დათო ყანჩაშვილი – "მე მიყვარს შენი სიყვარულით დასვრილი ხელი"

September 14, 2014 § Leave a comment

მე მიყვარს შენი სიყვარულით დასვრილი ხელი

როცა ერთმანეთს ტუჩებით ვხედავთ 
და სამყარო გვენგრევა თავზე. 
რეალობა ემსგავსება შემოდგომას, ყველაფერი ცვივა დაბლა
ქვეყნები ისევ თამაშობენ ომობანას
და მაინც – 
მსოფლიოში ყველაზე ცხელი წერტილი ვართ ჩვენ. 
სადღაც შორს კი სხვა პატარა ერებთან ერთად
იწვის ჩვენი თავისუფლებაც
და ევროპა ბებერ ხელს ითბობს.
და ჩვენ განვითარებადი ქვეყნის შვილები ვართ
და ვუყურებთ დასავლეთთან ინტეგრირებულ ტელევიზორს
რომელშიც ცხოვრებას გვიჩვენებენ. 
მე მიყვარს შენი სიყვარულით დასვრილი ხელი
როცა გადარჩენის ახალ კანონპროექტს განიხილავს პარლამენტი
როცა გრძელდება ტბაში ჩაძირული გემის ძიება
და მომავლის იმედი ასეთი შესაძლებელი ხდება. 
და როცა ჩვენი სხეულები ნავებივით ირწევიან
და სიყვარული წვიმასავით გვასველებს
და თვალებს ვახელთ
ვხედავთ სამყაროს ავღანელი ბავშვის თვალით
და ვხედავთ სამყაროს ერაყელი გოგონას თვალით
და ვხედავთ სამყაროს სერბი პენსიონერის თვალით
და ვხედავთ სამყაროს ირანელი მოხუცის თვალით
და ვხედავთ სამყაროს სომალელი მეკობრის თვალით
და ვხედავთ სამყაროს ამერიკელი ვეტერანის თვალით
და მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილი ვართ ისევ. 
და სანამ ფოთლებივით ცვივა ირგვლივ ყველაფერი
სანამ სამყარო თავზე გვენგრევა 
და სანამ ომი ახალი წლის ფეიერკვერკს გავს
და სანამ სისხლიანი ალმასები ღამის ვარსკვლავებივით ანათებენ
და სანამ დედამიწა ტრიალს შეწყვეტს
მე მიყვარს შენი სიყვარულით დასვრილი ხელი
როცა ტუჩებით გიყურებ
და ნავებივით ვირწევით
სანამ შემოდგომა გადაიღებს.
Dato Yanchashvili – Me Miyvars Sheni Siyvarulit Dasvrili Xeli
დათო ყანჩაშვილი – მე მიყვარს შენი სიყვარულით დასვრილი ხელი

Where Am I?

You are currently browsing the დათო ყანჩაშვილი category at leqsebi.