ლაშა-გიორგი – აირია ქვეყანა

June 22, 2013 § Leave a comment

აირია ქვეყანა,
და მაგონებს გოდებით,
შავ ზღვაზე რომ ეყარა,
დიდი შავი ლოდები.
დაელია საწუთრო,
სიკეთეს და შენაქებს,
ფენიქსივით შემორჩა,
განდეგილის სენაკებს.
დაესივნენ ყორნები,
არ დახოცილ ნადირებს,
დრო დაეძებს ფორნებით,
გმირებს და ავთანდილებს.

სისხლის ფერი ედება,
მზეს,დიდგულას,ბრდღვიალას,
გული თუ არ ბერდება,
რას დაგვაკლებს ტყვია,რას!
არ უშველის მოსისხარს,
მჯიღი,თითის ტკაცუნი,
რადგან გვერდით მოდიხართ,
მხნენი და ვაჟკაცურნი.
მაინც ფეთქავს ქვეყანა,
და მაგონებს გოდებით,
შავ ზღვაზე რომ ეყარა
დიდი შავი ლოდები!
Lasha-Giorgi – Airia Qveyana

ედუარდ უგულავა – იავნანას ვერ მღერიან ძიძები

June 22, 2013 § Leave a comment

როგორც იქნა შეგიჩვიეს ძიძებმა,
გიამბობენ ზღაპრებს ტკბილი ქართულით.
შენ ღიმილით გიყვარს გამოღვიძება,
ხარ ბავშვი და ცხოვრებასთან არ სტყუი…

ჩემო კარგო, ჯერ არ იცნობ სიყალბეს
და მტირალიც ცისკრის დარად ხმიანობ…
რა თქმა უნდა, გულით უნდა გიყვარდეს
ვინც გაგზარდა, ჩემო ხუჭუჭთმიანო…

მაგრამ მერე, როცა დიდი იქნები,
თქმა არ უნდა, შენც მიხვდები, ღვთისფერო,
იავნანას ვერ მღერიან ძიძები,
იავნანა დედამ უნდა იმღეროს!..

eduard ugulava – iavnanas ver mgerian dzidzebi

ლაშა-გიორგი – ზაფხულის ცხელი საღამო

June 22, 2013 § Leave a comment

ზაფხულის ცხელი საღამო,
შორს,მეტყევეთა კარვები,
არის ჰაერში ზურმუხტი,
ალმასები და ქარვები.

მოგელავს მღვრიე არაგვი,
უძღვის ბებერი შამანი,
მცხეთას-აუხსნელ ქარაგმით
ვარდი და იასამანი,

უძღვნიან სურნელს-უსტარით,
და მზე – სინათლის ვაჭარი,
და მე – მორიგი მუშტარი,
მზეში – სიცოცხლის მაჭარი.


შენამდე ბეწვის ხიდია,
და ქვეშ – მღელვარე არაგვი,
ცაზე წერონი მიდიან,
ღამის მოიწევს სარანგი.

თბილისისაკენ ავტოებს,
მოსდევს ქართლური ალერსი,
და ავლაბარში დამტოვეს,
ყაყაჩოთაგან ნალესი.

და მე – სიცოცხლის მუშტარი,
შენ – პაემანის ვაჭარი,
კარში – რაყიფის უსტარი,
ძარღვში – ქართული მაჭარი!

lasha-giorgi-zafxulis cxeli sagamo

ტიციან ტაბიძე – მაშ გამარჯვება

June 22, 2013 § Leave a comment

თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე
და დავუჩოქებ მიწას მუხლებით.
– მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.

ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს,
ვინ მისცა ფერი არაგვის ველებს,
სანამდე უნდა, რომ მზეთ ედინოს
გავარვარებულ ოქროს თაველებს!

სხვა რომ მოკვდება, მისთვის რა არი:
წავა, გაქრება, როგორც სიზმარი,
მე კი რა ვუყო ამ გოლიათ მთებს,
რომ ქონდრის კაცსაც დევად აგანთებს.

ნეტა, სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო,
ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი.
სჯობს აღარ გქონდეს სულაც სამშობლო,
ანდა არ იყოს ასე ლამაზი!

– სხვა საქართველო მაინც სად არი?
რომელი კუთხე, რომელ ქვეყნისა?
ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი,
ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა?

დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა,
და საქართველოს მედგას უღელი:
– მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი!.

Tician Tabidze – Mash Gamarjveba

ანა კალანდაძე – სასაფლაოზე ქარი დაძრწის

June 22, 2013 § Leave a comment

სასაფლაოზე ქარი დაძრწის სავსე კაეშნით…
დუმს სასაფლაო ქვის ძეგლებით,
ვით ძველი ქალდუ…
სასაფლაოზე ქარი დაძრწის და აკლდამებში
დაეძებს სადგურს…
ყვავნი სამრეკლოს გარს უვლიან
და თვალთა კრთომით
დაეძებენ მყუდრო სავანეს
და ტირის თოვლი
ობოლთ სამარეს…
დუმს სასაფლაო სევდიანი, ვით ძველი ქალდუ,
გულში ინახავს კაეშანს ფარულს…
კითხულობს მთვარე
ქვის ძეგლებით უძველეს ქართულს-
ნუსხურს და მთავრულს
სასაფლაოზე ქარი დაძრწის და აკლდამებში
დაეძებს სადგურს….

Ana Kalandadze – Sasaflaoze Qari Dadzrwis

მორის ფოცხიშვილი – ქარი

June 22, 2013 § Leave a comment

მართლა მეძახდი, თუ უცებ დაგცდა
ჩემი სახელი, ქარო?
შენ ჯერ ბავშვი ხარ
და მეშინია,
არ შემიყვარო, ქარო.
მე მეშინია, არ მოიხიბლო
ამ დამსხვრეული ფრთებით,
ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით,
ღელვით, წუხილით, გზნებით…
წადი, იქროლე,
ძლიერ ბევრია,
ვინც ჩემზე უკეთ გალობს,
რა ვიცი, გზა ხომ არ აგერია,
ო, აქ რა გინდა ქარო?!
სხვაგან ძლიერი შუქიც უნთიათ,
სახლიც დიდი აქვთ, ხაროც…
ცხოვრება მათთვის
საპნის ბუშტია,
შენ თუ დაჰბერავ, ქარო.
მე კი უხედნელ, ველურ რაშებით
ვღელავ, ვინთები, ვჩქარობ,
სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები,
არ შემიყვარო, ქარო… !

Moris Focxishvili – Qari

ოთარ ჭილაძე – სიყვარული

June 21, 2013 § Leave a comment

ზამთარმა ცივმა და შემპარავმა,
მომისია კვლავ თეთრი ფიფქები
და კვლავ მიყვარხარ, თუმცა არა ვარ
და კვლავ მიყვარხარ, თუმცა არა ვარ
ის, რაც ვიყავი ანდა ვიქნები

და იქნებ ჯობდეს, გაიხსნას ფრჩხილი,
გველმა და ენამ აიძროს ლუქი,
ბოლო უჯრამდე შეივსოს ცხრილი,
ბოლო კუნჭულსაც მიადგეს შუქი.

იქნებ გვჭირდება მესამე კაცი,
მსაჯულისა თუ მკურნალის მსგავსი,
ამ მტანჯველ გრძნობას რომ დასდოს ღვაწლი
და მისცეს სახეც, სახელიც… ფასიც.

იქნებ ფერფლია და არა ღველფი?
იქნებ ლოდია და არა სვეტი?
იქნებ მსხვერპლია და არა კერპი?
ბედისწერაა და არა ბედი!

არ გამოჩნდებაიგი გარედან,
მაგრამ არსებობს, უტყვი და ურჩი,
როგორც ფორმულა ან მარგალიტი
გამომწყვდეული ცეცხლგამძლე ყუთში.

განწირულია ის გრძნობა ვიცი,
მუცლიდან დაჰყვა გიჟის ხალათი,
მისთვის უცხოა ვალი და ფიცი,
რადგან არ იცის რაა ღალატი,

ჩვეულებრივი ტანჯვით და ვნებით,
ვერ იბოგინებს ამ ქვეყნად იგი,
რადგან მთრთოლვარე და ვრცელი ფრთები
აპატარავებს ყველაფერს ირგვლივ.

მაინც ისაა გზაც და ჭაპანიც
და გვერდით მიწევს მეძვის ტოტივით,
სანამ მახურავს ცხელი საბანი
გაურკვევლობის და მოლოდინის.

Otar Chiladze – Siyvaruli

პაოლო იაშვილი – ვალერიან გაფრინდაშვილს

June 21, 2013 § Leave a comment

როდესაც გძინავს დამძიმებულ წვიმიან დღეში,
შენ თმებს გივარცხნის ოფელია სუსტი თითებით.
იმას გედები ჩააბარეს თეთრ სამოთხეში
და გულსაფარი მოუქარგეს მარგალიტებით.

გაახელ თვალებს, მორცხვად იტყვი: ახ, უკაცრავად,
ჩამოხსნი ფრთხილად თეთრ ნაბადს და დერიდახოლებს,
და თუ დაჰკოცნი იმის თითებს დაუკაწრავად,
ათ კოცნას თვალი ათ მარგალიტს გადააყოლებს.

ქვეშევრდომ პოეტს ენა მეტად დაგებორკება,
აწვდი საყურეს თავდახრილი და უხერხული.
მან დაგავალა შენ მესტების ფეხზე მორგება
და ემზადება, რომ გამართოს ცაში ფერხული.

სურს ოფელიას პირველობა და ძვირფასობა,
ქალწულ სურვილებს გაგიმჟღავნებს და დაგენდობა,
და თუ მხოლოდ შენ გეკუთვნებოდა ეს დარბაზობა,
აღარ სჭირდება ოფელიას ცოდვის შენდობა.

და ეს შეხვედრა კიდევ ბევრჯერ რომ გამეორდეს,
რომ მის მადლობით ამაყობდეს პოეტის მკერდი,
შემოგთავაზებს ოფელია საკუთარ ორდენს,
რომ იყო მისი კავალერი შენ ერთად-ერთი..

Pavlo Iashvili – Valerian Gafrindashvili

მურმან ლებანიძე – დიან დღეები

June 21, 2013 § Leave a comment

დიან დღეები,
ღამეებიც ესრეთვე მწყობრად –
მწუხრის ზეწარი
ყოველივეს გადაჰფენია…
„ყოფნა – არყოფნა?!“ –
ამჯობინეს პასუხად „ყოფნა!“
მაგრამ ეგ „ყოფნაც“,
მე თუ მკითხავ, – არაფერია!

ვგდებულვარ როსმე
თვალშეუდგამ ღამეში ობლად,
თავს ლეგიონი
სიკვდილების გადამფრენია…
„ყოფნა – არყოფნა?!“ –
ხვეწნით მითქვამს პასუხად „ყოფნა!“
მაგრამ ეგ „ყოფნაც“,
ღმერთი-რჯული, – არაფერია!

სიკვდილი – წუთში!
ნუ ჩამითვლი შენ ამას ჯობნად –
სხვა ნაპირისკენ
გზა ვარდისფრად დანაფერია…
„ყოფნა – არყოფნა?!“ –
ვამჯობინე პასუხად „ყოფნა!“
მაგრამ ეგ „ყოფნაც“,
ოჰ, ეგ „ყოფნაც“ არაფერია!

Murman Lebanidze – Dian Dgeebi

ვახუშტი კოტეტიშვილი – თქვენ და მე

June 21, 2013 § Leave a comment

თქვენ _ ყველაფერი,
მე _ ფერი ყველა.
დამექცეს ჭერი,
თუ გთხოვოთ შველა.

თქვენ _ ქვეყნის ოქრო
და შარა ვრცელი,
მე _ ოკრობოკრო
ბილიკი ძნელი.

მამრი თუ მდედრი _
ნუ მყვედრით ყველა,
მე _ ჩემი ხვედრი _
შვლის ნუკრის შველა…

მე ამ წესს ვიცავ
ღამეც და დღეცა,
რომ ჩემი მიწა
ვაქციო ზეცად.

Vaxushti Kotetishvili – Tqven Da Me

Where Am I?

You are currently viewing the archives for June, 2013 at leqsebi.