გიორგი ზანგური – "წანწალით დაღლილი"

September 15, 2014 § Leave a comment

წანწალით დაღლილი ძაღლივით
მოვალ და კარებთან დავწვები,
თვალები მექნება დახრილი,
მზერა კი _ დიდი და ხანგრძლივი.
ბარათით დაღლილი მტრედივით
სარკმელთან სიახლეს მოგიტან,
მერე დაგეხვევი რეტივით
მთვარის უალერსო ლოგინთან.
ოჯახით დაღლილი სახლივით
ხმაამოუღებლად გინატრებ.
წანწალით დაღლილი ძაღლივით
კარებთან მოგიტან სიმართლეს.
ოდესღაც მიყვარდი!

Giorgi Zanguri – Wanwalit Daglili
გიორგი ზანგური – წანწალით დაღლილი

გიორგი ზანგური – აგონია

September 15, 2014 § Leave a comment

დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს,
მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა,
ჩემს ფაშატ ლექსებს ახლადშობილ კვიცივით მივდევ,
დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა.

იმატა თოვამ, ჩემი სულით შევკარი გუნდა,
ჩამადნა ხელში უფლის რწმენა, ციური ზოლი
წარმართი გავხდი და ქალწული ნუშებით უნდა
გავხადო მარტი ჩემი ვნებით აშლილი ცოლი.

ვუყურებ წვიმას, ჩემი ქუჩის მტირალა სახეს,
მე მხოლოდ სუნთქვის შეკავებით ვაჩერებ ღრიალს,
ვჩურჩულებ ჯერარდაბადებულ შვილების სახელს
და ისევ ვიწყებ ნერვიულად ოთახში წრიალს.

წავაწყდი აპრილს, ყვავილებით დამტვერილ ალბომს
ვათვალიერე ხალისები, კოცნები შერწყმა
და გამახსენდა მთვრალი ბაღი, ლოგინი, პალტო
და კიდევ წამი სარკეში რომ ჩახედვის შემრცხვა.

დაღამდა თეთრად, მე უძილო თვალებით ვზივარ
და ჩემი ჩრდილი მაგიდაზე ბოთლივით მიდგას,
ჭიქაში ვისხამ საკუთარ თავს, ძალიან ცივა,
ვამბობ ჯერართქმულ სადღეგრძელოს, მოგონილ სიტყვას
და ისევ ფიქრი, სხვების ნაცვლად ტკივილის განცდა,
ტარება უცხო სიზმრებიდან სხვათა გმირების,
ყველა სურვილი სხეულიდან ღილივით ამწყდა,
უკმაყოფილო სტუმარივით გარბის კვირები.

მტერივით ვებრძვი ჩემს ოთახში გამომშრალ ჰაერს
ვუკაწრავ მუცელს შხამიანი ფრაზების დაშნით,
შურისძიებით გონდაკარგულს მოვგავარ ლაერტს
და სიკვდილივით მე დედოფლის ბაგეზე დავშრი.

მივაწყდი სარკმელს, წავიკითხე ვარსკვლავთა ქვები
გარდაცვლილ მზეთა სასაფლაოს მოჰგავდა ზეცა
და გამითეთრდა ერთ ღამეში შიშისგან თმები
და იმ წამივით კვლავ სარკეში ჩახედვის შემრცხვა.

Giorgi Zanguri – Agonia
გიორგი ზანგური – აგონია

გიორგი ზანგური – ამწყდარი ღილი

September 15, 2014 § Leave a comment

სინაზეგაქცეულ აგვისტოს,
ქალების უხერხულ ღიმილს,
კაბას _ აყვავებულ ატმის რტოს
შეაწყდა საკინძის ღილი.

ვიპოვე და შენი ბაგიდან
უეცრად შეწყვეტილ ლოცვას
შევაბი: “რა გჭირს?” და `”რა გინდა?”
_ მე? შენი უხეში კოცნა.

Giorgi Zanguri – Amwydari Gili
გიორგი ზანგური – ამწყდარი ღილი

გიორგი ზანგური – გაზეთის მტრედი

September 15, 2014 § Leave a comment

იყიდება ჩემი წილი ძილი
უხეირო ერთი ლექსის შექმნად.
გაიფანტა ჩემი სატრფოს მძივი,
თუ იპოვეთ, იქნებ ერთად შეკრათ.
წინასწარ გიხდით მადლობას!
თუ თქვენ აპირებთ დათრობას
ქართული ადათ-წესით,
სასწრაფოდ ყანწი შესვით.
ვცვლი ფერად სიზმრებს
საინტერესო ოცნებაში.
ვამზადებ: თურქებს, არაბებს,
მონღოლებს და სპარსებს ოთხ ენაში:
ქართულში,
ქართულში,
ქართულში,
ქართულში.
ვარ გამოცდილი მეზღაპრე,
შევიძენ ფანტასტიურ ამბებს
დევებზე, ჯადოქრებსა და რაინდებზე.
ვარჩენ იმედგაცრუებას,
ვხსნი დაბღვერილ წარბებს,
ვაყენებ განწყობას სასურველ ამინდებზე.
სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა სიყვარული,
წაბლისფერი თმებით, ლურჯი თვალებით,
ტანთ ეცვა უთვალავფერადი აპრილი,
ის დილით გავიდა სულის ოთახიდან
ოდნავ გულნატკენი და მზერადახრილი.
მადლობას უხდის კოჯრის ტყე ყვავილებს
დროული მოსვლისთვის.
მადლობას უხდიან მერცხლები ინდოეთს
ბულბული მგოსნისთვის.
ბაღები ღრმა მწუხარებით იუწყებიან,
რომ უდროოდ გარდაიცვალა პაემანი _
ორი წყვილის ერთად დაგვიანებით
და შადრევნის უწყლოდ დაზიანებით.
იყიდება ყველაფერი ის,
რასაც ხვდება სხივი ოქროს მზის.
შევისყიდი წელიწადის ყველა დროს,
რომ სიმშვიდემ ვერ დამღალოს ვერასდროს.
დამეკარგა ქარში ქალის თმა,
თქვენთვის მინდა ყველა ამის თქმა.
გაიხედეთ გარეთ! ისევ წვიმს
და წვეთებით სატრფოს ვუკრავ მძივს.
გადაგღალათ პრესამ? გადაკეცეთ ქუდად
ან გუბეში ჩუმად შეაცურეთ ნავი.
დღეს გაზეთის მტრედი გახდა ისე ცუდად,
რომ აპრილის ნიავს ვერ გაართვა თავი
და დაეცა მიწას, ვით ფოთოლი ხმელი,
უფერო, უსულო განცხადების მთქმელი.

Giorgi Zanguri – Gazetis Mtredi
გიორგი ზანგური – გაზეთის მტრედი

გიორგი ზანგური – გოგონა ქაღალდის კაბაში

September 15, 2014 § Leave a comment

უსმენთ ვარდების წითელ ღაღადისს,
ქალწულთა უარს _ კოკრების გაშლას,
თქვენ კაბა გეცვათ თეთრი, ქაღალდის,
ჩემი სტრიქონი რომელზეც გაშრა.

მკერდთან ჩახსნილი ღილები ვრითმე,
სურნელოვანი ბწკარის საყელო
და ყვირილივით სიყვარულს ვითმენ
პოეტი _ უხმო და უსახელო.

ქუდი გეხურათ, ისიც ქაღალდის,
გიშრის ჩანჩქერი მხრებზე გეფინათ,
ტანზე გეწერათ: `მალე დაღამდეს!~,
ვკითხულობდი და ჩამომეძინა.

Giorgi Zanguri – Gogona Qagaldis Kabashi
გიორგი ზანგური – გოგონა ქაღალდის კაბაში

გიორგი ზანგური – ერთი მტკაველი მიწა

September 15, 2014 § Leave a comment

მტკაველზე მარხავდნენ ბავშვები მერცხალს,
ფოთლის სუდარა ტანზე ესვენა,
ეზოში ქალი თეთრეულს რეცხავს,
თვალები მასაც სევდით ევსება.

საფლავზე ეწყოთ ფერადი ქვები
და ჩამომჭკნარი ორი გვირილა,
ბავშვები _ მერცხლის ჭირისუფლები
თამაშ-თამაშში იქცნენ ტირილად.

პატარა გოგომ გაბერა ტუჩი _
მისი ფანჯრის ქვეშ ჰქონია ბუდე.
იწვა ხალისი ფეხსაცმლის ყუთში,
როგორც კუბოში, ყველანი დუმდნენ.

უმღერეს ერთად `ჟუჟუნა წვიმა~ _
მეტი გალობა ჯერ არ იციან,
კაცთან მივიდნენ და უთხრეს ცივად:
_ ჩიტი მოგვიკვდა, ლადო ბიძია!

Giorgi Zanguri – Erti Mtkaveli Miwa
გიორგი ზანგური – ერთი მტკაველი მიწა  

გიორგი ზანგური – ვურჩიოთ რამე?

September 15, 2014 § Leave a comment

ფეხები მიადგი, ლამაზო, ერთმანეთს,
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა კანჭებზე გაკოცებს, ღმერთმანი,
შეგრცხვება, იცოდე, და მე ვერ დაგიცავ.
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ, მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს, თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები, ძვირფასო, რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი _
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი, მაგრამ მე ხომ ვიცი, რაც არის.
ეგ ყელი მაღალი, როგორმე დაფარე,
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ, წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა _
რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო!

Giorgi Zanguri – Vurchiot Rame?
გიორგი ზანგური – ვურჩიოთ რამე?

გიორგი ზანგური – კოსმიური პირამიდა

September 15, 2014 § Leave a comment

მაქვს უცისფრესი ნაღველი, უიშვიათეს ღამიდან,

მყავს ნაგოდები ოცნებით აზრში მოკლული საცოლე
და მე არ ვიცი ამხელა მარტოობაში რა მინდა,
გაჟღენთილია ცრემლებით მთვარენალეწი საწოლი.
გამიწყდა ყველა ფერადი ურთიერთობის ძაფები,
არის მტანჯველი სიჩუმე და მე არსაით მელიან,
საფლავში გამოღვიძებულ კაცივით დავიძაბები,
როცა ოთახში სხეულებს ჩრდილები ემალებიან.
დავიმეგობრე ვარდები _ ჩემი გამხმარი ტრაური,
ყველა სურვილი დამეწვა, ყველა სურვილი ალშია.
სევდის აღლუმზე გაისმის შეძრწუნებული ხმაური,
უკანასკნელი აკორდი ჩემი ნერვების მარშია…
ნისლის ზღვიდან რიფებივით ამოყრილან სოფლები,
სადაფისფერ ღრუბლებშია მზის ბაჯაღლოს მონეტა.
ანგელოზი ემუქრება ზეცას წვიმის მოკრეფით,
გახსენება ამტკივდება გასულ სიმარტოვეთა.
ბამბის თეთრი კლავიშებით გაღიმებულ როიალს
ტუჩებს ძილში დავუკოცნი მკრთალ თითების ბალიშით,
ტვინის ნაოჭ ლაბირინთებს როცა ფიქრი მოიარს,
სურვილები ამიტაცებს შენთან ყოფნის გარეშე.
ჩემი გულის ფეთქვის ხაზი კავკასიის ქედებია
უშგულიდან ჯიხვის რქები როცა მთვარეს ენაცვლება,
ღრუბელს ჭმუჭნის ვიწრო ზეცა მზე რომ გაუმეტებია
შენი კოპის დაბღვერად და ემოციის შენაცრებად.
გადის, გადის უსასრულო წუთის, წამის საუკუნე,
საათბოთ ბაგეებზე უკოცნობა იფარება,
ვარსკვლავების დათვლილ სიას შუაღამეს დავუბრუნებ,
რომ მიყვარდა სიჭაბუკის მოწყვეტილი მიბარება.
ავახლიჩე დედამიწას მელნისფერი ოკეანე
და ნიღაბი დავამზადე _ გამჭვირვალე ტრაგედია,
მერე შენი სიზმარეთი ფეხშიშველმა მოვიარე,
თითქოს ჩემი წარმოდგენის უცნაური მაკეტია,
ავიზვირთე, ავიტალღე, ნაპირები დავარბიე,
ოქროს ქვიშა დაგისველე _ ცხელი მკერდი, პირამიდა,
ატმოსფერო კოსმოსამდე თითის აკვრით გავარღვიე,
ახლა შენი სიახლოვე _ ატმისფერი დილა მინდა.
Giorgi Zanguri – Kosmiuri Piramida
გიორგი ზანგური – კოსმიური პირამიდა

გიორგი ზანგური – ლექსი არაფრის დიდებით

September 15, 2014 § Leave a comment

ფიქრს მინდა გავექცე არაფრის დიდებით
და ყველა მოვლენა მეჩვენოს სულერთი,
ხმაური მიყვარდეს? არაფრისდიდებით!
სიჩუმემ დამღალოს? ხომ არ გასულელდი?!

მე დამღლის მუდმივი გრძნობების გამოცდა,
განწყობა _ ფერი რომ არასდროს ეცვლება,
ტანჯვა, თუ შემთხვევით რაიმე წამომცდა
და დილა, რომლისაც რატომღაც შემრცხვება.

მე დამღლის ვიღაცა მუდმივი ხალისით,
სიცილით, რომელსაც ფინალი არ უჩანს,
ყვავილთა ქორწილის აკრძალვა მაისით,
ამ ლექსში რითმისთვის ნათქვამი ალუჩა.

მე დამღლის სამოსის მოდური შერჩევა,
სარკე _ არსებობის პირადი პასპორტი,
ჩემს მარტოობაში ვიღაცის შემჩნევა
და ის, რომ გავხდი და წელშიაც გავსწორდი.

მე დამღლის თამაში პატარა სცენაზე,
ბავშვურად მე თვითონ ცარცით რომ მოვხაზე,
სათქმელი ტკივილით მომდგარი ენაზე,
ტუჩებით გათხვრილი ამბორი ლოყაზე.

მე შემშლის: ბოდლერი, ლორკა და ედგარ პო,
ბახზე და მოცარტზე ლექსების კონცერტით,
მთვარეს გვირგვინივით ატმების ედგა რტო
და ახლა სიგარეტს _ ქალის თითს მოვწევდი.

Giorgi Zanguri – Leqsi Arafris Didebit
გიორგი ზანგური – ლექსი არაფრის დიდებით

გიორგი ზანგური – სიკვდილთან ეჭვიანობა

September 15, 2014 § Leave a comment

შენ ზეცის თავს ზევით _

მზის გულში თავსდები
და ვარსკვლავავსებულ
ორბიტას გარს უვლი.
მე შენი განცდებით
წამს დავემსგავსები,
ჩემში არარსებულ,
მოგონილ წარსულით.
შენ ღრუბლისეულებს
შეხვდები სანისლეს,
სულებს და სხეულებს 
სითეთრეს აუშლი.
მე დამასნეულებს,
რომ ჩემსას არ ისმენ,
რომ თვალებს ნაწვიმარ
დღესავთი დაუშრი.
შენ მიემგზავრები
ნიავთა ლაშქარით
მოკვდავთა ნატვრების
ვარდისფერ საუფლოს.
მე ისევ ჯიბეში
მაქვს შენი თავშალი
და როცა დავთვრები,
სულ მასთან ვსაუბრობ.
შენ ალისვნებიან
მაგმური აღგზნებით
ნახევარმთვარესთან
ჟინს იკლავ, ისვენებ.
დღეს აივსებიან
მოთმენის ვაზნები
და შენს სამარესთან
მიშველე!
მიშველე!!
მიშველე!!!
Giorgi Zanguri – Sikvdiltan Echvianoba
გიორგი ზანგური – სიკვდილთან ეჭვიანობა  

Where Am I?

You are currently browsing the გიორგი ზანგური category at leqsebi.