გრიგოლ აბაშიძე – "ცხოვრება ნათლის და ბნელის თამაშია"

April 3, 2014 § Leave a comment

ცხოვრება ნათლის და ბნელის თამაშია,
ბნელში შენ მიძღოდი, როგორც ნათლის სვეტი,
სხვისი შესაშური მე რა გამაჩნია-
შენი მშვენების და ერთგულების მეტი.

შური დამამხობდა დედაბუდიანა,
ალბათ ვერ შევძლებდი ამდენის ატანას,
შურმა შენს სიკეთეს დიდხანს უტრიალა,
ნაკლი ვერ უპოვა პატარაც.

კარი ვერ უპოვეს შენს წმინდა საყდარს,
რწმენა ვერ წაგართვეს მორწმუნეს,
შენი ერთგულების ციხე არ გატყდა,
ვერაფრით შენი თავი ვერ გამიორგულეს.

ჩემთვის არც ღამეა, არც დღეა,
შენს იქით, უშენოდ, რადგან
შენი ერთგულება გალავნად მარტყია,
შენი სიყვარული გვირგვინად მადგას.

შენს ღალატს ვინც ფიქრობს, წაღმა ნუმც უვლია,
ნუ შეუშინდები შენს სამტროდ აშლილებს,
შურიც უძლურია, ღვარძლიც უძლურია,
სიკვდილი? –მოვიდეს, მე არც ის მაშინებს.

Grigol Abashidze – Cxovreba Natlis Da Bnelis Tamashia

გრიგოლ აბაშიძე – შემოდგომა

October 19, 2013 § Leave a comment

რამოდენა ვენახია,
ან რამდენი ყურძენია!
რთველი დადგა, მოსაკრეფად
გამოსულან უთენია.

მე ვენახში პირველად ვარ,
ყველა ჩუმად მაკვირდება,
ჯერ არც კრეფა შემიძლია,
არც კალათის აკიდება.

არც იმაზე ვდარდობ,
წლეულს მოსავალი როგორია,
ჩემს წინ მწიფე ყურძნით
სავსე სამნაირი გოდორია.

ერთში – თეთრი, ერთში – შავი,
ერთში კიდევ – ქარვისფერი…
ხან ერთს ვყლაპავ, ხან მეორეს,
ლამის არის დავითვერი.

პატარა ვარ, გავიზრდები,
მოვა ჩემი გარჯის ჯერიც,
ჯერ ჯაგანი მომაწოდეთ,
ან აკიდო ამიჭერით.

რომ ყურძენი სახლის სხვენზე
ზამთარშიაც ეწყოს ბლომად…
უხვმა რთველმა, ბევრმა ხილმა
შემაყვარა შემოდგომა.

Grigol Abashidze – Shemodgoma

გრიგოლ აბაშიძე – მითხრეს,სიწითლემ გადამკრა წუთით

May 17, 2013 § Leave a comment

მითხრეს,სიწითლემ გადამკრა წუთით,
ვერ დავრჩი მშვიდად და არხეინად,
არც მყვარებიხარ,არც ჩემად მსურდი,
და მაინც ჩუმად რაღაც მეწყინა.

გათხოვდი,
ბოლოს ყველა თხოვდებით,
თითქმის ყველანი ხდებით დედები,
თქვენი სიმართლით,თქვენი ცოდვებით
მოძებნით,ვინმეს მიეკედლებით.

მაინც რად გვწყდება გული,რით არი?
თითქო ვშორდებით ვინმე ჩვენიანს,
თითქო გვაკლდება ერთი საზმარიც,
ჩიტი ყოფილა და გაგვფრენია.

შორით მომწონდი,მხვდებოდი წუთით,
დღეს თითქო ჩემი დასტოვე ბინა,
არც მყვარებიხარ,არც ჩემად მსურდი,
არც ვიცი,გული რატომ მეტკინა.

Grigol Abashidze – Mitxres, Siwitlem Gadamkra Wutit

გრიგოლ აბაშიძე – ზღვამ აგრე იცის

November 1, 2012 § Leave a comment

ზღვამ აგრე იცის,
ქარიშხალი ყალყზე შედგება,
აიჯაგრება და
მრისხანედ დაიგრაგნება,
ამოყრის ყველა სიბინძურეს
სიღრმეში დანთქმულს
და გეგონება
თვითონ ფსკერი ამოტრიალდა.

ზღვამ აგრე იცის,
ქარიშხალი როგორც ჩადგება,
დაცხრება ღელვაც
და გაქრება ტალღებთან ერთად
ქაფი და ჭუჭყი,
ზედაპირზე ბოღმად მომდგარი.

ზღვამ აგრე იცის,
დამშვიდდება ქარიშხლის შემდეგ,
განებივრებულ კატასავით
ფეხქვეშ გაწვება
და განაახლებს მომხიბვლელად
ლაჟვარდი ლივლივს.

და რომ ჩახედავ
გამჭვირვალე, კამკამა სიღრმეს,
ისევ ბავშვივით დაიჯერებ,
რომ ფსკერზე, მართლა,
მარტო მარჯნის და
მარგალიტის საუნჯენია.

ზღვამ აგრე იცის,
თურმე ხალხსაც ასე სცოდნია,
ქარიშხალივით აიშლება;
ყალყზე შედგება,
სულში დალექილ სიბინძურეს
გაცოფებული
ამოყრის მაღლა
შემზარავად, გულისამრევად…

და როცა ნგრევით
გულს იჯერებს, გაოგნებული,
დაცხრება, ისევ
ძველ სიმშვიდეს დაუბრუნდება,
და, რაც მშვენბა ჰქონდა ადრე,
ერთიათასად გამოაბრწყინებს
მთელი ქვეყნის თვალგასახარად.

ზღვამ აგრე იცის,
თურმე ხალხსაც ასე სცოდნია…

Grigol abashidze – Zgvam agre icis

გრიგოლ აბაშიძე – თვალი ცქერით, გული ძგერით

November 1, 2012 § Leave a comment

თუ ვღონდები, რაღად ვმღერი,
მთმენი ჭირთა ათასფერთა?!
ვერ გავაძღე თვალი ცქერით,
გული ძგერით არ დაბერდა.

საგალობელს უწყობს კილოს
ცალკე გული, ცალკე თვალი,
გაღვივებას კიდევ ცდილობს
ფერფლწაყრილი ნაღვერდალი.

ისევ ელის აფეთქებას,
ისევ ელის ახალ ელდას…

და სიმღერაც არ ბერდება,
რაკი გული არ დაბერდა!

Grigol abashidze – Tvali cqerit, guli dzgerit

გრიგოლ აბაშიძე – თუმც უნაპირო გაქვთ მიწა-წყალი

November 1, 2012 § Leave a comment

თქვენ მიაღწიეთ მიზანს სასურველს,
თეთრო ვეშაპო, შავო ურჩხულო _
ჩვენს მოსასპობად სხვები აღჭურვეთ,
თავს დაგვახვიეთ ყველა ურჯულო.

შემოგვასიეთ ყველა მზაკვარი,
სისხლის წყურვილით მხეცი აღანთეთ…
იწვის ქართველი ბავშვის აკვანი
და ჩვილის სისხლი ღმერთს შეჰღაღადებს!

ქარი ქრის, მთებში გზა დათოვლილა,
ისმის მოთქმა და წყევლას უთვლიან
მათ, ვინც აქცია მკვიდრი ლტოლვილად
და ამოძირკვა დედა-ბუდიან.

თუ წყევლა-კრულვა ხალხების ახდა,
ნათელი როგორ უნდა იხილოთ?!
თქვენ საპყრობილე აშენეთ ხალხთა
და არ გრცხვენოდათ, ვაი სირცხვილო!

სულ სხვის მიწაზე გეჭირათ თვალი
და შიშს სთესავდით ხიშტით, შეტევით,
თუმც უნაპირო გაქვთ მიწა-წყალი,
მაინც არ გყოფნით და ვერ ეტევით.

კმარა! სისხლიან ხელს ნუღარ იწვდით,
შველას, მშვიდობას ყველგან ითხოვენ…
და თქვენც გაძღებით ბოლოს იმ მიწით,
მიწით, რომელიც შეგჭამთ თვითონვე!

Grigol abashidze – Tumc unapiro gaqvt miwa-wyali

გრიგოლ აბაშიძე – ნახანძრალ თბილისში

November 1, 2012 § Leave a comment

თბილისის ზეცას, ღრმას და უძიროს
გადაეფარა მწუხრის ზეწარი.
სახლთა ამ ჩონჩხებს როგორ ვუცქირო!
ამ უბედურ დღეს რად მოვესწარი!

ნაცნობი ქუჩაც, გზაჯვარედინიც,
თვალდათხრილია და შავად ბოლავს…
ისევ მობუნდა ჯალალედინი?
ისევ წავაგეთ კრწანისთნ ბრძოლა?

არა! კაენის ჰკივის მახვილი,
ეს ძმისმკვლელს დარჩა კვალი შავბნელი,
ცას შეჰღაღდებს სისხლი დაღვრილი,
უღვთოდ დაღვრილი სისხლი აბელის.

ვაი, ქალაქის ძვლებო ბებერო,
ვაი, დაშლილო ხანძრით ქვიტკირო!
რომელი ერთის ფერფლს მოვეფერო,
რომელი ეთი ძმა დავიტირო?!

და როცა ვწყევლი განხეთქილებას,
ცრემლიან თვალებს მივაპყრობ ცისკენ…
დავდივარ,
მტკივა
და მეტირება…
უფალო, გვიხსენ!
უფალო, გვიხსენ!

Grigol abashidze – Naxandzral tbilissshi

გრიგოლ აბაშიძე – ოდა თავისუფლებას

November 1, 2012 § Leave a comment

ის მოდის ზღაპრულ მშვენებით სავსე,
ასული ცეცხლის ნგრევის და შფოთის,
ტყვიების თქეში გადასდის თავზე
და დაცემულთა გვამებზე მოდის!

თმებში უბრწყინავს ხანძრების ფერფლი,
ფეხს რომ აბიჯებს ტყვიით მოცელილთ,
ვაშას მოსძახის მისსივე მსხვერპლი,
მის ნატერფალზე სისხლის მკოცნელი.

ძირს დამსხვრეული გდია უღელი,
მაჯებს აჩნია ბორკილის ჟანგი;
მოდის ამაყად წარბშეუხრელი
და წინ მოუძღვის ღვთიური ჰანგი.

სანდომიანი და ფეხშიშველი
მოდის ღვთაების ხელით ნახატი,
მოდის მიმნდობი და მიმზიდველი
და შუბლს უმშვენებს სისხლის ნაკადი.

ოცნება ხალხთა, ნატვრა მგოსანთა,
მოდის, მოაფრქვევს ელვას ტყვიებად…
მზის ამოსვლას ჰგავს მისი მოსვლა და
მას ყველაფერი ეპატიება.

Grigol abashidze – Oda tavisuflebas

გრიგოლ აბაშიძე – ორგვარი სინანული

November 1, 2012 § Leave a comment

გვიან მივხვდი: ყოველი,
ცუდიც, კარგიც მოაქვს დროს.
ჩემს ბედს ვგმობდი, რომელმაც
შენს დაცემას მომასწრო.

ეხლა სინანულსა მგვრის
ნაღვლიანი ფიქრები:
შენ რომ აღორძინდები,
მე ხომ აღარ ვიქნები!

მე მივდივარ, შენ გტოვებ,
თითქმის სასომიხდილად.

შენ აღდგები, მაგრამ მე…
მე შენ ვეღარ გიხილავ!

Grigol abashidze – Orgvari sinanuli

გრიგოლ აბაშიძე – რა დამაძინებს

November 1, 2012 § Leave a comment

გადაიარე, შავო ღრუბელო, 
მოთქმავ მიყუჩდი, ცამდის ასულო! 
ვაი დალო და ვაი ჭუბერო, 
ვაი გოლგოთის გზავ, უსასრულო! 
ბალღებს რა უნდათ ამ ბნელ ღამეში, 
როგორ დაძლევენ ამ გრძელ მანძილებს!? 
მე მათი კვნესა ახლაც ჩამეცმის, 
რა დამძინებს, რა დამაძინებს! 
Grigol abashidze – Ra damadzinebs

Where Am I?

You are currently browsing the გრიგოლ აბაშიძე category at leqsebi.