ვაჟა-ფშაველა – ერთხელც იქნება, მოვკვდები,

October 24, 2013 § Leave a comment

ერთხელც იქნება, მოვკვდები,
მივებარები მიწასა, _
გულსა და გრძნობას შაურევ
ცივის სამარის ქვიშასა…
ჩემს გულსა დაეხვევიან
გაშმაგებულნი ჭიანი,
ვეღარას მიშველს ქვითინით
ჩემი ლამაზი თმიანი,
ტყუილად აშფოთდებიან
ჩემნი წაწალნი იანი.
ამაოდ ჩამოსხდებიან
ციდამ ვარსკვლავნი ბარადა,
ასტეხს გლოვა-ზარს მდინარე,
მაღლით მომხტომი ჩქარადა,
მოსქდება კლდისა ნაპრალი,
ჩაიჭედება ჭალადა…
ვაჰმე, მათ ვეღარა ვნახავ
გადაქცეული მკვდარადა.

Vaja-Fshavela – Ertxelc Iqneba, Movkvdebi

ოთარ ჭელიძე – "მალე გაზაფხული მოვა"

October 24, 2013 § 1 Comment

მალე გაზაფხული მოვა
და შენ ყვავილები ქარში,
ალბად გეგონება თოვა
ქოლგას უნებლიედ გაშლი.

ჭრელი აბრეშუმის ჭერი
სად არ წამოგყვება თრთოლვით,
ვიდრე ჩამოდგება ჯერი
სულში უსასრულო თოვის.

რაღაც გარდაუვალს ბავშვი
შენდაუნებურად ხვდები,
ქოლგა გაშავდება მაშინ
როცა გათეთრდება თმები.

მაგრამ გირჩევნია ახლა
ფიქრში ჩაღრმავება უჩვევს,
წაჰყვე მანქანათა ნახნავ
თოვლში გამოხვეულ ქუჩებს.

მალე გაზაფხული მოვა
და შენც ყვავილები ქარში,
ალბად გეგონება თოვა
ქოლგას უნებლიედ გაშლი.

Otar Chelidze – Male Gazafxuli Mova

გალაკტიონ ტაბიძე – რომელი საათია?

October 24, 2013 § Leave a comment

ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ უცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე –
რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, –
რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!”
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე –
რომელი საათია?

Galaktion Tabidze – Romeli Saatia?

მიხეილ ქვლივიძე – "რამდენი ჩვენგან წასული კაცის"

October 24, 2013 § Leave a comment

რამდენი ჩვენგან წასული კაცის
ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,
მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც _
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს.
ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ,
ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას,
მან კი გულები დაგვწყვიტა ბოლოს _
კაცმა, რომელიც დააკლდა ქალაქს.
მისი დაკარგვის მწარეა განცდა
(ვერ ამოვავსებთ ცარიელ ალაგს),
რადგან ვერც ერთი ვერ მივალთ მასთან _
კაცთან, რომელიც დააკლდა ქალაქს.
და ეხლა, როცა სუფრაზე, სადმე,
თვალს მოვკრავთ ღიმილს _
ნაცნობს და ალალს,
წარმოგვიდგება ძვირფასი სახე
კაცის, რომელიც დააკლდა ქალაქს…
და თითქოს ვითვლით _ ისევ და ისევ
გულში დაგროვილ სიკეთის მარაგს
და ღმერთს ვთხოვთ:
ღმერთო, გვაცხოვრე ისე,
რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!

Mixeil Qvlividze – Ramdeni Chvengan Wasuli Kacis

მირზა გელოვანი – "მიყვარს ნაბიჯი: დარხეული და წარამარა"

October 24, 2013 § Leave a comment

მიყვარს ნაბიჯი: დარხეული და წარამარა.
მიყვარს ვარდები: ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი.
და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი,
შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად.

ირიბად დავალ. ჩემი ლანდი ბარბაცით დამდევს,
ცა სისხლისფერად შეიღება, როგორც იარა.
ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებს
და შენს ბინის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად.

Mirza Gelovani – Miyvars Nabiji: Darxeuli Da Waramara

ირაკლი გაფრინდაშვილი – "როდის ახდები ჩემს ყველა ლექსში?!"

October 24, 2013 § Leave a comment

როდის ახდები ჩემს ყველა ლექსში ?!
ან როდის გეტყვი ”სად ხარ აქამდე ?”
როდის ჩადგება ჩვენს შორის ღმერთი ,
ან როდის გეტყვი ”მიყვარხარ ცამდე” …

როდის ვიპოვნი მე ჩემს სიმშვიდეს ?!
სავსე მთავრეს რომ ღელვას ვაბრალებ.
როდის ვუამბობ ზღაპარს ჩვენს შვილებს ?!
ან თვალებს როდის დავუბრიალებ …

როცა ჩემს ყველა ლექსიში ახდები
და როცა ორზე გადავმრალვდებთ …
როცა ამ ქვეყნად უკვე წავხდებით ,
წარსული შენზე ადრე გავხდები …

Irakli Gafrindashvili – Rodis Axdebi CHems Yvela Leqsshi?!
ირაკლი გაფრინდაშვილი – როდის ახდები ჩემს ყველა ლექსში?!

ვალერიან გაფრინდაშვილი – პროვინციალური გაზაფხული

October 24, 2013 § Leave a comment

ცვალებადია დრო და ალაგი.
ახლა მაისმა მოსვლა ინებოს,
როგორც პოეტი ელის ქალაქი
თეთრი ტყემლებით დაგვირგვინებას.

ო, ყველას ახსოვს ზამთარი დიდი!
მაგრამ გამოჩნდა ტყის იალქანი.
ვით აივანი ამაღლდა ხიდი
და აყვავილდა ძველი ბალკონი.

აღებენ ფანჯრებს ნაზი ხელები.
კვალად გაიხსნა ფუტკრების ტურნე.
კათოლიკური კარაველები
ცას უგზავნიან სალოცავ სურნელს.

რუხ მდინარეზე სოველი ტივი
და სააღდგომო რეკვა ზარების.
სადღაც იკერავს გამხდარი ქვრივი
კაბას ტრაურულს და უღარიბესს.

ცაზე ჰკიდია მზე – მალაღური,
აპრილი აკრავს მწვანე აფიშებს,
ვით ბალდახინის თეთრი მსახური
სასაფლაოსკენ ის მიაბიჯებს.

სადაც მოელის ლეში უძრავი
გაზაფხულს, როგორც თავის მესსიას
და იზრაილი შეუმუსრავი
კიდევ მოითხოვს შავ პროცესიას.

Valerian Gafrindashvili – Provincialuri Gazafxuli

ლადო ასათიანი – იმ სილამაზეს წარსულს

October 23, 2013 § Leave a comment

ჩემი ბავშვობის სახლთან
ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს
და შენ მაგონებ ახლა
იმ სილამაზეს წარსულს.
სხვა რამ, შაირის გარდა,
როგორ გაკადრო, აბა?
რარიგ გიხდება და გრთავს
ეს შინდისფერი კაბა!
ხედავ? ზამთარი ქრება,
ყვავილებს გაშლის ნუში;
ყველგან ხალისი… სევდა
მხოლოდ პოეტის გულში.
წუხილს წაიღებს ქნარი
და სტრიქონებად დაქსოვს.
— საღამო იყო წყნარი,
თქვენთან ვიყავი, მახსოვს… 
Lado Asatiani – Im Silamazes Warsuls

პაოლო იაშვილი – სონეტი ელლის

October 23, 2013 § Leave a comment

სონეტით მინდა ჩემი გრძნობა შენდამი ელლი
შენს სულს გადავცე!.. მაგონდება სოფელი შორი;
ერთმანეთს შევხვდით; ყვავილებით ხარობდა ველი.
იყავინაზი, ისე როგორც ტყის ნიამორი.

მე შემიყვარდი… და მიყვარხარ… და მარად გელი,
მე მინდა შენი სიახლოვე შენი ამბორი,
შენთვის ვოცნებობ მე, სონეტით მადიდებელი,
და შენით, ელლი, ანთებული, მზის თანასწორი.

ყვავილებია ჩემს გარშემო!.. მაისი მინდა…
ჩემო ბაღებო, აყვავილდით, იმხიარულეთ!
გაზაფხულის დღე, შემხვედრის დღე ხომ დაგვიბრუნდა?..

იცხოვრეთ ყველამ სიხალისით და სიყვარულით!..
და ამ ბუნების მე მანმადე ვარ გადამკიდე,
სანამ იმედი დამპიდრება, რომ გნახავ კიდევ.

Pavlo Iashvili – Soneti Ellis

გალაკტიონ ტაბიძე – "შენს ცისფერ თვალებს როცა შევხედავ"

October 23, 2013 § Leave a comment

შენს ცისფერ თვალებს როცა შევხედავ,
უსაზღვრო სევდას მე ვამჩნევ მათში…
და ფიქრი ფიქრზე თითქო სცურავენ
უსიტყვო ტბაში, უხმო კამათში.
და ხშირად მინდა გკითხო, თუ რისთვის
ასე სასტიკად გექცევა ბედი,
რისთვის წაგართვა სპეტაკი რწმენა,
რისთვის მოგიკლა ნორჩი იმედი.
მაგრამ, როდესაც წარმომიდგება,
რომ კაეშნისთვის სიტყვა არ არის,
მე მხოლოდ გიცქერ, გიცქერ და ვწუხვარ
ჩუმად მიმონებს დარდი სამარის.

ასე ორ გულში ერთი ნაღველი
გაუნელებლად იწვის და იწვის,
ასე იტანჯვის ორი არსება
და ვერრა უთქვამთ ერთმანეთისთვის..

Galaktion Tabidze – Shens Cisfer Tvalebs Roca Shevxedav

Where Am I?

You are currently viewing the archives for October, 2013 at leqsebi.