გრიგოლ ორბელიანი – მუხამბაზი

July 10, 2014 § Leave a comment

ნუ მასმევ ღვინოს, — უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით, —
თვარა მიმუხთლებს და წარმოჰსთქვამს ენა ყოველსა,
ესდენ ხან კრძალვით დაფარულსა ღრმად ჩემსა გულსა:
უიმედოსა შენდა მომართ ჩემს სიყვარულსა,
ტანჯვათა, ოხრვათ, იდუმალად მომდინარ ცრემლსა,
ჩემს შესაბრალისს გაშმაგებას ცნობათ დაფანტვით…
ნუ მასმევ ღვინოს, — უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით!
გულის ურჩისა დასამშვიდად მცირედ გონება
შემრჩომია-ღა და მისიცა გსურს დაბნელება!
მის დასამონად იცი, კმარა შენი შვენება,
ერთი მოხედვა ტრფიალებით, მცირ ყურადღება!
იცი, მარამა თასს კი მაძლევ მღიმარეს სახით,
ნუ მასმევ ღვინოს, — უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით!
რადგან არ იშლი ჩემს საკვდავად შენს სასტიკ სურვილს
და ჯილდოდ ვარდსა მაძლევ ოდეს შევსვამ თასს აღვსილს;
მაგ ვარდის ნაცვლად მასუნე ვარდს, შენთ ღაწვთზე გაშლილს,
და მაშინ გინა სიხარულით შევსვამ თვით სიკვდილს!
რათ მინდა ღვინო, თუ ვერ გეტყვი: გეტრფი მთვრალ ეშხით!
ნუ მასმევ ღვინოს, უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით!
ზოგჯერ მღიმარე გიმზერ ოდეს ეშხით აღვსილი,
მრწამს, რომ ღაწვთ ზედა გარდაგკვრია ნუშის ყვავილი!
მაშინ მას ზედა დაკონების მკლავს მე სურვილი.
მაშ გინდა მომკლა, გეტყვი, თმენის არღა მაქვს ძალი,
ისმინე, ვდნები, ცნობა არ მაქვს, ვგიჟდები ეშხით.
ნუ მასმევ ღვინოს, უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით.

Grigol Orbeliani – Muxambazi

გრიგოლ ორბელიანი – ღამე

July 10, 2014 § Leave a comment

მთოვარე, აშიკთ მოწამე, სიამით ნათელს მოჰფენდა,
ნიავი სუნნელთ ყვავილთგან ჰკრეფდა და ქროლით მოჰბერდა.
ბულბულიც ბუჩქში ფარულად ვარდსა გალობით შეჰსტრფოდა,
და მით გულს ცეცხლი ტრფობისა უმეტეს აღმეგზნებოდა.

ვაზნი ფურცელთა გარდაშლით ჩემზედ კამარას შეჰსდგმიდნენ.
მუნ სული ჩემი და გული ეშხის მახითა დაებნენ…
ნელიად წამთ სვლა, ლოდინი მოუთმენელსა მტანჯვიდნენ,
და ვით ჯადოთი მოზიდულს, თვალნი ერთ მხარეს უმზერდნენ.

ეს რამ იელვა და განქრა? ნუთუ მაცთური ოცნება?
რადა შეირყა ვარდთ ბუჩქი? გული რად ესრედ მიკვდება?
ვიდრე თვალთ ნახეს, სულმან ჰსცნა საყვარლის მოახლოება,
ჯერ თვალთ ძლივ ნახეს და მე კი მასა დაუწყე ბაგება…

ჩვენ ორთა ჰაზრნი, თვით სულნი ერთად შეერთდნენ, შედუღდნენ,
და სიტკბოების ზღვას შინა გრძნობით დამთვრალნი შთაეფლნენ! გულთ ძგერა არღა გვესმოდა, ვერცაღას თვალნი ხედვიდნენ,
უენოდ ქმნილნი, უგონოდ განვედით ამა სოფლით ჩვენ!..

სადა ვიყავით მაშინა, რომელსა სასურველ მხარეს?
ცნობა გვეკარგა წამს, მარა სამოთხე იყო წამი ეს!..
ჰფრინვიდნენ ჟამნი და ჩვენ კი მათ ფრენა არა გვსმენიეს:
ესრედ გონება მარადის ტრფობის ალს აღუხოციეს.

მთოვარე, აშიკთ მოწამე, სიამოვნებით დაგვმზერდა!
ნიავი სუნელთ ყვავილთგან ჰკრებდა და ქროლით მოგვბერდა!
ბულბულიც ბუჩქში ფარულად ვარდსა შეჰყეფდა, შეჰსტრფოდა!
და მით გულს ცეცხლი ტრფობისა უმეტეს აღმეგზნებოდა! –

მაშინ ვჰსცან, ჟამნი სამოთხის რომ ამა სოფელს არიან,
მარამ, ახ, ჟამნი მის ტკბილნი ესრედ მალიად რად ჰრბიან?
გულისა სურვილთ დაცხრომას რომ არ სრულებით გვაცლიან?
ეს არს საწუხარ, რომ ბოლო თვით სიხარულსაც ჰქონიან.

ცისკარმან აღმოსავალით ჟამნი განყრისა გვიჩვენა,
მალიად წარსვლა მის ღამის ვიგრძენით მხოლოდ მაშინა.
დღისა დავჰსწყევლე ნათელი, რომ ურთიერთი გაგვყარნა,
და განშორების ბაგება ტრფობის ბეჭედად შეგვექმნა.

Grigol Orbeliani – Game

გრიგოლ ორბელიანი – თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში

December 30, 2012 § Leave a comment

შენს წმინდა სახეს,
შვენებით სავსეს,
სახიერებით განსხივებულსა,
ვუმზერ კრძალვითა,
თაყვანცემითა,
ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!
მიხარის — გიმზერ,
ვჰსწუხვარ — და გიმზერ,
და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,
არ გამოვფხიზლდე,
რომ აღარ ვჰგრძნობდე
ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..
ყვავილოვანი
წალკოტი შენი,
შენის დიდების სხივ-მოკლებული,
აღარა ჰშვენის,
აღარ გვიბრწყინვის
შავ დროთა ძალით, ფერ წახდენილი!..
და, ვით განვლილსა
სიზმარსა ტკბილსა,
მზეს დიდებულად ჩასვენებულსა,
ვიგონებთ შენს დროს,
გული გვიმაგროს,
სრულად არ წავჰსწყდეთ ცის შემრისხავნი!
ხნით დამაშვრალი,
დაღონებული,
შენადვე, მეფევ, მოველ ვედრებით:
მოხედო ბედკრულს
შენს სატრფოს — მამულს,
და ჯვარითა შენით აკურთხო კვალად.
შენი ივერი
აღსდგეს ძლიერი,
და დადგეს ერად სხვა ერთა შორის,
წმიდით საყდარით,
ენით მდიდარით,
სწავლისა შუქით განათებული!
ზნე ამაღლებით,
ძლევის დიდებით,
სამშობლო მიწის სიყვარულითა! —
და გაგვიცოცხლდეს,
რომ კვლავც მოგვესმეს
სიტყვა ქართული რუსთაველისა.
რომ განვიღვიძნეთ,
სულით განვახლდეთ,
და განქრეს ბნელი უმეცრებისა!..
…მარამ ცად თვალნი
გაქვს მიქცეულნი,
და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა,
დამცირებულსა,
ხმა-მიღებულსა,
ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს!
ეჭვით აღვსილსა,
უსასოდ ქმნილსა,
გულ-უიმედოს, გაუხარებელს!..
ვაჰ თუ რაც წახდეს
ვეღარა აღჰსდგეს,
ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით?
და რაც დაეცა
ის წარიტაცა
შავმან ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი!
ჰე, ცრუ სოფელო,
დაუნდობელო,
შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ?
დიდება ჩვენი,
ცად სხივ-მიმფენი,
ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა?
დაყრუებულსა,
გზა შეუვალსა,
უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს,
სად სახე მეფის,
დიდის თამარის,
სჩანს ძველს კედელზე გამოხატულად!..

Grigol orbeliani – Tamar mefis saxe betaniis eklesiashi

Where Am I?

You are currently browsing the გრიგოლ ორბელიანი category at leqsebi.