ნიკა ჩერქეზიშვილი – დებოში

September 18, 2014 § Leave a comment

ჯერ მივესალმები გიჟებს და პოეტებს,
დღეს მათი ნახვა თუ კიდევ შეიძლება,
მერე მოგიყვებით,
რას ვფიქრობ ყოველდღე,
როცა მჭირს ცინიზმი და ტვინში მიძვრება
ათასი ჭია
და ძვლებამდე მბურღავენ,
რომ ვიყო კეთილი,
კარგი,
სანიმუშო,
მე კიდევ აღარ მაქვს სიწმინდის მუღამი,
ჰოდა,
მაპატიეთ,
დღეს უნდა ვიმრუშო,
დღეს უნდა დავლიო,
დღეს უნდა გამოვთვრე
და მერე ქუჩებში მოვაწყო დებოში,
რომ თქვათ,
ეს უწესო საიდან გამოტყვრა,
მომვარდეთ და ხელი ჩამავლოთ ქეჩოში,
მირტყათ
და მაგინოთ,
გამიგდოთ წიხლებით,
თან ნიშნიც მომიგოთ
(სხვას მიგებთ ვერაფერს),
აქ რითმაც მღალატობს,
ე.ი. კვლავ წიხლებით,
ვიცი,
არ დამაკლებთ,
პატივს მცემთ შესაფერს,
ჰოდა,
არ დამინდოთ,
რტყმით სული გამაძრეთ
და ძლივს მიფოფხებულს,
ძლივს მისულს მესერთან,
აბა,
უამისოდ,
სად უნდა გადავძვრე,
სახეში ლაწანი,
სულ ბოლოს,
დესერტად.
ჰო,
არ დაიშუროთ მუშტები, წიხლები – კაცებმა,
ქალებმა – მწყევლეთ და დამკაწრეთ,
როგორ გავბედე,
რომ თქვენკენ არ ვიხრები,
ნაღდად ვიმსახურებ
და სკალპიც ამაძრეთ.
მაგრამ…
რომც მომკლათ,
არ (ვერ) მოგასვენებთ,
ყვირიხართ, შეხედეთ, კიდევ რომ თავნებობს!
ჰოდა,
ერთს მეც ვიტყვი,
გთხოვთ,
ღმერთი ახსენეთ,
რომ გიჟმა პოეტმა თავი დაგანებოთ!

Nika Cherqezishvili – Deboshi
ნიკა ჩერქეზიშვილი – დებოში

ნიკა ჩერქეზიშვილი – "რა დრო სჭირდება"

September 17, 2014 § Leave a comment

რა დრო სჭირდება
ერთი ღერი სიგარეტის მოწევას?

ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს.

ბევრს ვსვამ,
ბევრს ვეწევი,
მაგრამ თავის მოტყუება აღარ გამომდის.

როგორც ჩანს,
ყველაფერი ცუდად არის,
როცა დილით,
მაგიდაზე დამხობილი, ჩაცმული იღვიძებ.

მახსოვს,
შენ მოდიოდი
და მე თავს ვანებებდი
ჩემი საყვარელი ლექსების კითხვას.

იყო დრო,
ვიძინებდი
და შენი მდინარის ნაპირზე ვახელდი თვალებს.

ახლა ღამეა
და მარტო ვარ.

ახლა მშვენიერი ღამეა,
მაგრამ მე მარტო ვარ.

როცა თვითირონიაც დამტოვებს,
რაღაც შემემთხვევა.

შენი სიზმრები დაემსგავსებიან ლოცვებს.

Nika Cherqezishvili – Ra Dro Schirdeba
ნიკა ჩერქეზიშვილი – რა დრო სჭირდება

ნიკა ჩერქეზიშვილი – "ჩემი არჩევანია ერთი ბოთლი არაყი"

September 17, 2014 § Leave a comment

ჩემი არჩევანია ერთი ბოთლი არაყი,
ყოფნასა და არყოფნას შორის.

მთვრალი კაცი თუ ფანჯარას გამოაღებს,
მხოლოდ იმისთვის,
რომ გახურებული შუბლი გაიგრილოს.

არ შემიძლია
გულაღმა ვიწვე და ვლოცულობდე,
პირქვე დავემხობი ხოლმე,
ღმერთს როცა ვეძახი.

სიბნელეში რომ სინათლის მარცვლები გაღვივდებიან –
ეგ არის უფალი.

ის ბერი მახსენდება,
წმინდა ადგილების მომლოცველ ჩემს ძმაკაცს რომ უთხრა,
უსმინე,
მთები როგორ გალობენო
და მათ ხმას თავისი ააყოლა:
წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს,
წმინდა არს…

ჩემი სიყვარული უფრო ღრმაა,
ვიდრე მანძილი
ჩემი ოთახის ფანჯრებსა
და ქუჩის ფილაქანს შორის.

Nika Cherqezishvili – Chemi Archevania Erti Botli Arayi
ნიკა ჩერქეზიშვილი – ჩემი არჩევანია ერთი ბოთლი არაყი

ნიკა ჩერქეზიშვილი – "რას ნიშნავს ზამთრის შუაღამეს…"

September 17, 2014 § Leave a comment

რას ნიშნავს ზამთრის შუაღამეს
ღია ფანჯარა?

მარტოობა არ არის სახალისო.

ოთახში და სხეულში ერთნაირი სიცივეა.

ვგრძნობდე,
რომ გათენდება
და მზის ამოსვლას დაველოდებოდი.

მე მაქვს ყველაფერი, რაც მჭირდება,
მაგრამ ეს მხოლოდ ის არის, რაც მე მჭირდება.

როცა გიყვარს,
ღრუბლებს ზევიდან უყურებ,
მიწაზე კი წითელი ყვავილები იზრდებიან.

რას ნიშნავს ზამთრის შუაღამეს
ღია ფანჯარა?

მე გადავხტები,
მაგრამ დაბლა არ დავეცემი.


Nika Cherqezishvili – Ras Nishnavs Zamtris Shuagames…
ნიკა ჩერქეზიშვილი – რას ნიშნავს ზამთრის შუაღამეს…

ნიკა ჩერქეზიშვილი – "გახედავ ფანჯარას და ღამეა…"

September 17, 2014 § Leave a comment

გახედავ ფანჯარას და ღამეა.
გახედავ და ღამე.

არავის სჭირდები,
არავინ გეძებს.

თავსაც ვეღარაფრით იტყუებ.

ღამეებს უთევ ძილგამტყდარ ნერვებს,
საპატიო ყარაულში ხარ.

დროდადრო,
ტელეფონის სადენზე გიშტერდება თვალი.

ჭერზე გადამწვარი ნათურასავით
კიდია თვითირონია.

სიყვარული კი ის ოთახია,
სადაც ჯერ კიდევ წვებიან ორნი.

Nika Cherqezishvili – Gaxedav Fanjaras Da Gamea
ნიკა ჩერქეზიშვილი – გახედავ ფანჯარას და ღამეა…

ნიკა ჩერქეზიშვილი – "რატომ უნდა ვამჩნევდე"

September 17, 2014 § Leave a comment

რატომ უნდა ვამჩნევდე
ამ საახალწლოდ მორთულ ქუჩებში
ათასი წვრილმანის (თუ ჯანდაბის) მაღაზიის წინ
მუყაოგადაფარებულ სამშენებლო ბლოკზე
მოკრუნჩხულ მოხუც ქალს,
წინ ტუალეტის ქაღალდები რომ ულაგია და ყიდის?

რატომ უნდა ვითვლიდე გონებაში,
რამდენი ასეთი ქაღალდი უნდა გაყიდოს,
რომ უღირდეს დეკემბრის გვიან საღამოს
ყინვასა და სიცივეში გარეთ ჯდომა?

რატომ უნდა ვფიქრობდე,
ვინ ელოდება შინ მის დაბრუნებას,
ან ელოდება თუ არა საერთოდ?

ეს არის პოეზია?
ეს არის ესთეტიკა?

ან მაინცდამაინც მე რატომ უნდა ვხედავდე,
ნაავარიები მიკროავტობუსის ფანჯრიდან,
წლებია უკვე უპატრონოდ რომ გდია,
როგორ საცოდავად იყურება
საკუთარი ბიძის მიერ სახლიდან გამოგდებული
მეზობელი ობოლი ბავშვი?

ეს არის-მეთქი პოეზია?
გეკითხებით, ეს არის?

და თუ მაინც უნდა ვამჩნევდე ამ ყველაფერს,
თუ უნდა ვხედავდე,
მაშინ იმდენიც უნდა შემეძლოს,
რომ მთელი ყუთი ტუალეტის ქაღალდი ვიყიდო
და იმ მეზობელი ბავშვის
ათი წლის წინ ტრაგიკულად დაღუპული
მშობლებიც გავაცოცხლო.

Nika Cherqezishvili – Ratom Unda Vamchnevde
ნიკა ჩერქეზიშვილი – რატომ უნდა ვამჩნევდე

ნიკა ჩერქეზიშვილი – "რა უცნაურია"

September 17, 2014 § Leave a comment

რა უცნაურია,
რომ ვდგავარ ახლა ფანჯარასთან
და დაჟინებით ვუყურებ
ქუჩაზე გადმომავალ გასაცოდავებულ მოხუცს,
წელში მოხრილს,
ტვირთად რომ აწევს მთელი ეს უმადური ცხოვრება
და ვწერ ამ ლექსს,
ნაცვლად იმისა,
ვიწვე ტახტზე
და მშვიდად ვუსმენდე გალიაში მყოფი იადონის გალობას,
რომელიც,
შეიძლება,
სინამდვილეში კი არ მღერის,
ყვირის,
ყვირის,
ყვირის.

Nika Cherqezishvili – Ra Ucnauria
ნიკა ჩერქეზიშვილი – რა უცნაურია

ნიკა ჩერქეზიშვილი – "ცხოვრებას რომ გაუუცხოვდები"

September 17, 2014 § Leave a comment

ცხოვრებას რომ გაუუცხოვდები
და გზაგაყრილები
ერთმანეთს ვეღარ ხვდებით.

ცხოვრება კი არა,
კაცები გაიშვიათდნენ ქალაქში,
დანახვა გაგიხარდეს,
ხელის ჩამორთმევა მოგინდეს.

საკუთარი თავი ხომ
ყელში აქვს ყველას გაჩხერილი.

და ამ ზამთრისპირს,
გაყინულ ქუჩაში გამოსულს,
მხოლოდ ლექსებიღა თუ გამოგყვებიან გვერდით.
ზოგი პატარა ლეკვივით,
აქეთ რომ სჭირდები;
ზოგი ბავშვობის ძმაკაცივით,
შენი მისამართი რომ აღარ ახსოვს;
ღმერთივით ზოგიც,
გული რომ გაგისკდეს მოულოდნელად,
დაიხაროს და ღიად დარჩენილი თვალები დაგიხუჭოს.

ცხოვრება თავის გზით მიხრიგინებს.

მარტოკაცის ნაბიჯებს,
სული რომ სხეულს ეყრება
ისეთი ხმა აქვს.

Nika Cherqezishvili – Cxovrebas Rom Gauucxovdebi
ნიკა ჩერქეზიშვილი – ცხოვრებას რომ გაუუცხოვდები

ნიკა ჩერქეზიშვილი – მატარებლები

September 17, 2014 § Leave a comment

თუ მატარებლები სადგურში დგანან,
ადამიანები როგორღა გვტოვებენ?

უცებ რომ მორჩეს ყველაფერი
და თვალები აღარ იყოს თვალები
და ხელები აღარ იყოს ხელები
და გული აღარ იყოს გული…
მე არავინ მყავს,
ვინც ადგილზე გაიყინება.

უცნაურია,
ბედნიერებაზე ვფიქრობ
და ის საღამოები მიდგას თვალწინ,
ჩემს ცხოვრებაში რომ არასოდეს დადგება.

ვერცერთი ღამე გავიხსენე,
ვერცერთი დილა,
შენი სუნით გაჯერებული.

რა მაწერინებს ამ ყველაფერს,
რა არ მეშვება?

არ ვარ ის კაცი,
ვინც ცხოვრებას თავიდან იწყებს.
არც ის კაცი ვარ,
კატასავით ცხრა სული რომ აქვს.

მე თუ წავედი,
მატარებლით არასდროს წავალ.
მე თუ წავედი,
მოაჯირზე დავკიდებ სხეულს.

Nika Cherqezishvili – Matareblebi
ნიკა ჩერქეზიშვილი – მატარებლები

ნიკა ჩერქეზიშვილი – დღეები

September 17, 2014 § Leave a comment

ზოგი დღე იმ კაცს ჰგავს,
გამარჯობის თქმა რომ არ იცის,
უჟმურია,
უმარილო.

ზოგი – ცხრამეტი, ოცი წლის გოგოს,
ქუჩაში რომ მოდის
ცისკენ აწვდილი თეძოებით,
ცისკენ აწვდილი მკერდით,
ცისკენ აწვდილი ხელებით
და თმას მაღლა იწევს.

ჩვენ რაც შეგვეხება,
ცოცხლები არავის ვახსოვართ
და მკვდრები ვის გავახსენდებით.

Nika Cherqezishvili – Dgeebi

ნიკა ჩერქეზიშვილი – დღეები

Where Am I?

You are currently browsing the ნიკა ჩერქეზიშვილი category at leqsebi.