ტიციან ტაბიძე – "ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი"

October 2, 2014 § Leave a comment

ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი,
ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს,
დამშრალი თერგი ერთი წვეთია,
მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს.

წამექცა თავზე ცა გარღვეული,
და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა,
და დარიალით გადარეული
თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს.

და გადავყურებ ალმას უფსკრულებს,
კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს,
ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს
და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდეს.

ვიცი, მომელის მაინც ეს ბედი,
და ისიც ვიცი ჩემზე ახია,
ძვირფასო, არ ვარ, იცოდე, ყბედი,
ან თავის მოკვლა რა ტრაბახია.

მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივით
ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი,
ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით
ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი.

მინდა, რომ ვიყო მწირი გულადი,
საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღვნა,
ვარ ავსებული შენით გულამდე
და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა.

მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე,
მინდა გავიხსნა გული ალალი,
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
შენ ჩემს სიკვდილში არ გიდევს ბრალი.

Tician Tabidze – Chamomrcha Ukan Me Cherqezeti
ტიციან ტაბიძე – ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი

ტიციან ტაბიძე – წიგნიდან ,,ქალდეას ქალაქები"

September 6, 2014 § Leave a comment

გაფიზის ვარდი მე პრუდომის
ჩავდე ვაზაში.
ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის
ბოროტ ყვავილებს.

და რაც შემხვდება, შემაჩერებს
შორეულ გზაში,
ჩემს ღვრია ლექსში დაისვენებს
და დაიჩრდილებს.

გრძნობის სიჭარბე მომეტებით
გრძნობას ამკრთალებს,
უვნებო ვნებით მინდა ვწვავდე
ვნებიან თვალებს.

და ჩემი ჩანგი სირცხვილიდან
დაიმსხვრეოდა,
თუ გიტარაზე მისი ლექსი
მომესმებოდა.

ვიცი, რომ მოვა საყვარელი,
ვისაც მოველი,
ვიცი, რომ მოვა სილამაზე
დაუთოველი.

მეც წავუკითხავ და ვუმღერებ
ჩემს ქალდეაზე,
ჩამავალი მზის გაგვაბრწყინებს
ჩვენ სილამაზე.

ვუცქერ გულგრილად წარმოდგენას,
ვსტირი ანტრაქტებს.
დავიწყებული ძველი სიტყვების
ვგრძნობ ანდამატებს.

და თუ არ ამყვა ხმა სიმღერად,
გაშლილი, ლაღი,
უხმო ბულბულსაც დამაფასებს
ქართული ბაღი…

Tician Tabidze – Wignidan Qaldeas Qalaqebi
ტიციან ტაბიძე – წიგნიდან ,,ქალდეას ქალაქები”

ტიციან ტაბიძე – მეარღნეები და პოეტები

July 10, 2014 § Leave a comment

…და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.
სიყვარულისგან მეტ მოთმენის
არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.
მეტი მოზიდეთ კალმახები
მაშ, არაგვიდან,
რაც იყოს, იყოს, ამ ქეიფსაც
ერთხელ ავიტან.
ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი
ლექსი დარჩება,
განა გავხდებით პოეტები
ლექსის ჩარჩებად?..
-ნინა, ნინა, ჩემო ნინა,
გათხოვება ხომ არ გინდა?
-გათხოვება რომ მინდოდეს,
შენი კითხვა მე რად მინდა?
ასე მეარღნევ, დაამტვრიე,
დასცხე, გეთაყვა,
აბა, რად გიღირს ერთი ძველი
შენ მუხამბაზი!
რამდენი ძველი სიყვარული
ამ მტკვარს თან გაჰყვა,
ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება
ახლაც ჯამბაზი.
-„შაბთი რომ დაღამდება,
კვირა გათენდება.
თამრიკო მოწამლულა,
რაღა მეშველება?“
ტყუილი იქნება, ჩემო ძმაო,
თავს ვინ იწამლავს?
ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად
ჰქვიოდა თამრო!
ის სხვა სიყვარულს უეჭველად
გულში იმალავს,
რამდენიც გინდა,
თვითონ ვიცი,
იმას ჰყავს საქმრო…
ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,
წაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე
ვინმეს ვუყვარდე!
რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ
ხელით წასული, –
საქართველოში ხომ ფეტვივით
სთესავენ ვარდებს!
ვიცი, გიყვარვარ, რომ არ გინდა
მოკვდეს თამარი.
შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები,
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია
ვერცხლის ქამარი.
ცდები, მეარღნევ, გათხოვდება
ის შენი ნინა!
არ დაიჯერო, ის თამრიკოც
რომ მოიწამლოს.
ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ
რამ არონია,
ქალი ქალია და იშოვის
თავის მალამოს.
უბრალოდ ვკვდებით მეარღნეები
და პოეტები,
მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც
გვეპატიება…

Tician Tabidze – Meargneebi da Poetebi

ტიციან ტაბიძე – მგოსნის სონეტი

July 10, 2014 § Leave a comment

ყველა მოკვდება… ყველა გაჰქრება,
საქორწილოსაც გაგვხდიან საცმელს,
საფლავის მტვერი დაეფარება
ჯერ გადაუშლელ გრძნობის კრეტსაბმელს.
ვინ გაიხსენებს, ჩვენ რო გვიყვარდა,
ან ვინ გაიგებს, ჩვენ რო ვცხოვრობდით?
არყოფნის ღამის დაგვფარავს ფარდა,
არყოფნის ღამე გვეტყვის „მშვიდობით“.

მგოსნის სონეტი მოვა საფლავზე
მტვრიან და ძველი წიგნით ამდგარი,
მოვა და მწარედ აქვითინდება,
როს შეაშფოთებს ტირიფს შტოს ქარი.
დაუწყებს ტირილს განვლილ ცხოვრებას
გამოუტანელ სიზმარივით მკრთალს,
და შეავედრებს დამწვარ მგოსნის სულს,
ყოვლის გამკითხავს ზენაარ უფალს…

Tician Tabidze – Mgosnis Soneti

ტიციან ტაბიძე – "ნუ მოხვალ ახლო, იყავი შორი"

March 11, 2014 § Leave a comment

ნუ მოხვალ ახლო, იყავი შორი,
სიშორის ორმოს ავავსებთ სევდით,
მთელ ქვეყანაზე მარტო ვართ ორი,
ქვეყნის დასასრულს ორი შევხვდებით…

სად შემიყვარდა, რად შემიყვარდა?
მე არ ვკითხულობ, არც მსურს გაგება.
შენ გაუშლელი ტანჯვის ხარ ვარდი
და ჩემი სული ეკლად დაგება…

შენი სიშორის მიმაფრენს ქარი,
შენ სურნელების წვიმა მაწვიმებს.
ანგელოსი ხარ თუ ჯადოქარი,
წაიღე სული, არ დაგამძიმებს.

დამწვარ ოცნებას, დაფერფლილ ფიქრებს,
ჩახლეჩილი ხმის ქებას დახეულს
და აწითლებულს ველურ ქიმერებს
კუბოდ დაგიწნავ ძვირფასს, შორეულს…

Tician Tabidze – Nu Moxval Axlo, Iyavi Shori

ტიციან ტაბიძე – ტფილისი

January 9, 2014 § Leave a comment

მეფე ლომკაცმა, თუ მგელკაცმა დაგარტყა კვერთხი
და ჩემ წამებად შენ აღსდექი ქვეყნად, ქალაქო,
ბევრი ვაჟკაცი გალავანთან შემოიფერთხე,
მეც მინდა, გული სისხლის ლექსად შემოგალაქო.

მეც მიმინო ვარ, გოგირდის ტბას შენ რომ ჩაფალი,
მეც სიკვდილამდე წყურვილისგან მიშრება პირი.
ვიცი, სხვა ღმერთზე უწყალოა ქართლის უფალი,
მაგრამ მისი ვარ სამუდამო მე ოქროპირი;

ვიცი, გიცავდენ მეციხოვნე მორკინალები,
ვიცი, ძვლებიდან ამდგარია შენს ახლო მთები,
ვიცი, გთელავდნენ ყიზილბაშის ცხენის ნალები
და წაუჭრიათ ტაძრებისთვის ხმლებს გუმბათები.

თათრების სისხლით მეწამული გამხდარა მტკვარი
და როგორც მოსეს – სააკაძეს ხმლით გაუკაფავს;
გილეწდა კალოს ბავშვებისას თათრის ყევარი,
მიტომ ვერ გენდვნენ თამარ მეფის შენ ძვირფას საფლავს.

ბებერი ძვლები ირაკლიმაც ძლივს გაიტანა,
სული დამარხა ნარიყალას გამსკდარ ბასტიონს,
მესამე უნდა საქართველოს ზღვა შავ ზღვისთანა –
მარაბდის ველზე ვაჟკაცური ქართლი დასტიოს.

ვერ გიბედავდა რუსთაველი პირისპირ შებმას,
ვერც სხვა პოეტმა შენ აქამდე ლექსით ვერ გაქო
და უფრთხის ყველა სამუდამო შენ სისხლის ემბაზს.
ვაჟკაცობისთვის განწირულო, ძველო ქალაქო!..

თავი შეგაკლა საიათნოვამ, უცხო სომეხმა,
გემრიელ წყალით ნაქებია ძველადვე მტკვარი,
და თუ შენ ახლა პოეტისგან მოგესმის შესხმა,
ეს გედი მღერის – ყელწაჭრილი და ცოცხალმკვდარი.

მე ვარ მიმინო, ხახამშრალი და კაპოეტი,
მე ვარ ტფილისის აგონიით მკვდარი პოეტი…

Tician Tabidze – Tfilisi

ტიციან ტაბიძე – ილაიალი

December 9, 2013 § Leave a comment

სკიფიაში ვარ… ქიმერიის
მწუხრით დამწვარი,
ალი, ძვირფასო, მე შენი ხმით
ვკითხულობ პუშკინს.
ბახჩისარაის შადრევანის
მასველებს ღვარი,
ძველ შადრევანებს ატირებას
არავინ უშლის…
და ვეკითხები ამ დაბურულ
სკვითების ღამეს:
რა იქნება ჩვენი ჭაბუკობა
და გატაცება?
ვინ გადაფისა ასე გული
მშრალი ბაღლამით
და არ გვაცალა შთაგონების
დავაჟკაცება…

მალე თბილისში, როგორც წინათ
ვაჟა-ფშაველა,
მე ხურჯინებით ჩამოვიტან
დაწერილ ლექსებს.
მაგრამ ლექსებზე მეტი მომაქვს
მაინც ნაღველი,
ასე უჩემოდ სასიკვდილოდ
რომ გამილესეს.

და გეფიცები მეც ოვიდის
დამწუხრებულ ლანდს,
რომ ძველებურზე კიდევ უფრო
შენთან ვარ ახლო,
ვოცნებობ შენთან რუსთაველზე
ტირილით გავლას,
დავიწყებული სტრიქონები
რომ განვიახლოთ.

ვიგონებ იმ დროს, როცა შევხვდით
მართლა ლოენგრინს,
თეთრი ვაშლის ხე თეთრ ხიდეზე
მოსცურდი გედით;
გიგონებ რაინდს, სამუდამოდ
ლექსით დაბეგრილს,
რომ გათენებას ქუთაისშიც
ვეღარ ვიგებდით.

ვიგონებ თბილისს… რძიან დილას
და ვარდისუბანს,
აბნეულ სიტყვას, ლექსების ორთქლს,
ილაიალის
და საიათნოვას სიმღერებით
აყვანილ დუქანს.
ალი, ძვირფასო, დაგრჩა რამე
იმ ცეცხლის ალის?..

თვრამეტი წელი… დასაწვავი
თვრამეტი წელი.
ჩვენ ჰუსარები… გაფრენილი
ჰოლანდიელი.
მომტირის გული, სასიკვდილო
გული ალალი!
ციცინათელად გადამდნარი
ილაიალი…

ბუენოს აირეს… ალეხანდრო
და კასტილია!
თეთრი საბნებით თავწაკრული
მალაელები.

იმ ტანჯულ დღეთა პანაშვიდი
გადახდილია,
საბანეევას უნაზეს ხმით
ნამტირალევი.

თითქო გუგუნებს ამაღამაც
დავითის ზარი
და ეს სკიფია სიზმარია,
მხოლოდ სიზმარი.

Tician Tabidze – Ilaiali

ტიციან ტაბიძე – მეარღნეები და პოეტები

September 19, 2013 § Leave a comment

… და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.

სიყვარულისგან მეტ მოთმენის
არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.

მეტი მოზიდეთ კალმახები
მაშ არაგვიდან,
რაც იყოს იყოს, ამ ქეიფსაც
ერთხელ ავიტან.

ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი
ლექსი დარჩება,
განა გავხდებით პოეტები
ლექსის ჩარჩებად?..

– ნინა, ნინა, ჩემო ნინა
გათხოვება, ხომ არ გინდა?
– გათხოვება რომ მინდოდეს,
შენი კითხვა მე რად მინდა?

ასე მეარღნე, დაამტვრიე,
დასცხე, გეთაყვა,
აბა რად გიღირს ერთი ძველი
შენ მუხამბაზი!

რამდენი ძველი სიყვარული
ამ მტკვარს თან გაჰყვა,
ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება
ეხლაც ჯამბაზი.

– “შაბათი რომ დაღამდება,
კვირა გათენდება.
თამრიკო მოწამლულა,
რაღა მეშველება?”

ტყვილი იქნება, ჩემო ძმაო,
თავს ვინ იწამლავს?
ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად
ჰქვიოდა თამრო!

ის სხვა სიყვარულს უეჭველად
გულში იმალავს,
რამდენიც გინდა, თვითონ ვიცი,
იმას ჰყავს საქმრო…

ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,
წაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე
ვინმეს ვუყვარდე!

რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ
ხელით წასული,
საქართველოში ხომ ფეტვივით
სთესავენ ვარდებს!

ვიცი გიყვარვარ, ასე მწარედ
მიტირებ არღანს,
ვიცი გიყვარვარ, რომ არ გინდა
მოკვდეს თამარი.

შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია
ვერცხლის ქამარი.

ცდები, მეარღნევ, გათხოვდება
ეგ შენი ნინა!
არ დაიჯერო, ის თამრიკოც
რომ მოიწამლოს.

ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ
რამ არონია,
ქალი ქალია და იშოვის
თავის მალამოს.

უბრალოდ ვკვდებით მეარღნები
და პოეტები,
მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც
გვეპატიება…

Tician Tabidze – Meargneebi Da Poetebi

ტიციან ტაბიძე – მაშ გამარჯვება

June 22, 2013 § Leave a comment

თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე
და დავუჩოქებ მიწას მუხლებით.
– მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.

ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,
ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,
სანამდე უნდა, რომ მზეთ ედინოს
გავარვარებულ ოქროს თაველებს!

სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი:
წავა, გაქრება, როგორც სიზმარი,
მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,
რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.

ნეტა, სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო,
ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი.
სჯობს აღარ გქონდეს სულაც სამშობლო,
ანდა არ იყოს ასე ლამაზი!

– სხვა საქართველო მაინც სად არი?
რომელი კუთხე, რომელ ქვეყნისა?
ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი,
ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?

დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა,
და საქართველოს მედგას უღელი:
– მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი!.

Tician Tabidze – Mash Gamarjveba

ტიციან ტაბიძე – შორეული

June 21, 2013 § Leave a comment

ნუ მოხვალ ახლო, იყავი შორი,
სიშორის ორმოს ავავსებ სევდით,
მთელ ქვეყანაზე მარტო ვართ ორი,
ქვეყნის დასასრულს ორი შევხვდებით.

სად შემიყვარდი, რად შემიყვარდი?
მე არ ვკითხულობ, არ მსურს გაგება.
შენ გაუშლელი ტანჯვის ხარ ვარდი
და ჩემი სული ეკლად დაგება.

შენი სიშორის მიმაფრენს ქარი
და სურნელების წვიმა მაწვიმებს,
ანგელოზი ხარ თუ ჯადოქარი,
წაიღე სული, არ დაგამძიმებს.

დამწვარ ოცნებას, დაფერფლილ ფიქრებს,
ჩახლეჩილი ხმის ქებას დახეულს,
და აწითლებულ უცხო ქიმერებს
კუბოდ დაგიწნავ ძვირფასს, შორეულს.

Tician Tabidze – Shoreuli

Where Am I?

You are currently browsing the ტიციან ტაბიძე category at leqsebi.