ლევან ფანჯივიძე – მე დამესიზმრა

March 30, 2012 § Leave a comment

წვიმდა და აღარ გადაიდარა,
ძვლივს მიაღწია სულმა ხატამდი,
მე დამესიზმრა – ვიყავ ნიკალა
და ფუნჯით ქართულ ზეცას ვხატავდი.

როცა სიცოცხლე ასე ტკბილია,
ვინ გაიმეტა ქართლი ესოდენ,
მე დამესიზმრა – ვიყავ ილია
და წიწამურთან ტყვიას მესროდნენ.

ვარ ყველა დროის თანამედროვე,
ფიქრით მივცურავდი ნატვრის ყურემდი,
მე დამესიზმრა – ვიყავ თევდორე
და ყიზილბაშებს თავგზას ვურევდი.

დაფიქრებული მოდის რიონი,
ცა იმერეთის მხიბლავს ტილოთი,
მესიზმრა – ვიყავ გალაკტიონი
და თვითმკვლელობას ჩემსას ვცდილობდი.

ვერ გამოვიცან სოფლის იგავი,
ბეთლემის მხრიდან ქრისტეს მოსვლამდი,
მე დამესიზმრა – ბერი ვიყავი
და სინას მთიდან მამულს ვლოცავდი.

რამდენი ლექსი დამრჩა უთქმელი
მოჰქუხს არაგვად ტალღა სტრიქონთა,
მე დამესიზმრა – ვიყავ რუსთველი
და სამშობლოდან ცრემლი მიმქონდა.

იორის პირას ცეცხლი მინთია,
დღე იმზირება ატმის ჩეროდან,
მე დამესიზმრა – ვიყავ მინდია
და ჩემი სიბრძნის არვის სჯეროდა.

ვიდრე შემოვა მწუხრი ღამისა,
ჩემო ხატებავ, ჩემო ლერწამო,
მომეცი თაფლი, მხრებზედ წავისვა
და ცოტნესავით შენთვის ვეწამო!…

Levan Fanjividze – Me Damesizmra

Where Am I?

You are currently browsing the ლევან ფანჯივიძე category at leqsebi.