გოდერძი ჩოხელი – მე რომ ვიყო გაზაფხულის დილა

October 8, 2014 § Leave a comment

მე რომ ვიყო გაზაფხულის დილა
და უბეში მთის ნიავი მეჯდეს,
მოვიდოდი სუყველასთან ფრთხილად
და იმ ნიავს მოგისვამდით გვერდზე.

მე რომ ვიყო შემოდგომის ქარი,
აქეთ-იქით რომ ატოკებს ხეებს,
ვიქნებოდი, ვიქნებოდი წყნარი,
რომ მეფიქრა სიყვარულით თქვენზე.

მე რომ ვიყო შავ სიკვდილის ცელი
სუყველას რომ განურჩევლად სცელავს,
გავლღვებოდი, რომ არ ვიყო მჭრელი,
ჩაგივლიდით, ჩაგივლიდით ყველას.

და იცოდეთ, შევასრულებ ნატვრას,
მე გავხდები გაზაფხულის დილა.

Goderdzi Choxeli – Me Rom Viyo Gazafxulis Dila
გოდერძი ჩოხელი – მე რომ ვიყო გაზაფხულის დილა 

გოდერძი ჩოხელი – "ცა იყო შორი, ძალიან შორი"

October 4, 2014 § Leave a comment

ცა იყო შორი, ძალიან შორი,
ცაზე შენფერი მთვარე ესვენა.
მერე გორდაგორ ჩამოხდა მთვარე,
ჩამოდგა ჩემთან და მომეფერა.
ცა იყო შორი, ძალიან შორი,
ცა იყო შენი სულივით წმინდა…
მე გამახსენდი იმ ცაზე შორი
და ჩემს თვალებში უღრუბლოდ წვიმდა…

Goderdzi Choxeli – Ca Iyo Shori, Dzalian Shori
გოდერძი ჩოხელი – “ცა იყო შორი, ძალიან შორი”

გოდერძი ჩოხელი – "მარადიული რა არის"

October 3, 2014 § Leave a comment

მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ნეტავ იმქვეყნად გრძელდება
კაცის თავგადასავალი?
ბევრი მოსულა ამ სოფლად,
აღზევებულა მრავალი,
მოკლეა წუთისოფელი,
წამით წამამდე სავალი.
სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი,
არ იშოვება წამალი,
მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს
ცაზე მზე ამომავალი.
ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა
ჩემთვის სამარის კარია,
რაც უნდა ბევრი ვეცადო,
დადგება ჩემი ჟამია,
კაცს თავის ავლადიდება
საიქიოში თან მიაქვს.


მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ბევრი მინახავს მოსული,
წასული _ უფრო მრავალი,
ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით,
საიქიოსკენ სავალი,
ყველა იმ გზაზე მივდივართ,
მათხოვარიც და მთავარიც,
სუყველას ზურგზე ჰკიდია
თავის თავგადასავალი,
მარადიული ამქვეყნად
მარტო უფალის გზა არის

Goderdzi Choxeli – Maradiuli Ra Aris
გოდერძი ჩოხელი – მარადიული რა არის

გოდერძი ჩოხელი – სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო…

October 3, 2014 § Leave a comment

კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი…
კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
კლდეებზე იპოვე ძილი!
სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.
ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
_ იყო გოდერძი ჩოხელი!
ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
სუნთქვას რომ გაატან ნიავს,
ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
კლდეებში შენს ძვალ-რბილს
რომ ვერვინ იპოვის,
კუბო რომ არავის მიაქვს,
შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი…
სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
_ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!
_ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!.

Goderdzi Choxeli – Stqvi Da Aasrule, Goderdzi Choxelo…
გოდერძი ჩოხელი – სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო…

გოდერძი ჩოხელი – "მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს"

October 2, 2014 § Leave a comment

მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს
ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს,
რისთვის მოვედით? ე, რას გაიგებ _
მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს,
მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად,
ისე სხვაგვარად შემიყვარდები,
მოვა ზამთარი, შენ სანახავად
ზეციდან მოვა თეთრი ვარდებით.
მოვა თოვლი და თრთოლვით, სინაზით
მიწაზე თეთრად დაეფინება
და სანამ მოვა _ ო, ნურაფერი,
ო, ნურაფერი ნუ გეწყინება…

Goderdzi Choxeli – Mova Tovli Da Sxvagan Waigebs
გოდერძი ჩოხელი – მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს

გოდერძი ჩოხელი – "ამომიტანეთ…"

October 2, 2014 § Leave a comment

ამომიტანეთ,
რომ მოვკვდები ,
საჯიხვეზე ამომიტანეთ…
აქედან კარგად ჩანს საქართველო…
აქ ნისლი დიდხანს არ ჩერდება,
აქ ნისლი ქარში იწეწება,
ამომიტანეთ,
აქედან გული ამაყად იხედება;
კლდედ რომ ვიდგები
დედაჩემი აღარ დაბერდება.
ამომიტანეთ,
რომ მოვკვდები,
საჯიხვეზე ამომიტანეთ ,
აქედან კარგად ჩანს საქართველო….

Goderdzi Choxeli – Amomitanet
გოდერძი ჩოხელი – ამომიტანეთ

გოდერძი ჩოხელი – მე და ყივჩაღი

October 2, 2014 § Leave a comment

სამზღვარსა მუხრანისასა
რო ვეგდეთ მე და ყივჩაღი,
ის რო სისხლს ლევდა, მენაცა
რო ვეყარენით პირჩაღმით.
ცოლი რო სხვაგან წავიდა,
რო გახდა დუშმანისია,
ე, მაგით ძალმიცემული
ყივჩაღი წამოიწია.
მე რო ის მკვდარი მეგონა,
ის თურმე არ მომკვდარიყო,
შორით მიმზერდა, ფიქრობდა,
იქნება დრო დამდგარიყო…
და როცა ჟამი იგულა,
მომვარდა ხმალმოღერებით
პური კი აღარა მთხოვა,
პური ისედაც მისია,
ცხენი კი აღარა მთხოვა,
ცხენი ისედაც მისია,
ცოლი კი აღარა მთხოვა,
ღმერთმა გაიგოს, ვისია…
მამული მთხოვა _ ვერ მივე,
ის ჩემი წინაპრისია.
შემომიტია ყივჩაღმა,
ჯიქურ და ჯიქურ მიტია,
ვახ თუ მამული მას დარჩეს,
მე გავხდე საძრახისია.
იმედი მრჩება ღმერთისა,
თან ჩემი პაპებისია.

Goderdzi Choxeli – Me Da Yivchagi
გოდერძი ჩოხელი – მე და ყივჩაღი

გოდერძი ჩოხელი – "ჰოი, კუზიანი დედამიწავ"

October 2, 2014 § Leave a comment

ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ჰბრუნავ და გვაბრუნებ ყველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
მე შენგან მოველი შველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო,
არაგველების მოზარე ვარ,
სათხოვარს უნდა ჩაგეტირო.
ოღონდ ნუ იქნება:
მთიულეთი _ ნამთიულარი,
ხევსურეთი _ ნახევსურალი,
ფხოვი _ ნაფხოვარი,
ხევი _ ნახევარი…
კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და
ნუ გახდება საქართველო
ნახევრის _ ნახევარი.
და შენ, კუზიანო დედამიწავ,
რამდენიც გენებოს, იტრიალე!

Goderdzi Choxeli – Hoi, Kuziano Dedamiwav
გოდერძი ჩოხელი – ჰოი, კუზიანი დედამიწავ

გოდერძი ჩოხელი – "სად დაგოჩოქო, არაგვო"

July 10, 2014 § Leave a comment

სად დაგიჩოქო, არაგვო,
რომელ ტალღაზე გემთხვიო,
თუ მუხლის ჩოქით ამოგყვე,
სათავეს გადავეხვიო.
შენი ნაპირის ლოდები
მინდა, ჩავიწყო გულშია,
თუ სათავემდე ვერ მოვე,
დაგხვდები ანანურშია,
ჭრელ ღილად დაგეკერები
მაგ მოლივლივე სულშია.

Goderdzi Choxeli – Sad Dagichoqo, Aragvo

გოდერძი ჩოხელი – ერთ რამესა გთხოვთ, ყორნებო!

April 18, 2014 § Leave a comment

თუ მკვდარი მნახოთ, ყორნებო,
ერთსა გთხოვთ, თქვენი ჭირიმეთ:
როგორც არ უნდა გშიოდეთ,
როგორც არ უნდა გიჭირდეთ,
თვალები არ ამომთხაროთ,
ეს ვაჟკაცობა იტვირთეთ.
რა ვიცი, იქნებ, თვალები
სამარეშიაც დამჭირდეს,
უთვალოდ მნახოს დედამა,
ცხარე ცრემლებით ატირდეს..

Goderdzi Choxeli – Ert Ramesa Gtxovt, Yornebo!

Where Am I?

You are currently browsing the გოდერძი ჩოხელი category at leqsebi.