ბექა აბუთიძე – წერილი

May 16, 2013 § Leave a comment

მე არ მინახავს აფხაზეთი და…
არ ვიცი, არის თუ არა სოხუმში
ვიწრო ქუჩები, ან რომელ ბაღშია
უფრო ხშირი იასამანი.
რა ფერია ზღვა და თუ აგროვებს
ვინმე ფერად კენჭებს.
არ ვიცი რომელ ფანჯარაში ცხოვრობს
ლამაზი ქალი და არ დამითვლია
აივნიანი სახლები.
არ ვყოფილვარ მოხუცის სტუმარი,
სევდიანი მოგონებები, მაგნოლიები
და ფორთოხლის ბაღი რომ აქვს
ეზოში. რამდენი ნაბიჯია
ჩემიდან ზღვამდე……

არ მინახავს აფხაზეთი და
ვერ ვწერ საქართველოზე…
არავის მიმიმსგავსებიხარ და
არ გამხსენებია შენი მიხვრა_მოხვრა,
ხეტიალისას.
ვიცი ხშირად წვიმს და ნაწვიმარზე…
ფორთოხლის ბაღი და
შილიფად ჩაცმულს შეგხვდე მეზობელ
ქუჩაზე, მინდა.
არ დამითვლია აივნიანი სახლები.
.….….
უნდა ვნახო აფხაზეთი!
სანამ ნაწვიმარზე, ქართული სისხლის
სუნი ასდის აფხაზურ მიწას…

Beka Abutidze – Werili

ბექა აბუთიძე – შედარება

May 16, 2013 § Leave a comment

მე დავინიშნავ ამ მყუდრო ალაგს,
ფერს არ შეიცვლის მოსვლამდე ლოდი.
დღეის სწორს ლექსით ვეტყვი ჩემ ქალაქს
რა უფრო მწამდა და რას ველოდი.

მოვალ და ისევ მზე თუ დამხვდება
და ვინმე უცხოც, რომ არ ველოდი…
მე ვიტყვი, (ლოდი დამეთანხმება)
რა სევდიანი ხმებით ვმღეროდი.

ეს ჩემი სევდა შურად შერაცხეს,
ყოველი წამი ფიქრით მიქროდა.
მე ვაღიარებ, (ლოდი შემარცხვენს)
თვითმკვლელობაზე ხშირად ვფიქრობდი.

მე ამ ადგილას ვიქნები ხვალაც,
და მზის ჩასვლისას უფრო გელოდი…
ემახსოვრება ალბათ ჩემ ქალაქს
რა სევდიანი გრძნობით ვმღეროდი…

Beka Abutidze – Shedareba

ბექა აბუთიძე – ფიქრი მგზავრობისას

May 16, 2013 § Leave a comment

(მოკლე მანძილზე)
ვერ შევაფასე ვატყობ ამინდი,
დღეს არ ველოდი ასე ღრუბლიანს.
(ახლა ხომ მაინც ვიცი რა მინდა,
გვერდით შიშველი ორი მუხლია)
ცხოვრებასავით (ვამხელ) ამინდსაც
არ მოველოდი ასე ღრუბლიანს.
(ახლა ჰო) მაგრამ მერე რა მინდა,
გაუწვიმებლად გადაუღია…
…და რომ არ მცმოდა ასე შილიფად,
გამოვივლიდი ამ გზას ფეხითაც…

Beka Abutidze – Fiqri Mgzavrobisas

ბექა აბუთიძე – საკრალური ქარები

May 16, 2013 § Leave a comment

მტვრიან ეპიტაფიებს შლიან ფოლიანტებად
საკრალური ქარები…
და ჰყვებიან მწუხარედ,
სავსე მთვარის არილი, წლები მჭვირვალ ლანდებად
მხოლოდ გაელვებაა…
ეპოქები მქუხარე.
მგლოვიარე ნისლების შენიღბულ მისტერიით,
საფლავიდან საფლავში
სულთა გადახეტების
უძიროა წუხილი, გაყინული კერიის
ზამთრიან ზღვის აპრილი,
იალქნიან ხედებით.
ეჰ, დრო მთვარის პროფილზე ამღვრეული მტვერია,
ყორნისეულ ცრემლების
გიშრიან კრისტალებით
მწველი ამაოების საფლავებზე წერია:
დაამსხვრევენ ეპოქებს
საკრალური ქარები…

Beka Abutidze – Sakraluri Qarebi

ბექა აბუთიძე – მზით ვიმოსები

May 16, 2013 § Leave a comment

მომაქვს ოცნება მზის სიმაღლიდან,
მზით ვიმოსები, მზე მემატება.
ვზივარ და ვხედავ, როგორ აკლია
მზის ჩასვლას სამი თითის დადება.

ვზივარ და ვხედავ, როგორ აკლია
მზის ჩასვლას სამი თითის დადება.
მომაქვს ოცნება მზის სიმაღლიდან,
მზით ვიმოსები, მზე მემატება…

Beka Abutidze – Mzit Vimosebi

ბექა აბუთიძე – ვაკის ფიროსმანი

May 16, 2013 § Leave a comment

დრომ მარმარილოდ უქცია ტილო
და დაივიწყეს დიდი ხანია.
თქვენთვის უბრალო ლოთია ილო,
არადა ვაკის ფიროსმანია.

საფლავებს უფრო მეტი აქვთ კითხვა
(არა აქვთ შური და ამბიცია)
შეეშვი, ხალხმა რაც უნდა ის თქვას,
აქ მხოლოდ მკვდრების ფასი იციან.

ახლა უბრალო ლოთია ილო,
რაც დაივიწყეს, დიდი ხანია.
დრომ მარმარილოდ უქცია ტილო
და სასაფლაოს ფიროსმანია…

Beka Abutidze – Vakis Firosmani

ბექა აბუთიძე – ერთი ლექსისთვის

May 16, 2013 § Leave a comment

ერთი ლექსისთვის ცხოვრება დათმე!
_ მე პოეზიამ ასე დამდაღა.
ვიცი ერთხელაც შემხვდები სადმე
და მეტყვი: ღმერთო, როგორ გამხდარხარ!

გკითხავ უჩემოდ შენ თუ დაღონდი
და ლოცვასავით გეტყვი სტრიქონებს.
რატომ აქამდე არ მოგაგონდი?!
ახლა დამპირდი, რომ მომიგონებ.

ერთი ლექსისთვის ცხოვრება დავთმე,
დამპირდი ისევ, რომ მომიგონებ!
ვიცი ერთხელაც შემხვდები სადმე
და ლოცვასავით გეტყვი სტრიქონებს…

Beka Abutidze – Erti Leqsistvis

ბექა აბუთიძე – გზა

May 16, 2013 § Leave a comment

გზა
რომ
ნელ_ნელა
უნდა
შემოკლდეს,
არც არაფერი
შავდება
ამით.
არ შემიძლია
თვალებში
გიყურო
და
ისე მოვკვდე.
ამომავალ
მზეს
გახედე,
სულ
ერთი წამით…

Beka Abutidze – Gza

ბექა აბუთიძე – 8 თებერვალი

May 16, 2013 § Leave a comment

(ისე უბრალოდ)
ცხოვრებას ჩემი არა აქვს ვალი,
წუხელ გავცივდი და ტანში მამტვრევს.
მე მგონი იყო 8 თებერვალი,
რომ შემოაკვდა პუშკინი დანტესს.
ვფიქრობ, სალექსედ თავს არ ვიქეზებ.
(მე მიყვარს როცა ჩემზე დარდობენ)
და არ არსებობს ახლა მიზეზი
დღეს თავის მოკვლას რომ მომანდომებს.
“ცხოვრებას უყვარს მახის დაგება”
ამოვაყოლე სხვის აზრს ნაფაზი.
ზოგს მცირეც ისე ეამაყება
მე ჩემ ტანჯვასაც რომ ვერ ვაფასებ.
თარიღს არასდროს მიუძღვის ბრალი,
ბედს, არ ვცდილვარ და ვერც დავუშლიდი.
უბრალო იყო 8 თებერვალი
რომ შემოაკვდა დანტესს პუშკინი.

Beka Abutidze – 8 Tebervali

ბექა აბუთიძე – ხსოვნიდან მცირე ამონარიდზე

May 16, 2013 § Leave a comment

ხსოვნიდან მცირე ამონარიდზე
მომყვება ხოლმე ფიქრი მწუხრიდან,
და მეჩვენება თითქოს მარიდებ
თვალებს, მზესაც რომ არ დაუხრიდი.

მე არ შევცვლილვარ კარგო იოტით,
რა ვქნა, თუ ჩემით ვერ იამაყებ.
და მაგონდება როგორ მტკიოდი.
იმ დროის მტვერში ბევრი დავმარხე…

დრო იყო ერთი, ლექსი მებადა
(და მეგობრების წრე განახევრდა)
მე მიყვარს მხოლოდ მოგონება და
წარსულზე დარდის მსუბუქი სევდა.

ერთადერთი გზა დარჩა წარსულთან,
გზა იასამნის ფერი ხიდებით.
განა რა მოხდა, რაც ჩვენ არ გვსურდა?
მაინც, ხანდახან როგორ მჭირდები…

ცხოვრების მცირე ამონარიდზე
თუ გამომყვება ფიქრი მწუხრიდან.
ბავშვივით ვშიშობ, შენ ამარიდებ
თვალებს, მზესაც რომ არ დაუხრიდი…

Beka Abutidze – Xsovnidan Mcire Amonaridze

Where Am I?

You are currently browsing the ბექა აბუთიძე category at leqsebi.