ნიკა ნორიელი – თოვლობისას

March 9, 2013 § Leave a comment

ვიცი საბოლოოდ მაინც გადავხტები
ოღონდ ფანჯრებიდან ალბათ არასოდეს…
ჩემში უცაბედად შენ თუ გარინდდები
სიტყვებს გაგახსენებ პულსით ორიოდეს…

თუმცა იცოდე რომ როგორც ლექსების დროს
ახლაც ისე მიჭირს წუთის დასრულება…
იცი ? სხვაფერია ზეცა თოვლობისას
რადგან სხვანაირად თვალი პალიტრდება…

ხოდა დათოვლილზე როცა ბილიკების
უხმო სიმარტივეს სული მიყვებოდა…
მაშინ გავიფიქრე ჩემი არაფრობის
სტროფად გადმოცემა რაში მჭირდებოდა…

როცა სიახლოვეს შენ ვერ დაგინახე
როცა უღმერთობა უფრო დამეუფლა…
მაინც ბოლო ღერით გრძნობა დაგიხატე
იქნებ შენი სახე სადმე დამეუბნა…

ვიცი საბოლოოდ მაინც გადავხტები
ოღონდ ფანჯრებიდან ალბათ არასოდეს…
რადგან თუ გადავხტი ფანჯრის კიდულიდან
მაშინ ვეღარ გნახავ ვერსად ვერასოდეს…

Nika Norieli – Tovlobisas

ნიკა ნორიელი – სიშორიდან სიახლოვემდე

March 9, 2013 § Leave a comment

სიახლოვიდან სიშორემდე არც თუ ბევრია,
თუმც არც ახლოა სიშორიდან სიახლოვემდე…
და თუ წარსულთან შეგუება ყველას ბედია,
მაშინ არ ვიცი რას ვცდილობდი მე აქამომდე…

მაგრამ ამ დრომდე არ მქონია მე სხვა დროება,
და ამ სიზმრამდე არ მინახავს მე სხვა სიზმარი…
იქნებ ცხოვრებამ მომანიჭოს რამე წოდება,
რომ აღარ ვკითხო ჩემს გონებას ჩემში – ვინ არის?

რომ აღარ მძულდეს ყველა დილის ჩამოღამება,
რომ მარტო მყოფელს მე შემეძლოს ჩემი ატანა…
თუმცა არ მინდა მე არაფრის გადაგვარება,
( გაორებულად სიცოცხლემ კი ცოტა დამღალა )

ცოტა დამღალა არსებობის არარსებობამ,
ცოტა დაბლაგვდა სიტყვებისგან ნაჭედი ხმალი…
და მე არ მსურს რომ დედამიწის ამაოებამ,
ჩემზეც დატოვოს წარუშლელი,უხეში კვალი…

და თუ წარსულთან შეგუება ყველას ბედია,
მაშინ არ ვიცი რას ვცდილობდი მე აქამომდე…
სიახლოვიდან სიშორემდე არც თუ ბევრია,
თუმც არც ახლოა სიშორიდან სიახლოვემდე…

Nika Norieli – Sishoridan Siaxlovemde

ნიკა ნორიელი – მამა ილია ჩიკვაიძეს

March 9, 2013 § Leave a comment

შენ დილას გავხარ მამავ, რადგან მზესავით გიცქერ.
ისე მიხარის შენი ხილვა, როგორც მზის სხივის…
ამბიონიდან მაძლიერებს შენი ლოცვა და
ჩემი ცოდვების გამომსყიდველს ზეცა გიღიმის…

მომღიმარ ტუჩებს წვერი ფარავს, შენ რომ მღვდელი ხარ,
და ღიმილს მხოლოდ თვალებიდან აჩენ… სიფხიზლით…
დადიხარ, რადგან ასჯერ ასი კაცის მცველი ხარ,
უფლისკენ ბილიკს მიუყვები ღვთიურ სიმშვიდით…

შენი გზა ცისკენ მიისწრაფის მე კი მიწიდან,
საგზალის ნაცვლად, ცოდვებს გატან რომ ვარ უღირსი…
კაბის გარეშეც მღვდელი იყავ და კაბითაც ხარ,
უშენოდ მე ხომ პირჯვრის წერაც სწორად არ ვიცი…

ქარი აგიშლის, მაგ წელამდე დაყრილ ველურ თმებს,
შენი შემყურე სიყვარულად გარდავიცვლები…
მერე კი ერთად გავუყვებით პოეტურად გზებს,
პოეტიც რომ ხარ მიხარია – გამოგიტყდები…

შენ დილას გავხარ მამავ, რადგან მზესავით გიცქერ.
ისე მიხარის შენი ხილვა, როგორც მზის სხივის…
ამბიონიდან მაძლიერებს შენი ლოცვა და
ჩემი ცოდვების გამომსყიდველს ზეცა გიღიმის…

Nika Norieli – Mama Ilia Chikvaidzes

ნიკა ნორიელი – ერთი საღამოს ქრონიკა

January 12, 2013 § Leave a comment

ამოვარდი, ქარიშხალო,
გამიფანტე ღრუბლები.
ფოთოლთ ცვენა დამანახე
დამიფარე ქუჩები.

არ გაჩერდე, ნიაღვარო,
დაანგრიე ყოველი.
შენ წალეკე ყველა ფერი.
მე გაზაფხულს მოველი.

რაღა დამრჩა? მხოლოდ ერთი!
ვუფრთხილდები, ვევლები.
ჩემთვის არის ყველაფერი,
მომაფარე ხელები.

გადავლახე მთა და ბარი,
გავიარე ველები,
თუმცა ჯერაც ვერ ვიხილე
სახლში ჭრელი ფერები.

ეს აბჯარიც უკვე გაცვდა
დამიძველდა, გახუნდა.
როდის მოვა გაზაფხული?
არემარე გაჩუმდა.

მე ვიღლები, უკვე ვატყობ
შემეცვალა განწყობა.
იმედია, შენ მომისწრებ.
შემომესმა გალობა.

დამთავრდება ყოველივე,
დაეშვება ფარდა.
ვერც ვერავინ ვერ გაიგო
ჩემი სულის გარდა.

Nika norieli – Erti sagamos qronika

ნიკა ნორიელი – თეთრი გავხდები

January 12, 2013 § Leave a comment

მე დავბერდები, მაგრამ სიბერით,
ვერ შემაშინებს ვერც ერთი ღმერთი.
ჩემთვის სიბერე არ არის ტვირთი,
ჩემთვის სიბერე არ არის ნისლი.

მომეწონება თეთრი თმა–წვერი,
ვიტყვი, ლამაზი გავხდი, მე მგონი.
მაგრამ ბოროტი გაჩნდება ეჭვი,
დამჭკნარი სახე, ბევრი ნაოჭი…

ამ დროს მუხლებზე პატარა ბავშვი,
ჩამომჯდარია, მიღიმის ლაღი.
და მავიწყდება ჩემი ფიქრები,
მეც ხომ სხვებივით გარდავიქმნები.

გული არასდროს ბერდება, ვიტყვი,
თუ შენ გექნება ამის სურვილი.
სახე –  ჯანდაბას – ეგ არაფერი,
ნაოჭსაც კი აქვს თავისი ხიბლი…

Nika norieli – Tetri gavxdebi

ნიკა ნორიელი – ლალე

January 12, 2013 § Leave a comment

მთის თავზე იდგა პატარა სახლი,
სადაც ცხოვრობდა უბრალო კაცი.
უფრო ქოხს ჰგავდა, ჩალით და კარით,
საკვამურიდან ბოლავდა კვამლი.

სარკმელი ჰქონდა ერთი ან ორი,
შიგნით ბუხარში იწვოდა მორი.
სურნელი იყო სინესტის მსგავსი,
იქვე მაგიდა და ძველი ტახტი.

ასე ცხოვრობდა თხუთმეტი წელი,
იგი განუდგა ბუნებას მაცდურს,
ვერ აიტანა ამდენი ცუდი,
როცა იხილა კაცის კვლა, შური…

მას მოსაუბრედ ჰყავდა ფურცელი,
კალმის მაგივრად ნახშირით წერდა.
ოცნებად ჰქონდა ეზო, ოჯახი,
ახსენდებოდა ბავშვობის კერა.

ხშირად იპყრობდა მას ნოსტალგია,
ხშირად უნდოდა ვინმესთვის ეთქვა,
რომ სიყვარული სიტყვა არ არის,
რომ სიყვარული ყველაფერია…

ვერ ივიწყებდა მოშავო თვალებს,
ალუბალივით რომ იყო ნაზი.
ენატრებოდა ფერადი სახე,
როცა კოცნიდა ბაგეზე ღამე.

მან მიატოვა ის გრძნობა მავნე,
მაგრამ მუდმივად ტანჯავდა დარდი,
იცოდა, ახლა სხვის გვერდით იყო,
ამიტომ სწუხდა, უყვარდა  ლალე.

სუსტი აღმოჩნდა –  ბოროტს დანებდა,
და დაასრულა ცხოვრება მალე.
დაკიდებული იპოვეს თოკზე,
როცა კარები გააღო ლალემ!

Nika norieli – Lale

ნიკა ნორიელი – მე გამიტაცეს შენზე ფიქრებმა

January 12, 2013 § Leave a comment

მე გამიტაცეს შენზე ფიქრებმა.
ღამე გადის და მაინც მინდება.
ფიქრი მბეზრდება,ხალხი მექცევა,
შენთან მოვალ და შენ არ გეცლება.

მეტყვი მომბეზრდა,წადი,მომშორდი.
სიზმარი იყო და მოჩვენება.
შენში ვიპოვნე ადამიანი,
მაგრამ ვერ ვნახე,მე მოწონება.

გალაკტიონსაც უყვარდა მერი.
ლექსებს უძღვნიდა,ჭიქებს უცლიდა,
მაგრამ არ გახდა მაინც იმისი
მიუხედავად ამ ყველაფრისა.

ავდგები,წავალ და გაგშორდები
გზას გავუყვები სახლისკენ გრძელსა.
ვიცხოვრებ ისე,როგორც ვცხოვრობდი,
არ მომბეზრდება სიცოცხლე!არა!

Nika norieli – Me gamitaces shenze fiqrebma

ნიკა ნორიელი – მე და მუსიკა

January 12, 2013 § Leave a comment

მე და მუსიკა ისევ დავიპყრობთ უკიდეგანო, დაზოლილ ქუჩებს.
კვლავ გადავლახავთ ამოვარდნილ ქარიშხლებს ღამის.
ვიტყვით ჩვენს სათქმელს, ვიტყვით მძაფრად, უხეშად, მალვით.
ვიქნები მხეცი, ის კი ნაზი ირემი ბარის.

ბოროტი სახით მე შევხედავ თვალებში კრავის.
მივხვდები მისი გონებიდან ოცნება გარბის…
და იქ იქნება ვნება ვრცელი, ვნება უხამსი,
გაცხოველებულ ნადირქცეულ ადამიანის.

შავი ღრუბლებით გაივსება ზეცა უფალის.
და ავივსები გრძნობით ვიღაც უცხო მოკვდავის.
და ვიტყვი,თურმე ეს ყოფილა ხვედრი ბედისა,
რომელიც მერგო მე უბედურს დაბადებისას!

Nika norieli – Me da musika

ნიკა ნორიელი – მე ცხოვრებას გავაბოლებ ფერებში

January 12, 2013 § Leave a comment

მე ცხოვრებას გავაბოლებ ფერებში.
ისევ მოვკლავ იმ დემონებს ჩემში.
და ვიფიქრებ, მეც ვარსებობ – ადამი,
აღარ მინდა ის ვაშლები, დამპალი.

და თუ ჩემში გამეფდება იუდა,
დავიხრჩობი, რომ ვთქვა – ის გაიგუდა.
მერე კართან ერთად მივალთ ცოდვილნი,
მე მაქვს რქები, მას კი კუდი წითელი.

და თუ მაინც მომერევა სატანა,
ჩავიცინებ, თავს არ დავხრი პატარა.
ცეცხლით მორთულ კედლებს გადავეხვევი,
კარავს გავშლი და იქ დავბინავდები.

Nika norieli – Me cxovrebas gavaboleb ferebshi

ნიკა ნორიელი – მოგონებები

January 12, 2013 § Leave a comment

მოგონებები დაგვყვება მუდამ,
ზოგჯერ ცუდიც ხომ გაგვიკარგდება.
წარსული დროის აწმყოსთან ბრძოლა.
მთავარი მაინც მხნედ არის დგომა…

ერთი მეორეს, ფიქრი ფიქრს მისდევს,
თითქოს საათის ისარი ბრუნავს.
არ გაჩერდება, კიდევ იყვირებს,
გუგულიანი გუგულიც მოვა.

ჩემი სიცოცხლე – ჩემს თავთან ომი.
ასეა ისიც, ასეც იქნება.
როცა გაჩნდება ფინიშის ზოლი.
მე უკვე აღარ დამესიზმრება.

და დამთავრდება ფუჭი ტრაური,
შეწყდება ტაძრის ზარების რეკვა.
თუმცა ბევრია ჯერ აქაური,
დარჩა ნამიან ვნებებთან ცეკვა.

Nika norieli – Mogonebebi

Where Am I?

You are currently browsing the ნიკა ნორიელი category at leqsebi.