პაოლო იაშვილი – მეღორის ლოცვა

April 3, 2014 § Leave a comment

უფალო! უსმინე შავარდენს,
მის ხელით გიგზავნი ბარათს,
მიშველე ღორებში ჩავარდნილს,
ღორებში დარჩენილს მარად.
როგორც რომ ბურვაკი პალოზე
მინდორში ბაწარით აბია,
მარტო ვარ, უფალო, დალოცე
მეღორე ცრემლების ყლაპია!
უფალო! მომეცი სამხარი
ძაღლივით ამოსულს ცაზე,
და შენი პერანგი ნახმარი
ჩამაცვი ცოდვიან ტანზე.
მომეცი ბავშვებში ჩარევის
და მათთან თამაშის ნება.
უფალო! შენს გარდა არავის
არა აქვს ამის უფლება.
ფიქრები სამწყემსო ღორებზე
ყოველდღე ცრემლებით მსჯიდა.
უფალო, გალავნის ყორეზე
დამნიშნე ბეღურა ჩიტად.

Pavlo Iashvili – Megoris Locva

პაოლო იაშვილი – მეღორის ლოცვა

პაოლო იაშვილი – ყოველთვის მაისში

January 9, 2014 § Leave a comment

ავწიე ფარდა და მაისმა აკოცა მინას;
ვინც მე მიყვარდა ჩემთან არის და ჩემთან სძინავს.

ვაკოცებ ხელზე, როგორც წმინდანს გადავკოცნი მას.
და სხვა სახელზე მე დავიწყებ მერმე ოცნებას.

და მორიდებით კოცნას ვმალავ მე იმის თმაში,
და ძვირფას ქვებით მომინდება მერმე თამაში.

ზურმუხტს და ლალებს მოვიფანტავ ტანზე ძვირფასად,
დავხუჭავ თვალებს მეყვარება მაისის მსგავსად.

კოცნით გამთბარი, სიხარულში გავიწმინდები.
იღვიძებს ქმარი, რომ ჩამაცვას თეთრი წინდები.

ძვირფასი ქვები ჩვენს საწოლში დაიფანტება…
მე ვკვდები, ვკვდები — მისი ხელი მკერდს ელანდება.
შიშით ვიცანი: რომ მაისი გაგვითენდება
და ჩემი ტანი მზის ალმურში დაითენთება.

Paolo Iashvili – Yoveltvis Maisshi

პაოლო იაშვილი – ვალერიან გაფრინდაშვილს

June 21, 2013 § Leave a comment

როდესაც გძინავს დამძიმებულ წვიმიან დღეში,
შენ თმებს გივარცხნის ოფელია სუსტი თითებით.
იმას გედები ჩააბარეს თეთრ სამოთხეში
და გულსაფარი მოუქარგეს მარგალიტებით.

გაახელ თვალებს, მორცხვად იტყვი: ახ, უკაცრავად,
ჩამოხსნი ფრთხილად თეთრ ნაბადს და დერიდახოლებს,
და თუ დაჰკოცნი იმის თითებს დაუკაწრავად,
ათ კოცნას თვალი ათ მარგალიტს გადააყოლებს.

ქვეშევრდომ პოეტს ენა მეტად დაგებორკება,
აწვდი საყურეს თავდახრილი და უხერხული.
მან დაგავალა შენ მესტების ფეხზე მორგება
და ემზადება, რომ გამართოს ცაში ფერხული.

სურს ოფელიას პირველობა და ძვირფასობა,
ქალწულ სურვილებს გაგიმჟღავნებს და დაგენდობა,
და თუ მხოლოდ შენ გეკუთვნებოდა ეს დარბაზობა,
აღარ სჭირდება ოფელიას ცოდვის შენდობა.

და ეს შეხვედრა კიდევ ბევრჯერ რომ გამეორდეს,
რომ მის მადლობით ამაყობდეს პოეტის მკერდი,
შემოგთავაზებს ოფელია საკუთარ ორდენს,
რომ იყო მისი კავალერი შენ ერთად-ერთი..

Pavlo Iashvili – Valerian Gafrindashvili

პაოლო იაშვილი – პოეზია

May 16, 2013 § 1 Comment

გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები,
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.

არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი,
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.

დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული
და ხალხი ამბობს: „ეს კაცია ლექსის მწერალი“,
მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული
ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი, ტვინი ვერანი.

რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო,
რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა,
რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო,
რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა.

შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი,
და სისხლი, აზრი, სული იქცნენ იმის მონებად,
გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი,
აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.

რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი
ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს
და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,
მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია.

Pavlo Iashvili – Poezia
პაოლო იაშვილი – პოეზია

პაოლო იაშვილი – ლირიკული მისამართიდან

May 8, 2013 § Leave a comment

ჯერ სიყვარული ასე ფართო და ასე მთელი
მე არ მიგრძვნია – და ეს სიბრძნე დამბუდებია,
მოშვერილი ვარ შენზე გულით და როგორ გელი –
თვალები ამის უტყუარი საბუთებია.

ჩემი დაბნევა, ელდა, ყოველ წამით ცეტობა,
როცა არ მესმის, რას ამბობენ, რად მეძახიან,
უხერხულობა, ყველა დარდი, ყველა შეცდომა –
ეგ ყველაფერი, სანატრელო, შენი დაღია.

მოუსვენრობა ვერაფერმა ვეღარ გახარა,
გამოჩნდი იმ დროს, იჭვები რომ მებადებიან.
ნუ გეშინია, ჩემო კარგო, თმაში ჭაღარა –
ეს სინათლეა, სიყვარულს რომ შემატებია!

ოცდაჩვიტმეტი წელიწადი ისე გაცურდა
როგორც მხატვარის მეგობრობა საყვარელ ფერთან,
იყავი ჩემთან, გამტანელთან და ვაჟკაცურად,
ამ დიდ თვალებში ყოველ წამში ვიაროთ ერთად.

ნუ ჩაგაფიქრა ჭირვეული ჭორის ხროებმა,
ჩემთვის სიჩუმე ღამეში რომ მოიზანტება,
საშინელია, როგორც ომის მოახლოება,
საშინელია, როგორც ჩემთვის ტყვიის მზადება…

Pavlo Iashvili – Lirikuli Misamartidan

პაოლო იაშვილი – პირამიდები

December 30, 2012 § Leave a comment

იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება…
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და
დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

Paolo Iashvili – Piramidebi

პაოლო იაშვილი – წერილი დედას

December 30, 2012 § Leave a comment

მყუდრო სამყოფელი,
ქვიტკირის მაენები
და კატის კნუტები_სიმინდის ყანა!
ჰა! კინტოს პროფილე,
საეჭვო ტარნები,
და დავიკუნტები
ქალაქის ქუჩებში მე_ სალახანა.

ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!
მზის განიავება,კალო და კევრი
და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,
როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს,
ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.

იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!
მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ,
იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი,
როცა გაიხარა, რომ მე მეჭრებოდა პირველი კბილი;

როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი
და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,
ვით თვალის უპე _ როცა მე არ მახურავს ღამეში საბანი.

დედა! ინახულე
შენ წმინდა ხახული!
წადი ფეხშიშველი,
ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათია,
ღმერთო! აპატიე_
მე თუ ვერ მიშველი,
დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.

Paolo iashvili – Werili dedas

პაოლო იაშვილი – "ასეთ განთიადს წარმოიდგენს ფიქრის სიმარდე"

December 6, 2012 § Leave a comment

ასეთ განთიადს წარმოიდგენს ფიქრის სიმარდე;
დილა ქვიშაზე გაიშალა გამთბარ წუთებად;
ხელის გულიდან სიო ძირს რომ გადმომივარდეს
დანესტილ მოლზე ხმაურივით დაფაცურდება!

საბავშო ნავებს ჰგავს იხვების მცურავი ფარა,
ხის წვრილი წვერო დაემსგავსა ანთებულ ასანთს,
სიგრილე ტყეში ბუდობს, იგი არ გამომთბარა
და ფრინველების ჟრიამულიც არ ისმის არსად.

მაგრამ უეცრად შემოისმა მათი ჟრარუნი
ტყეში, ბალახში, ეს ხმაური სიომ დაბადა,
იგი მდინარის სარკეზეა გადაღვარული
და მცურავ იხვებს უშხაპუნებს ხმები საფანტად.

კლდის ნაპრალები გაღვიძებას ჩუმად ელიან
მყვინთავებივით ფერდობებზე მუხები ჩანან _
რადგან ჰაერის ელვარება ისე სქელია
რომ დიდ მდინარეს ემატება ზეციურ ფშანად.

მაგრამ ისევე შეიცვალა ბუნება რადგან
სხვა სიხარულმა დაკვირვება აღარ მადროვა:
როცა ყანაში მთესავების ნადური ჩადგა
და გადმოგორდა ნესტიანი ბელტების გროვა.

Paolo iashvili – Aset Gantiads Warmoidgens Fiqris Simarde
პაოლო იაშვილი – ასეთ განთიადს წარმოიდგენს ფიქრის სიმარდე

პაოლო იაშვილი – სტიროდნენ ერთად ჭიანურები

October 31, 2012 § Leave a comment

სტიროდნენ ერთად ჭიანურები
და სალამური ტკბილი ხმიანი;
სულს შეცდომისთვის ნუ ემდურები,
თუ გრძნობა იპყრობს მას ვნებიანი.
ვნახე ტოლები ცეკვით მთვრალები
უვლიდნენ წრესა ლამაზის რხევით;
_ ‘შენ მართლა გიყვარს ჩემი თვალები?”
_ “მე შენ მიყვარხარ”. _ “ ო! სთქვი გარკვევით!”
ბაგენი ლალის, მღერდნენ სიმთვრალეს,
პასუხი ალის ისმოდა ნელი.
“ჩვენ დავიღალეთ”, _ “ჩვენ დიდხანს გელით”
“შენ სედან მოხვალ?” _ “შორეულ ველით”
“ო! მსურხარ ძლიერ! მსურს კოცნა მწველი!”

და იყო კოცნა! თავს ივიწყებდნენ,
როგორც ფოთოლნი მთვარის დროს ქარში.
ხმები, ვით გველნი, ხვევნას იწყებდნენ..
მე ვგრძნობ შვენებას.. ვცხოვრობ სიზმარში.
Pavlo Iashvili – Stirodnen Ertad Chianurebi

Where Am I?

You are currently browsing the პაოლო იაშვილი category at leqsebi.