გიორგი ზანგური – ჟუჟუნა წვიმა მოვიდა

November 29, 2013 § Leave a comment

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
შენი ცრემლების გემო აქვს
და ჩემს სხეულში დამჭკნარი
ყოჩივარდები შემოაქვს:
გულის კუნჭულში ალაგებს
სიზმარში ნანახ ზმანებებს,
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
მოვიდა თავს არ მანებებს,
შენი ტანივით ირხევა,
იწევა, ცეკვავს ცერებით,
ჭექა-ქუხილში გამოჩდნენ
ჟუჟუნა წვიმის მცველები.

კოკისპირულად დამესხნენ
კოპებშეკრული ღრუბლები,
ახლოს მოვიდნენ შევასკდით
ერთმანეთს ჯიხვის შუბლებით.
თქორია, უბნის ბიჭები,
ფეხით ამტვრევენ გუბეებს
და უკოცნიან ქალწულებს
ვნებით ავსებულ უპეებს.
თქეშით უცვდებათ ქოლგები,
თბილისით შეშლილ პოეტებს,
და უმღერიან ლექსებით
ქუჩებს, ბაღებს და მოედნებს,
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
შენი ცრემლების გემო აქვს
და ჩემს სხეულში დამჭკნარი
ყოჩივარდები შემოაქვს.

giorgi zanguri – jujuna cvima movida

ლაშა-გიორგი – შუბლი შეუკრავთ ამინდებს

November 29, 2013 § Leave a comment

შუბლი შეუკრავთ ამინდებს,
ზამთრის სიცივე კმარა!
მე გეუბნები: დამინდე!
შენ კი მპასუხობ: არა!

დუმილზე გატყობ, მზადა ხარ,
დრამა აქციო ფარსად,
მე გეკითხები: სადა ხარ!
შენ კი მპასუხობ: არსად!

ხეები თრთიან, მხეცები,
ქარი გაედო ძერას,
დაგეძებ ხელის ცეცებით,
შენ კი მარიდებ მზერას.

ერთხელაც წვიმა მოვიდეს,
აავსოს ყველამ სათლები,
გაგივლის ეგ სიჯიუტე
და მერე მოგენატრები.

შუბლი შეუკრავთ ამინდებს,
ზამთრის სიცივე კმარა!
მე გეუბნები: დამინდე!
შენ კი მპასუხობ: არა!

Lasha-Giorgi – Shubli Sheukravt Amindebs

გაგა ნახუცრიშვილი – მოკლე კაბა

November 27, 2013 § Leave a comment

გაზაფხულდა,მოკლე კაბა ჩაიცვი,
სხვა რა გითხრა,შემიყვარდი მოკლედ,
უიმედო არ მინახავს მაისი,
და ნუ მეტყვი: იმედები მოკლეს.

საგიჟეთმა ოცნებები გარეკა,
იფანტება ოცნებების ჟინჟღლი,
შებმული მაქვს შენთვის ლექსის კარეტა,
თან დამყვება გადარევის შიში.

მოკლე კაბით მოდი,რამე მითხარი,
ავარჩიოთ უკაცური კაფე,
გავაღვიძოთ იმედები მიმფრთხალი,
ჩქარა,თორემ წყვეტენ შვების ძაფებს!

კაფეს კართან ჩამომჯდარი პოეტი,
უყურებდა ფანჯრის შიშველ რაფას,
ერთობოდა თავის სიმარტოვეთი…
გაზაფხულდა,გაქრა მოკლე კაბა!

Gaga Naxucrishvili – Mokle Kaba

გალაკტიონ ტაბიძე – ტალღები გლეჯენ ერთიმეორეს

November 27, 2013 § Leave a comment

ტალღები გლეჯენ ერთიმეორეს:
რა გრიგალია, რა ხმაურობა…
ეხლა უშენოდ, ღელვათა შორის
მიდის პოეტის მოგზაურობა.

ნუ გებრალები! ამ ქვეყნად არვისს
მე არ მოველი მოსვლას უშორესს,
როდესაც ესმისთ სიმღერა მგზავრის,
ტალღები გლეჯენ ერთიმეორეს.

ჩემი სიცოცხლე ბრძოლამ დალია,
თუმც მწუხარებით არ ვითალხები,
ჩემი ცხოვრება ქარიშხალია,
ერთიმეორეს გლეჯენ ტალღები.

მაგრამ რომ შემხვდეს შენი თვალები,
როგორც შეფერის თვალთა სისწორეს,
რა აღტაცებით მე და ტალღები
გადვეხვევოდით ერთიმეორეს.

Galaktion Tabidze – Talgebi glejer ertimeores

ლაშა-გიორგი – სიყვარული ღმერთია

November 20, 2013 § Leave a comment

სიყვარული ღმერთია,
და ღმერთია ოდინი,
ახლა ეს გზაც ერთია,
და შენი მოლოდინი.

არაფერი მაშინებს,
არც მრისხანე ვალჰალი,
მხოლოდ გული ქოშინებს,
და ეპოქა ახალი.

ვხედავ მე შენს ორეულს,
დაბოღმილან ვანები,
მაგ სიტურფეს შორეულს,
რადგან ვეთაყვანები.

რადგან ჩემზე გარისხდა,
დედოფალი ფრიგია,
ეშაფოტის არის ხმა,
უკვე ჩემი რიგია.

ვარსკვლავს გაეჯიბრება,
მარგალიტის კოლიე,
დღისით მომიგონიე,
ღამით მომიგონიე.

სიყვარული ღმერთია,
და ღმერთია ოდინი,
ჩვენი გზები ერთია,
მკლავს შენი მოლოდინი.

Lasha-Giorgi – Siyvaruli Gmertia

გალაკტიონ ტაბიძე – კახეთის მთვარე

November 20, 2013 § Leave a comment

ცა ვარსკვლავების ჭიქით
გადაფარული არის, –
აი, ტყეების იქით
მოჩანს ბუნაგი მთვარის.

ჩვენ მივდიოდით მთაში,
ვერხვი ღელავდა კოხტა,
სულ დაგავიწყდა მაშინ,
რაც წინაღამით მოხდა.

გრძნობა, პირველი ტემა…
გრძნობა პირველი დღისით.
მოგონებები ჩემი,
მოგონებები სხვისი.

გრძნობა, ცხოვრება ზღვაა…
გრძნობა, იცვლება მხარე.
მთვარე კახეთში სხვაა,
სხვაა ტფილისში მთვარე.

Galaktion Tabidze – Kaxetis Mtvare

გალაკტიონ ტაბიძე – არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი

November 20, 2013 § Leave a comment

არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი,
როს ეშაფოტზე ადიოდა რობესპიერი.
და მიდიოდა კლდე და ტალღა, მძაფრი და გიჟი,
როცა მსოფლიო ნაღარა-დაფს სცემდა პარიჟი.
როცა ლანდივით გაიშვირა ქიმერამ დინგი
იქით, საითკენ იშლებოდა ხალხის მიტინგი
და ნილოსიდან წამოსული ქამელეონი –
ეპარებოდა მას მძვინვარე ნაპოლეონი.
გაჰქრა. დროს ისე ღიმილით არ ეალუბლება
თავისუფლება, დახვრეტილი თავისუფლება.

galaktion tabidze – arasdros bedi ar yofila ise cbieri

გალაკტიონ ტაბიძე – წელიწადები წავლიან ძველი

November 18, 2013 § Leave a comment

დღეები ბრუნავს, ვით კამათელი
და ყვავილების არის მრავლობა.
ჩემთვის დღესავით არის ნათელი,
რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.

წელიწადები წავლიან ძველნი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაკტიონი.

Galaktion Tabidze – Weliwadebi Wavlian Dzveli

გალაკტიონ ტაბიძე – მეტეხი იდგა რუხი,პიტალო

November 18, 2013 § Leave a comment

ცა – დასავლეთი აღვივებდა ღრუბელთა ღუმელს,
მეტეხი იდგა რუხი, პიტალო.
შემოდგომის დღე მისცემოდა უსაზღვრო დუმილს,
მთაწმინდა – მშვიდი და მოყვითალო.

წიგნის გვერდები ჩამოშლილი და არეული
ინახავს ამ დღეს ჩუმი, ცბიერი.
მასში მარხია მოჩვენება სიზმარეული,
სული შეშლილი და ბედნიერი.

galaktion tabidze – metekhi idga ruxi,pitalo

გალაკტიონ ტაბიძე – მთვარის ჩრდილი ბაღს ეფინა ქარგად

November 17, 2013 § Leave a comment

მთვარის ჩრდილი ბაღს ეფინა ქარგად,
მაშინ, როცა სადღაც ხმაა თარის,
ყველაფერი არის ძლიერ კარგად –
ყველაფერი ძლიერ ცუდათ არის.

ო, დაჩუმდი, მოკაკანე თარო,
ყოველ ქუჩის, ყოველ გზის და შარის.
შენს სიმებში მე მომწყურდა წყარო.
წყარო სჩანს და წყალი არსად არის!

galaktion tabidze – mtvaris chrdili bags efina qargad

Where Am I?

You are currently viewing the archives for November, 2013 at leqsebi.