჩარხო და გაგთალო,
როგორც წმინდა ბროლი,
რომ შენ იყო ჩემს დარბაზში
შუაბოძის ტოლი,

რომ გრძელ ტივებს მოუძღოდე
ხეთა წინამძღოლი!

მოდი ჩემთან, ვიდრე მეხი
დაგკრავს, აგაბოლებს,
ტყავდამსკდარო, ნაოხარო,
მარტოხეო ოლე!

Giorgi Leonidze – Ole
გიორგი ლეონიძე – ოლე

გიორგი ლეონიძე – მე რომ მიყვარხარ…

July 10, 2014 § Leave a comment

მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს?
ისე მაღალი და სპეტქკი არც რომ მთებია!
მარტის ნიაღვარს აზვირთებულს გზები ჩაუხრავს,
უგრაგნია და ზღვის უბეს შეერტებია.

მე ვის უბეში, მე ვის გულში შევინავარდო?
ვის შევუერთდე? შენი გული დაკეტილია…
ნუთუ ეს ტრფობა საყვარელო, თეთრო მთის ვარდო,
პოეტისათვის მხოლოდ ძველი სიყვარულია!

Giorgi Leonidze – Me Rom Miyvarxar…
გიორგი ლეონიძე – მე რომ მიყვარხარ…

გიორგი ლეონიძე – ეს დღე ჩემია!

July 10, 2014 § Leave a comment

ეს დღე ჩემია,
ეს დღე ჩემია,
არცა ბესიკის,
არცა ვაჟასი!
გული მათ გულზე მიმიბჯენია,
გავრთულვარ ლექსის გამოჩარხვაში.

ჩემი სულისგან არი დაწნული’
ეს დღე,
ეს წამი
და ეს საათი!
შიგ ჩემი სუნთქვა არის დაცული,
ვმღერი ვარდებში, როგორც საადი.

მეც იქ მაქვს გული, სადაც აქვს შოთას,
სამშობლოსათვის მეც იქ ვილოცავ,
მეც იქა ვღელავ,
სადაც ის შფოთავს, _
გინდაც ჩამთვალეთ სასაცილოდაც…

შადრევნისა და შავარდნის ხმებით
მიმღერია და ვიმღერებ კიდევ!
მე _ ხალხის გულთან გულის შეხებით
კვლავ ახალ-ახალ ცეცხლს წავიკიდებ!

და სიყვარულით დამდნარმა შხივად,
სამშობლოვ, შენთვის რაღა ვინატრო?
მინდა, რომ სიმი გადმექცეს სხივად,
სადღაც ორწოხი ამოგინათო!

მინდა ვიყიდო ქვეყნის წამლები,
რათა შევესწრო იმ დღის დანახვას,
რომ მომძახოდნენ შთამომავლები:
_ იცოცხლე, გოგლა, შენ ჩვენთანა ხარ!

Giorgi Leonidze – Es Dge Chemia!

გიორგი ლეონიძე – ნუ გათათრდები

July 10, 2014 § Leave a comment

„ნუ გათათრდები“ – გერქვა სახელად
შენ, უცნაურო, მომცრო ფრინველო,
მიტაცებულთა, გარდახვეწილთა,
მკლავგაბაწრულთა მოძმევ პირველო!

შენ, ფრთაშესხმულო ხალხის სურვილო,
ხალხის ტკივილო, ცად ატყორცნილო,
თვით ხალხის ნებით მტრედად ქცეულო,
ნეტავ ეგ ყელი დამაკოცნინო!

მწარტყვეობაში თავს დაჰკიოდი,
გიმხნევებია შენი ქართულით,
აზიის გზებზე, უდაბნოებში,
ვინც კი ყოფილა გადაკარგული!

შენ დღესაც ისევ თავზე დაჰკვნესი
ძუძუს მოსხლეტილ გარექართველებს,
იქ თურქის ბრჭყალში, თათრის ბორკილში,
სადაც მრავალი ცრემლით ათენებს.

თვალით დახვრიტეთ ჭოროხის მხარე,
არ მოგვირჩება ჩვენ ის ტკივილი,
ვიდრე ლაზისტანს და ფერეიდანს
ისევ მოესმით შენი ყივილი!

იფრინე სულ იქ და იტრიალე,
დაძებნე ჩვენი ძმები და დები,
შენი მკაცრი ხმით ისევ დასძახე:
– ძმანო ქართველნო, ნუ გათათრდებით!

გამაგრდით, კერას ნუ დაივიწყებთ,
მონობისათვის ვერ გაგიმეტებთ,
გამაგრდით, ვიდრე მზე მოვა თქვენზე
და გავინაღდებთ ნანგრევთ იმედებს!

შენ ეს ქართული ხმა მიაწვდინე,
მიტაცებულ ძმებს ასე უთხარი,
იქაც სცემს გული საქართველოსი,
შავი ზღვასავით გადამდუღარი!

და როცა დაჰკრავს უკვდავი წამი,
მწარი მონობის დამამხობელი,
ძმათა გამოხსნის, შინდაბრუნების,
შენვე იყავი მახარობელიც!

Giorgi Leonidze – Nu Gatatrdebi

გიორგი ლეონიძე – "შენ ხელსატაცი სიტყვა ხარ"

July 2, 2014 § Leave a comment

შენ ხელსატაცი სიტყვა ხარ,
დიდია შენი სახელი;
მთების სიბრტყენი გადასჭერ,
სამშობლოს გარეთ გახველი.

შენი სიბრძნე და ოცნება
გულში აქვთ გამოკვანძილი;
ჩამოურიგდი ქვეყანას,
როგორც დიდი მზის ნაწილი.

კარებს გიღებენ ტკბილ სტუმარს
ქალაქები და სოფელი,
სიმღერა გულში ნათქვამი,
გახდი მსოფლიოს მფლობელი.

გაქანდი, ოქროსფრთიანო,
გასცდები ქვეყნის ნაპირსა,―
შენ, დედაჩემის მზითევო,
ფარ-ხმალო მამა-პაპისა!

Giorgi Leonidze – Shen Xelsataci Sityva Xar

გიორგი ლეონიძე – "წიგნო, წინ მიუძღვებოდი"

July 2, 2014 § Leave a comment

წიგნო, წინ მიუძღვებოდი
ხალხს უკვდავების ნაღარით;
შენ გწერდა დიდი რუსთველი,
თავს ოქროგადანაყარი.

შენ გწერდა ცისკრის კამკამი,
ხევთა ხმა ზვავის ზრიალი;
შენს კალამს ორბი ჰზიდავდა,
ტყავს ― ვეფხი თანაზიარი.

შენ გწერდა ქალის წამწამი,
ვაჟკაცის მკერდი გმირული,
შენ ხალხი გწერდა მხედარი,
ბრძოლით გულამოკირული.

შენ ჩვენი სიჭაბუკე ხარ.
გული არ დაგიძველდება,
სიმღერა, დილას ნამღერი,
შვიდასი წელი გრძელდება!

აახმაურე სამშობლო
კარისკარ ჩამოიარე;
ზოგს პურმარილზე შეესწარ
და ზოგს უხვევდი იარებს.

მიჯნურს, გულადუღებულსა,
სიცოცხლეს დაუელვარებ;
ლაშქარს უსარდლებ სარდალი,
ხელში ხმალს აძლევ მღელვარეს.

სიყვარულს სიყვარულითა,
ძმობით ძმას ეპასუხები,
დიდ ჭირში დაგვაფოლადებ,
დავდგებით, როგორც მუხები.

Giorgi Leonidze – Wigno, Win Miudzgvebodi

გიორგი ლეონიძე – "უთენებელი ბნელეთის"

July 2, 2014 § Leave a comment

უთენებელი ბნელეთის
შენ ერთი გვყავდი მთეველი;
სიმდიდრე ბევრი წაგვართვეს,
შენ დაგვრჩი წაურთმეველი!

შენ არ გჭიროდა სახიზრად
გამოქვაბულთა წყვდიადი.
არწივის ფრთაში ჩასაფრდი,
ქოხის ნაცარში ბრწყინავდი.

გწვავდნენ და არ იწვებოდი,
ცეცხლში დიდების მხვეჭელი.
ვერც ქარიშხალი გფანტავდა,
ხეების ამომგლეჯელი.

შენ ხმალის ღარზედ ეწერე,
ანდერძი ოქროხმოვანი:
”სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი!”

Giorgi Leonidze – Utenebeli Bneletis

გიორგი ლეონიძე – "ხელში აგიღებ… გაკოცებ"

July 2, 2014 § Leave a comment

ხელში აგიღებ… გაკოცებ,
კიდევ ჩაგკოცნი… ჩაგცქერი;
წიგნი კი არა, ― ჟრჟოლა ხარ,
ჩამოქაფული ჩანჩქერის.

წიგნი კი არა, ― ბაღი ხარ,
ოქროს ცვარჩამოწვეთილი;
გაშლილი ბაირაღი ხარ,
ლექსის ფრთა გაუცვეთელი!

წიგნი კი არა, ― დილა ხარ
ქართველი ხალხის ნათელი.
გულის ფესვებში გინახავ,
გულში ხარ გამონათალი.

ქაღალდზე გწერენ… სიტყვების
ნაცვლად ლალები სხდებიან;
გბეჭდვენ ― ნიშნები სტამბური
ვარდებად აყვავდებიან.

გკითხულობენ და გმღერიან
ლხენით გულ-დამარცხებული;
შენგან ჰყავს ხალხის სიცოცხლეს
სიკვდილი დამარცხებული!

Giorgi Leonidze – Xelshi Agigeb

Where Am I?

You are currently browsing the გიორგი ლეონიძე category at leqsebi.