დოდო აბაშიძე – დედის საფლავზე

October 2, 2014 § Leave a comment

ვინღა მომეფეროს დედასავით?
ფიქრი აფთარივით მომახტება,
გულზე დამეტაკა ელდასავით
შენი საოცარი მონატრება.

ვდგავარ შენ საფლავთან თავის მოხრით,
სხვაზე ვეღარ ვფიქრობ ამას გარდა,
წარსულს გადავხედე ამოოხვრით,
გული საგულედან ამოვარდა.

გკოცნი ნელა, ცრემლებმოძალებით,
სიკვდილ-სიცოცხლეზე გადებულო,
შენც კი მყვარებიხარ მოკრძალებით,
ქვაო, დედის გულზე დადებულო.

ახლა შენს ქვეშაა მოქცეული,
ჩემი დედამიწის მთელი სფერო,
იქნებ შენ ჩაიდგა დედის სული,
იქნებ დედასავით მომეფერო.

იქნებ შეიწოვე დედის სისხლი,
იქნებ მისი ბოლო ამოსუნთქვა
გათბობს, ვიცი მხოლოდ ამით მიხსნი
ქვაო, ნუ იქნები ჩემთვის გულქვა.

ქვაო, დედის ნეშტი მოგაბარე,
შენ გთხოვ, დედასავით დამირწიე,
ქვაო, დედასავით მომეფერე,
დედის მაგივრობა გამიწიე!

Dodo Abashidze – Dedis Saflavze
დოდო აბაშიძე – დედის საფლავზე

დოდო აბაშიძე – პირველ სიყვარულს

October 2, 2014 § Leave a comment

გიგონებ, დარდნი ქრებიან,
ნათელ ფერებით ვივსები,
და სულში აყვავდებიან
ცისფერი ოაზისები.

მოგიგონებ და მცირდება
წლები, რომლებმაც დამღალა,
სახეს ნაოჭი სცილდება,
მიფერმკრთალდება ჭაღარა.

მოგიგონებ და… ვვოცდები
იმ სანეტარო ჩვენებით,
ჩემი ბავშვური ოცნების
რაინდად მომეჩვენები.

მოგიგონებ და… ღმერთს ვუხმობ,
იქნებ მიშველოს ლოცვებმა
და დამიბრუნოს ის უხმო,
აუხდენელი ოცნება.

მოგიგონებ და… ვინ იცის,
გული შედრკება მედგარი –
და მერე, ჩუმად ვიცინი,
რაღა დროს ჩემი ეგ არი?

დაგივიწყებ და… ის მორცხვი,
გული საოცრად ცივდება,
მოგიგონებ და… სიცოცხლის
სხივები აციმციმდება.

ვაი, რა სწრაფად აცივდა,
დღეო, რა მალე მოკლდები,
მოგიგონებ და… არც მინდა,
დაგივიწყებ და… მოვკვდები…

Dodo Abashidze – Pirvel Siyvaruls
დოდო აბაშიძე – პირველ სიყვარულს

Where Am I?

You are currently browsing the დოდო აბაშიძე category at leqsebi.