ოთარ ჭილაძე – დედათა მონასტერი

October 8, 2014 § Leave a comment

ეს ჩემი ცხოვრება, დაო პელაგია,
ჩემი სიმარტოვის არქიპელაგია,
თან ამ სიმარტოვეს ვეღარც შეველიე
თავი შემაყვარა ისე ვერაგია.

მთებზე დაძენძილი მძიმე ღრუბელია
თითქოს მეწამული ქრისტეს პერანგია
სულ ქარს წაუღია რაც კი უმღერია
ამ გულს სიყვარულით, დაო პელაგია.

ქარით ნაცემი და ქარით დამსხვრეული
სხვას ვის გაახარებს-თავსაც ვერ არგია,
ფიქრის გალიაში ძალით დამწყვდეული
მაინც ქარზე ფიქრობს, დაო პელაგია.

Otar Chiladze – Dedata Monasteri

ოთარ ჭილაძე – დედათა მონასტერი

ოთარ ჭილაძე – "ჩემი გონების პაწაწინა ეკრანზე დღემდე"

October 4, 2014 § Leave a comment

“ჩემი გონების პაწაწინა ეკრანზე დღემდე
აღბეჭდილია ერთადერთი კადრი ფილმისა,
რომელსაც ,,ჩვენი ცხოვრება” ჰქვია –
ჩემს მხარზე მშვიდად თავმიდებული,
ზიხარ და სუნთქავ –
რაც არასოდეს არ მომხდარა სინამდვილეში,
ვერ მოვიცალეთ საამისოდ,
ჩვენ ხომ უაზროდ
და უსაშველოდ
და ვარსკვლავებზეც უფრო მეტად ვართ მოწყვეტილნი
ერთმანეთს… მაგრამ კი არ ვცდილობთ,
მხოლოდ ვოცნებობთ,
თავისით როდის ამოივსება
ეს გამთიშავი, გამთოშავი სიცარიელე,
რომელმაც გვშობა რაღაცისთვის
და რომელშიაც
თანდათანობით ვითქვიფებით
რაღაცის გამო.”

Otar Chiladze – Gonebis Pawawina Ekranze Dgemde
ოთარ ჭილაძე – ჩემი გონების პაწაწინა ეკრანზე დღემდე

ოთარ ჭილაძე – რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით…

October 4, 2014 § Leave a comment

რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით,
ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !
მაგრამ ამ სიტყვას ახლა
იაფი სცენის სურნელი ახლავს
რაც არც უხდება და არც სჭირდება,
ამიტომ, ალბათ, გამიჭირდება
მისი წარმოთქმა, მაგრამ გახსოვდეს,
მაგრამ გჯეროდეს, რომ არასოდეს
არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს,
შენგან მრავალი ტკივილის მნახველს.
და გზა რომელიც გაიყო ორად
და უკვე იქცა ცოდვად და ჭორად
იყოს დღეგრძელი, რომ შენი წილი,
თავისი ღორღით, მტვრითა და ჩრდილით
ტანჯვის გზად იქცეს და უცხო თვალი:
ყრმის თუ მოხუცის, კაცის თუ ქალის,
გხედავდეს მხოლოდ ამ გზაზე მავალს,
რადგან დღეიდან მე შენი ხმა ვარ,
რადგან მე უკვე ვიყავი ღმერთთან და მოვიგონე
ეს გრძნობა ჩემთვის,
ჩემს დასაცავად და დასაღუპად
და რისხვა გულმა რაც დააგუბა,
რაც გულს აქამდე ძალით ეკავა,
წვრილმან გრძნობების წასალეკავად
გასასვლელს ეძებს, რომ დღეის იქით
შენს ნაკვალევზე დიოდეს იგი.
და უსასრულოდ, დღისით თუ ღამით
და თუნდაც მხოლოდ სულ ერთი წამით
იქცეს კოშმარად და მოჩვენებად,
დაგიფრთხოს ძილი და მოსვენება
რომ ფრთებშეკვაცილ ფრინველის მსგავსად
აღარ შეგეძლოს გაფრენა არსად.
მერე რა მოხდა თუ უცხო თვალი
ჩვენი უცნაურ სეირით მთვრალი,
ბაგეს გადასცემს დამცინავ ღიმილს
და იმ ღიმილის უხეში ქიმი
გაგვივლის გულში…
შენ კი გახსოვდეს,
რომ ვერ მიაგნებ ხსნას ვერასოდეს,
რომ მე ვარ ჯვარიც და ეშაფოტიც
და ჩემი სულის ყველა ნაფოტი
იმ კოცონისთვის მზადდება ახლა,
რომელზეც შენი სურვილით ახვალ.
მაგრამ იქამდე შენი სახელი,
ვით ჩემი მტრების თანამზრახველი,
ან ვით ურჩხული: ცხრა ხმით, ცხრა ხელით
დამახრჩობს, თუკი ამოძახებას
ვერ შევძლებ უცებ.

Otar Chiladze – Ra Moxda Tuki Vegar Shevxvdebit
ოთარ ჭილაძე – რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით…

ოთარ ჭილაძე – "ეს წელიც გაქრა"

October 3, 2014 § Leave a comment

ეს წელიც გაქრა, უკვალოდ გაქრა
და არა მხოლოდ ჩემთვის – ყველასთვის.
მეც უნდა გული მწყდებოდეს, მაგრამ
მოლოდინით ვარ სავსე ყელამდის.

და მიხარია, რომ გაქრა ისიც,
როგორც გადაღლილ ხსოვნაში ჭორი,
ანდა ვარსკვლავი რომ ქრება დღისით,
გადაყვარებულ ქალივით შორი.

გარემოცული თოვლით და ქარით,
თავის ბუნაგში ცხოვრობს ქალაქი,
იხურება და იღება კარი,
საფეხურებზე ხმება ტალახი.

წელი კი გაქრა, ვით წვიმის წვეთი,
როგორც უთვალავ ლანდებში ლანდი,
როგორც ღრუბლებში მწვერვალის წვერი,
როგორც გაქურდულ ტაძრიდან ხატი.

კეტავენ კაფეს, გამოდის კინო,
გაჩერებებზე გროვდება ხალხი
და უნებურად ფიქრობს და ცდილობს
დამალოს მკაცრი ნაკვთები სახის.

ქუჩებში დაძრწის თოვლი და ქარი,
დაღლილი ყალბი ცრემლით და ფიცით,
და ყველა ჩქარობს, რომ ბებერ მთვარეს
მიუჯახუნოს კარები ცხვირწინ.

იმედისა და ოცნების მსგავსი
ფანჯრებზე ბზინავს ნაძვის ტოტები
და საახალწლო ვნებებით სავსე,
კიდევ ერთი წლით გიახლოვდები.

Otar Chiladze – Es Welic Gaqra
ოთარ ჭილაძე – ეს წელიც გაქრა

ოთარ ჭილაძე – "ხეებს ფოთოლი დასცვივდა ისევ"

October 3, 2014 § Leave a comment

ხეებს ფოთოლი დასცვივდა ისევ-
სიბერის შუქით განაზებული-
და ტოტებს შორის გამოჩნდა სივრცე,
აქამდე თითქოს არარსებული.
მერე კი მთებზე მოთოვა ოდნავ
და დღე ბრმასავით დაიბნა ქარში…
შენც ფრთები უკვე გაშლილი გქონდა
და ვერ მივმხვდარვარ – რატომღა დარჩი.

Otar Chiladze – Xeebs Fotoli Dascvivda Isev
ოთარ ჭილაძე – ხეებს ფოთოლი დასცვივდა ისევ

ოთარ ჭილაძე – "წვიმს, მოწყენილი და სველი კვამლი"

October 2, 2014 § Leave a comment

წვიმს, მოწყენილი და სველი კვამლი
ცას ეტმასნება და სადღაც ერთვის,
ეს შემოდგომის დღეებიც წავლენ,
ხსოვნას შერჩება ათასში ერთი.

აი, გაივლის სულ ცოტა ხანი,
მეც მოგონებად ვიქცევი შენთვის.
წვიმს. მოწყენილი და სველი კვამლი
ცას ეტმასნება და სადღაც ერთვის.

Otar Chiladze – Wvims, Mowyenili Da Sveli Kvamli
ოთარ ჭილაძე – წვიმს, მოწყენილი და სველი კვამლი

ოთარ ჭილაძე – "ვიდრე ხარ… ვიდრე გათოვს და გაწვიმს"

September 26, 2014 § Leave a comment

ვიდრე ხარ… ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი _ ერთ ვერცხლად ფასობს.

მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.

არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ… ვიდრე ხედავ და გესმის…
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი _ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.

ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.

Otar Chiladze – Vidre Xar… Vidre Gatovs Da Gawvims

ოთარ ჭილაძე – ვიდრე ხარ… ვიდრე გათოვს და გაწვიმს

ოთარ ჭილაძე – "შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც"

September 26, 2014 § Leave a comment

შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც.
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო.

შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი,
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.

Otar Chiladze – Shena Xar Chemi Jildoc, Sasjelic

ოთარ ჭილაძე – შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც

ოთარ ჭილაძე – "წვიმაც ასეა: მტვრიან ტოტებზე"

September 26, 2014 § Leave a comment

წვიმაც ასეა: მტვრიან ტოტებზე
მაშინ გადირბენს, როცა არ ელი,
და მერე დაგაქვს, როგორც მოტივი,
აჩემებული და საყვარელი.

მაგრამ შენ უკვე ტყუილად ბორგავ,
დამთავრდა ვნება-დარჩა ამბავი….
და სველ აფიშას კითხულობა ქოლგა
და თავისი გზით მიქრის ტრამვაი.

Otar Chiladze – Wvimac Asea: Mtvrian Totebzeოთარ ჭილაძე – წვიმაც ასეა: მტვრიან ტოტებზე

ოთარ ჭილაძე – "ხეებს ფოთლები დასცვივდა ისევ"

September 26, 2014 § Leave a comment

ხეებს ფოთლები დასცვივდა ისევ-
სიბერის შუქით განაზებული-
და ტოტებს შორის გამოჩნდა სივრცე,
აქმდე თითქოს არ არსებული.

მერე კი მთებზე მოთოვა ოდნავ
და დღე ბრმასავით დაიბნა ქარში….
შენც ფრთები უკვე გაშლილი გქონდა
და ვერ მივმხვდარვარ-რატომღა დარჩი.

Otar Chiladze – Xeebs Fotlebi Dascvivda Isev
ოთარ ჭილაძე – ხეებს ფოთლები დასცვივდა ისევ

Where Am I?

You are currently browsing the ოთარ ჭილაძე category at leqsebi.